რა მდგომარეობაა სამცხე-ჯავახეთში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით; რა სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება გლეხებისა და ფერმერების დახმარების მიზნით და რაში ხედავენ გამოსავალს ის ორგანიზაციები, რომლებიც რეგიონში ამ მიმართულებით მუშაობენ.
ბოლო პერიოდის პრიორიტეტი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბოლო დროს, გამოსვლებს სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე საუბრით იწყებს. 12 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წლიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსება 150 მილიონი ლარით იზრდება და ინფლაციის პრევენციის მიმართულებით სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პრეზიდენტმა სასაწყობე მეურნეობებისა და ლოჯისტიკური ცენტრების ამოქმედებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ლოჯისტიკური ცენტრები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანსპორტირებას სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ფერმერსა და ექსპორტიორს შორის ინფორმაციის გაცვლის მიმართულებითაც.
გაუმართავი სარწყავი არხები
ბოლო გამოსვლისას, პრეზიდენტმა სარწყავი არხების არარსებობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემა სარწყავი წვეთოვნების დადგმით უნდა მოგვარდეს. აღნიშნული პრობლემა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას წლებია აწუხებს.
სამცხე-ჯავახეთში სახნავ-სათესი ფართობი 396 ათას ჰექტარით განისაზღვრება. აქედან 77 636 ჰექტარი სახნავი ტერიტორიაა, ხოლო 3008 ჰექტარზე მრავალწლიანი ნარგავებია გაშენებული. გასულ წელს დასამუშავებელი სახნავ-სათესი ფართობის 59,6 პროცენტი, ანუ 46 271 ჰექტარი დარჩა. გაუმართავი სარწყავი არხები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც გლეხების ნაწილი მიწებს აღარ ამუშავებს.
ამდენად, პრეზიდენტის ინიციატივას დროულს უწოდებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია “იადის” წარმომადგენელი გოგა კობალაძე. მესამე წელია, ორგანიზაცია რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით მუშაობს.
“ქართული მიწის ბიოქიმიური შემადგენლობა ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე ახლომდებარე ნებისმიერი ქვეყნის მიწების, თუმცა იმის გამო, რომ რეგიონში არ არის სარწყავი არხები, მოსავალი არ მოდის. ამიტომაა მნიშვნელოვანი სარწყავი სისტემის მოწესრიგება, - ამბობს იგი და ამატებს, რომ სარწყავი წვეთოვნების დადგმა მოსავლიანობას ერთი-ორად გაზრდის: მაგალითად, წვეთოვანი მორწყვის მეშვეობით შესაძლებელია მივიღოთ 80 ტონა ბოსტნეული, როცა ჩვეულებრივ შემთხვევაში ვღებულობთ 20-25 ტონას, იგივე ითქმის კარტოფილზეც”.
რეგიონში დარგის განვითარების შესაძლებლობები
გოგა კობალაძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს რეგიონში გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებას: “რამდენიმე წლის წინ რძის გადამამუშავებელი პუნქტები გაკეთდა, მაგრამ, საწარმოები არ მუშაობს, რადგან რძე არ არის. ცალ-ცალკე ამ პროცესების განხილვა არ შეიძლება, ამ დარგში ყველაფერი პარალელურად უნდა განვითარდეს”.
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია “იადის” პრეზიდენტის, სპეციალობით ვეტერინარის ამირან კოჩალიძის თქმით, რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას ბევრი ფაქტორი უშლის ხელს. მუშაობის დაწყებამდე ორგანიზაციამ რეგიონში კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად, ძირითადი პრობლემა კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა, ვეტერინარიის, როგორც დარგის განუვითარებლობა, პირუტყვის ჯიშობრივი მდგომარეობის დაბალი პროდუქტიულობა და ასევე, გადამამუშავებელი საწარმოების არარსებობაა. ორგანიზაცია ფერმერებს ურჩევს აქცენტი გააკეთონ პროდუქტიულობის გაზრდასა და პირუტყვის ინტენსიურ გამრავლებაზე.
“იადის” პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის განადგურების მთავარ მიზეზად დარგში სხვადასხვა სექტორების გაუქმებას ასახელებს.
“ადრე რეგიონებში არსებობდა მეურნეობები, სამმართველოები, კოლმეურნეობები; იყო ზედამხედველობა, მონიტორინგი, სახელმწიფო არეგულირებდა ვეტერინალურ ღონისძიებებს. დღეს კი ფერმერი დარჩა მარტო, უცოდინარი, მას არ აქვს შესაბამისი განათლება არც მემცენარეობაში და არც მეცხოველეობაში, - ამბობს იგი და ამატებს, რომ რეგიონებში ვეტერინარული უბნები უნდა აღდგეს, - ვეტერინარული სექტორი განადგურებულია, ვეტერინარის საშუალო ასაკი 52 წელია, რაც კატასტროფის მაჩვენებელია. გასულ წელს ვეტერინარიის ფაკულტეტზე მხოლოდ 10-მა სტუდენტმა ჩააბარა”.
“მერსი ქორფსის” პრიორიტეტები
კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა ორიენტირებული, “მერსი ქორფსია”. აღნიშნული ორგანიზაცია ცხრა წელზე მეტია სოფლის თემების პოტენციალის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ამჟამად იგი ახორციელებს “ალიანსის” პროგრამას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში - ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში. პროექტის განხორციელება 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. ალიანსი ორიენტირებულია რძისა და ხორცის ქვე-სექტორების გაუმჯობესებაზე.
“ჩვენი მიზანია არსებობდეს ძლიერი ღირებულებათა ჯაჭვი ზემო ხსენებულ სექტორებში; ჩვენი სამიზნე ჯგუფებია მომსახურების, საინფორმაციო-საკონსულტაციო და ინფორმაციის მომწოდებლები, ასევე რძისა და ხორცის გადამამუშავებლები და არა უშუალოდ ფერმერები. ვცდილობთ მათი ხელშეწყობით, დავეხმაროთ ამა თუ იმ საწარმოს ან მომსახურების განვითარებას და გაძლიერებას, ისე რომ საბოლოო სარგებელი მაინც ფერმერებზე აისახოს - ვინაიდან მათ უკეთესი ხელმისაწვდომობა უჩნდებათ სხვა და სხვა სასოფლო სამეურნეო მომსახურებებზე, ინფორმაციასთან და ბაზართან”, - ამბობს გენდერისა და მონიტორინგის კოორდინატორი ნინო ლომიძე.
ვიდრე პროექტი დაიწყებოდა, “მერსი ქორფსმა”, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კვლევა ჩაატარა. ნინო ლომიძის თქმით, ძირითადად პრობლემები მეცხოველეობის სექტორში გამოვლინდა: “წინასწარი მოსამზადებელი ფაზა 6 თვე გვქონდა, რომლის ფარგლებშიც ჩავატარეთ საბაზისო კვლევა, რის შედეგადაც მოხდა ჩვენი საქმიანობის და სტრატეგიის განსაზღვრა. გამოვლენილი პრობლემების შედეგად ჩამოვაყალიბეთ ძირითადი მიმართულებები, რაზეც უნდა გვემუშავა”.
სურსათის უვნებლობა და ჰიგიენა, პირუტყვის კვება და ჯიშობრივი გაუმჯობესება, ხელმისაწვდომობა ბაზართან და გამძლეობა კატასტროფების მიმართ, - ის ხუთი ძირითადი მიმართულებაა, რაზედაც აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს.
“კვლევის დროს მრავალი პრობლემა გამოვლინდა. მათ შორის, სილოსის ან კონცენტრირებული საკვების დამზადება, ნაკლები ხელმისაწვდომობა რძისა და ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებთან, დაბალი გენეტიკური პოტენციალის მქონე პირუტყვი, - ამბობს ნინო ლომიძე და აგრძელებს, რომ პრობლემის გადაჭრა ნაწილობრივ უკვე შესაძლებელია. ფერმერებს, ვისაც სურთ, რომ გააუმჯობესონ პირუტყვი ხელოვნური განაყოფიერების გზით, უნდა მიაკითხონ “კავკასიის გენეტიკის” “აბკოს” ადგილობრივ წარმომადგენელს რეგიონში. “კავკასიის გენეტიკა” საქართველოში წამყვანი კომპანიაა, რომელიც კომერციული გზით უზრუნველყოფს ხელოვნური განაყოფიერების მომსახურებას. ამ ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობა ხელოვნური განაყოფიერების რამოდენიმე სპეციალისტს აერთიანებს, რომლებიც სხვა და სხვა სოფლებში მუშაობენ, - ფერმერებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ, თუმცა მათი მომსახურება ფასიანია”.
გარდა ამისა, ალიანსი იმ პირებს, რომლებიც რძისა და ხორცის სექტორში მუშაობენ, დახმარებას სთავაზობს ამა თუ იმ მომსახურების განსავითარებლად.
“მომსახურების, წარმოების საშუალებების და ინფორმაციის მომწოდებლებს და ასევე გადამამუშავებელ საწარმოებს, რომლებიც რძისა და ხორცის სექტორში მუშაობენ, შეუძლიათ “მერსი ქორფსის” ახალციხის ოფისში ბიზნეს იდეები წარადგინონ. საინვესტიციო კომიტეტი განიხილავს მათ და თუ საქმიანობა ჩვენი პროგრამის მიზნებს და კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, უკვე ხდება უშუალოდ “კლიენტთან” მოლაპარაკება ამ ბიზნეს იდეის დაფინანსების შესახებ”, - ამბობს ლომიძე და ამატებს, რომ დაფინანსებისას კლიენტის მხრიდან თანამონაწილეობა 35 პროცენტი უნდა იყოს.
ხარისხიანი სათესლე მასალა
მეოთხე წელია რეგიონში სასოფლო-საკონსულტაციო სამსახური ფუნქციონირებს. თავდაპირველად ორგანიზაცია ფერმერებს მხოლოდ კონსულტაციას სთავაზობდა.
“ფერმერებს და გლეხებს ვურჩევთ, რომელია ყველაზე კარგი სათესლე მასალა, როგორ უნდა მოუარონ მცენარეებს, რა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა გამოიყენონ და ასე შემდეგ. თავიდან მხოლოდ ამ საქმით ვიყავით დაკავებული, მერე გაჩნდა იდეა, რომ გაგვეხსნა აგრო მაღაზია და ის, რასაც ფერმერებს ვთავაზობდით, ჩვენ თვითონვე გვქონოდა”, - ამბობს სასოფლო- საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე.
იმისთვის, რომ რეგიონში არსებული პრობლემები გამოეკვეთა, ორგანიზაციამ სოფლებში კვლევები ჩაატარა. ამის შედეგად გაირკვა, რომ ფერმერებს პრობლემა აქვთ სათესლე მასალების ხარისხის კუთხით.
“გლეხების ნაწილმა არ იცის რომელია კარგი და ცუდი თესლი. არის კიდევ ერთი პრობლემა, კარგი სათესლე მასალა ძვირი ღირს და არ ყიდულობენ. თუმცა, როცა დაუთვლი და აუხსნი, რომ ხარისხიანი პროდუქტი მაღალმოსავლიანია და მისი გაყიდვა შემდგომში მოგებას მოუტანს, მაშინ იჯერებენ”, - განმარტავს ჯინჭველაძე.
მისივე თქმით, ფერმერებს პრობლემა ტექნიკის მხრივაც აქვთ, რადგან ახალშემოსულ ტექნიკას ძნელად ითვისებენ: “შემოდის ახალი სათესლე ჯიშები, ახალი ტექნიკა და თუ ჩვენ ამ ტექნოლოგიებს არ ავუბით მხარი, რეგიონში სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება”.
საწარმოები 10-15 წლის წინ
სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველაფერი 10-15 წლის წინ განადგურდა. მანამდე რეგიონში არაერთი საწარმო არსებობდა. მათ შორის, ყველ-კარაქის ქარხანა და გადამამუშავებელი საწარმოები. ახალქალაქში შვეიცარიული ყველიც კი მუშავდებოდა და იმდენად მაღალხარისხიან პროდუქციას აწარმოებდნენ, რომ საზღვარგარეთაც გადიოდა. რეგიონში არსებობდა მატყლის გადამამუშავებელი ქარხანაც.
მას შემდეგ რეგიონში არაფერი გახსნილა. მართალია გასულ წელს რამდენიმე რძის შემგროვებელი და გადამამუშავებელი პუნქტი გაიხსნა, მაგრამ რეალურად არცერთი არ მუშაობს.
ძირითადი კულტურები
“დიდი ხნის წინ ჩატარდა კვლევები და ძალიან იშვიათია, კულტურა, რომელიც ჩვენს მიწებზე არ მოდის. აქ ძირითადად ორი ტიპის, შავმიწა და ტყის ყავისფერი ნიადაგებია და ამ უნიკალურ მიწებზე ყველაფრის მიღებაა შესაძლებელი”, - ამბობს გოგა კობალაძე.
გურამ ჯინჭველაძის თქმით, რეგიონში ყველაზე მეტად კარტოფილი და ბოსტნეული მოჰყავთ: “თუმცა ამ კულტურებს ყველა სოფელში იმ რაოდენობით არ თესავენ, რომ შემდეგ გაყიდონ. მაგალითად, პომიდორი და კიტრი ასპინძის რაიონის ზოგიერთ სოფელში წამყვანი კულტურებია, ეს იმიტომ, რომ ის კონკრეტული სოფლები რეალიზაციაზეა ორიენტირებული. რაც შეეხება ხილს, რეგიონში ძალიან ბევრმა ხეხილის მოყვანაზე უარი თქვა”.
სახელმწიფო პროგრამები
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონს 27 ტრაქტორი, 15 გუთანი, 10 სათიბელა, 10 ფრეზი, 2 კულტივატორი, 2 გამაფხვიერებელი და 5 მისაბმელი გადასცა. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ექვსივე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდა. თუმცა, გლეხები ამბობენ, რომ ტექნიკის ქირაობა ძვირია და ამიტომ, მიწას ისევ ხარებით ამუშავებენ.
“ამხანაგობისგან ტრაქტორის ქირაობა ძვირია. მეზობლისგან რომ ვიქირაო, ერთ ლარსაც არ ვიხდი ერთი მეასედის მოხვნაში. პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორით მიწის დამუშავებისას კი ერთ მეასედზე 1 ლარსა და 60 თეთრს ვიხდით. გარდა ამისა, ტრაქტორი ხან არ მოდის, ხან რამდენიმე დღით იგვიანებს”, - გვითხრა ლენა მიგრიაულმა. (“ს.კ”, აგვისტო, 2010წ)
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, “სოფლის მეურნეობის კორპორაციამ” გასულ წელს სიმინდის წარმეობის ხელშემწყობი პროგრამაც დაიწყო. პროგრამა გლეხებისთვის ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალის დარიგებას
ითვალისწინებს. თუმცა, სამცხე-ჯავახეთში ამ ეტაპზე ვერც ამ პროგრამამ გაამართლა. დღევანდელი
მონაცემებით, ჰიბრიდულ სიმინდზე ნაკლები მოთხოვნაა.
გლეხების თქმით, გამოსავალი საწვავის გაიაფება, ტექნიკის ხელმისაწვდომობა,
სარწყავი სისტემების მოწესრიგება, ხარისხიანი სათესლე მასალების დაბალი ღირებულება
და შხამ-ქიმიკატებით დახმარებაა. გარდა ამისა, იმისთვის, რომ გლეხების მოტივაცია გაიზარდოს,
პროდუქციის რეალიზაცია უნდა გაუმჯობესდეს.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი