შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში |
1 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, პროექტის ფარგლებში “ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნა საქართველოში”, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სოციალური პროექტების შერჩევა ჯავახეთის დამხმარე ზონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე, პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ლაშა ჭკადუა, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პროექტის განმახორციელებელი რგოლის დირექტორი ნიკოლოზ მალაზონია და ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“პროგრამა ეფუძნება იმ პრობლემებს, რომელიც გამოვლინდა ადგილობრივი მოსახლეობისგან. მისი მიზანია მაქსიმალურად გააუმჯობესოს მათი ყოფა და შექმნას ალტერნატიული შემოსავლის წყაროები”, - განაცხადა ნიკოლოზ მალაზონიამ.
გიორგი შონვაძის განცხადებით, ჯავახეთის ეროვნული პარკის პროექტი აქტიურ ფაზაში 2011 წლის მეორე ნახევრიდან შევა: “ეროვნული პარკის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ფართობი 15 ათასი ჰექტარია, რამდენიმე თვეში დაიწყება. აქ წარმოდგენილია უნიკალური ბუნება თავისი ბიომრავალფეროვნებით, რაც უნდა დავიცვათ, გავუწიოთ მონიტორინგი და განვავითაროთ ეკოტურიზმი”.
მისივე თქმით, ტერიტორია, სადაც
ეროვნული პარკის მშენებლობაა დაგეგმილი, თურქეთსა და სომხეთს ესაზღვრება და მოიცავს,
როგორც ხმელეთს, ასევე რამდენიმე ტბას. მათ შორისაა საქართველოში სიდიდით მეოთხე ტბა
ხანჩალი, რომელიც დაშრობის პირასაა.
ნიკოლოზ მალაზონიას თქმით, ხანჩალის ტბის საკითხზე ექსპერტებმა მუშაობა უკვე დაამთავრეს და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მიღებულია: “იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ახლა გვაქვს, საუკეთესო რეკომენდაცია არის ის, რომ ტბა დავტოვოთ ისე, როგორც არის. ის ნაწილი, რომელიც თავის დროზე დააშრეს, უკვე გაცემულია კერძო საკუთრებაში და სამწუხაროდ მათი უკან დაბრუნება შეუძლებელია”.
პროექტის თანახმად, “ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის ფარგლებში” 400 000 ევრო ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაიხარჯება.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი