თითქმის ერთი წელიწადია, რაც მაყურებელს თბილისში, ავლაბარში მდებარე პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის წარმოდგენებზე დასწრება არ შეუძლია, რისი მიზეზიც თეატრის შენობის ავარიული მდგომარეობაა.
მიმდინარე წელს პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხურ დრამატულ თეატრს 155 წელი შეუსრულდება. შენობაზე სხვადასხვა პიესის აფიშებია გამოკრული, თუმცა, თბილისელ მაყურებელს თეატრი დახურული კარით ეგებება.
“შენობის მდგომარეობა გაცილებით უარესად ყოფილა, ვიდრე აქ მუშაობისას წარმოგვედგინა. გვკითხეს, ნუთუ არ გვეშინოდა სასამართლოში მოხვედრის და გვირჩიეს, სეისმოლოგიური ცენტრისთვის მიგვემართა, რათა ისინი მოსულიყვნენ და აქ მუშაობის ნებართვა მოეცათ. სეისმოლოგებმა გვითხრეს, რომ შენობის ორი – მარცხენა და უკანა კედელი, სცენის მხარე, საშინელ მდგომარეობაშია და აქ მუშაობა არ შეიძლება”, - ამბობს თეატრის დირექტორი ფელიქს ხაჩატრიანი.
წელიწადია, რაც
კოლექტივი გაურკვევლობაშია.
“პრეზიდენტი რემონტის გაკეთებას დაგვპირდა. ზაფხულში თბილისში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნალბანდიანი იყო ჩამოსული და პრეზიდენტს ჰკითხა, რატომ იყო სომხური თეატრი ასეთ მძიმე მდგომარეობაში. საქართველოს პრეზიდენტმა ამ თემაზე არაფერი იცოდა. მან კულტურის მინისტრს დაურეკა და ჰკითხა, რატომ არ არემონტებენ, სამინისტრო კი ჩვენ დაგვიკავშირდა. თუმცა ჩვენ მანამდეც არაერთხელ მივმართეთ როგორც სომხეთის, ისე ჩვენს სამინისტროს და ვაცნობეთ, რომ სიტუაცია ასეთია და რემონტისთვის საკმარისი ფინანსები არ გაგვაჩნია”, - გვიამბობს თეატრის დირექტორი.
რემონტის პროექტი არსებობს და პრეზიდენტის აპარატშიცაა წარდგენილი.
თეატრის შენობის ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, გუნდი ყოველდღე მუშაობს. თეატრში დაახლოებით 100 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ გასტროლებისთვის მცირე ჯგუფი ემზადება, რადგან საგასტროლოდ სიარული მათ მხოლოდ ერთი ავტომანქანით შეუძლიათ.
შემოქმედებითი პროცესი თეატრის იმ ნაწილში მიმდინარეობს, სადაც მუშაობა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჯგუფი გასტროლებს, ძირითადად, ქვეყნის რეგიონებში მართავს. წელს მსახიობებმა წარმოდგენები ახალციხის, ახალქალაქის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამართეს.
თეატრს პრობლემები შენობის ასეთ, ნგრევისპირა მდგომარეობამდე მისვლამდეც ქონდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გათბობა იყო, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა. თუმცა მსახიობებს ვერც სიცივე და სხვა დაბრკოლებები აფერხებს.
“როდესაც შემოქმედებით პროცესში ეფლობი, უხერხულობები თითქოს აღარც გახსოვს. ჩვენი პრობლემების ჩამოთვლასაც კი ბევრი დრო დასჭირდება”, - ამბობს თეატრის მსახიობი დავიდ ბარსეგიანი.
სამწუხაროა, რომ
მსახიობთა ამ ენთუზიაზმით მაყურებელი ვერ ტკბება. ბოლო წლებში თეატრის კიდევ ერთი პრობლემა მაყურებლის პასიურობაცაა. თუმცა ფელიქს ხაჩატრიანის თქმით, ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოს სომხურ თეატრს, არამედ პოსტ-საბჭოთა ქვეყნების თითქმის ყველა თეატრს აქვს. თეატრები ცდილობენ, უმთავრესად კომედიური პიესები აჩვენონ, რაც დღევანდელი მაყურებლის განწყობასთან უფრო ახლოსაა.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი