ქართულ-სომხური თანამშრომლობა


ერევანში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაშვილის სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას, სომხეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ``სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ``.

18-19 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაშვილი სომხეთს ეწვია და სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანთან ოფიციალური შეხვედრები გამართა. ვიზიტის განმავლობაში, ნიკოლაიშვილმა და მასპინძლებმა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე და დაგეგმილი გლობალური ინფრასტრუქტული პროექტების შესახებ ისაუბრეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურების მნიშვნელობას.

რამაზ ნიკოლაიშვილის ერევანში ვიზიტის მთავარი მიზანი სომხეთის ტრანპორტისა და კავშირის მინისტრ მანუკ ვარდანიანთან ერთად იმ დოკუმენტზე ხელის მოწერა იყო, რომლის თანახმადაც ქართული საგზაო კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის გზების მშენებლობაში. მემორანდუმის თანახმად, ქართული ორგანიზაციები სომხეთში და პირიქით, სომხური ორგანიზაციები საქართველოში გზების მშენებლობის კონკურსებში მონაწილეობას შეძლებენ.

დონორი ორგანიზაციები სომხეთის გზების მშენებლობაში დიდი თანხების ჩადებას აპირებენ. საქართველოს კი, როგორც დონორებთან ურთიერთობაში, ისე გზების მშენებლობის სფეროში, დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი, ამიტომაც ქვეყნებმა ამ საკითხში თანამშრომლობის დაწყება გადაწყვიტეს.

ორმხრივი ხელშეკრულების შედეგად, ერევანი ამიერიდან ონლაინ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას რუსეთისა და საქართველოს საზღვრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ``ზემო ლარსზე`` არსებული სიტუაციის შესახებ, რათა სატვირთო გადაზიდვები უკეთესად აწარმოოს. სომხეთი ამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს აქტიურ სატრანზიტო ობიექტად იყენებს და მისი გავლით ტვირთების საკმაო მოცულობას იღებს.
მემორანდუმის თანახმად, ჩატარდება ერთობლივი კონფერენციები, სემინარები, გადამზადების პროგრამები, ასევე, მოხდება ინფორმაციის გაცვლა ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მექანიზმების შესახებ.

``საქართველო გეგმავს ახალი გზის მშენებლობას, რომელიც ქართულ პორტებს (ფოთი და ბათუმი) და შავი ზღვის ტურისტულ ცენტრებს საქართველო-სომხეთის ავტომაგისტრალთან დააკავშირებს``, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

მინისტრის თქმით, ეს გზა მოსახერხებელი იქნება როგორც სომეხი ტურისტებისთვის, ისე ახალქალაქის მცხოვრებთათვის.

ორი ქვეყნის თანამდებობის პირთა შეხვედრების კიდევ ერთი შედეგი ისაა, რომ საქართველოში ავტომობილების მძღოლებს საქარე მინაზე მიკრული დაზღვევის ტალონის გამო აღარ დააჯარიმებენ. საქმე ის იყო, რომ სომხეთში მანქანების სავალდებულო დაზღვევის სისტემა მოქმედებს და აქედან გამომდინარე, საქართველოდან საკუთარი ავტომობილით ჩასული მოქალაქეები იძულებული ხდებოდნენ მანქანა დაეზღვიათ, საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნების შემდეგ კი სადაზღვევო ტალონი მოეხსნათ, რადგან საქართველოში საქარე მინაზე ტალონის მიკვრა ნებადართული არ არის. ამიერიდან საქართველოში საქარე მინაზე მიკრული სადაზღვევო ტალონის გამო აღარავის დააჯარიმებენ.

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი