დისკუსია სასამართლო რეფორმის შესახებ
სასამართლო რეფორმის ხარვეზები და დადებითი მხარეები; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და ``პოლიციელის გონივრული ეჭვის`` საფუძველზე ჩატარებული ზედაპირული დათვალიერება; სასამართლო რეფორმის შესახებ 21 მარტს გაზეთმა - ``სამხრეთის კარიბჭემ`` დისკუსია გამართა.
ამერიკული ორგანიზაცია NED-ის (``ნაციონალური წვლილი დემოკრატიაში``) მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტი - ``საინფორმაციო კამპანია სასამართლო რეფორმის გამჭვირვალობის შესახებ`` გასული წლის სექტემბრიდან ხორციელდება.
მისი მიზანი სასამართლო სისტემაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. პროექტი ქუთაისში გამომავალ გაზეთ ``ახალი გაზეთთან`` ერთად ხორციელდება და დისკუსიების გამართვასთან ერთად, სასამართლო რეფორმის შესახებ სამი ჩანართის დაბეჭდვას გულისხმობს. პირველი ჩანართი, სახელწოდებით ``თემიდა``, ნოემბერში დაიბეჭდა, დანარჩენ ორს კი მკითხველი უახლოეს მომავალში იხილავს. ``თემიდა`` სამ ენაზე – ქართულად, რუსულად და სომხურად იბეჭდება და იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება.
დისკუსია ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში შედგა და მას ახალციხის რაიონული სასამართლოს, ახალციხის რაიონული პროკურატურის, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, იურიდიული დახმარების სამცხე-ჯავახეთის ბიუროს, საადვოკატო ბიუროების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გიორგი ლონდარიძის განცხადებით, ახალი საპროცესო კოდექსი ძალაში გასული წლის პირველი ოქტომბრიდან შევიდა და მას შემდეგ ყველა საქმე კანონში გატარებული ცვლილებების მიხედვით იხილება: ``აქამდე რაიმე გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია``.
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლისა და ადვოკატის რევაზ კაჭკაჭიშვილის თქმით, შეუძლებელია კანონში გატარებული ნებისმიერი ცვლილება პირველ ეტაპზევე სრულყოფილი იყოს: ``კანონი დროში უნდა გამოიცადოს. ბევრი უმოქმედო მუხლია, მათ მკვდარ მოუხლებს ვეძახით``.
სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის თანახმად, დაცვისა და ბრალდების მხარე თანასწორია. თუმცა, კაჭკაჭიშვილის განცხადებით, რეალურად, კანონით თანასწორობის პრინციპი დარღვეულია: ``არსებობს საგამოძიებო ქმედებები, რომლებსაც სასამართლოს ნებართვა სჭირდება. ასეთია მაგალითად ფარული მიყურადება-მოსმენა. ადვოკატს არ აქვს უფლება, ამის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს. ამდენად ეს კანონის სერიოზულ ხარვეზად მიმაჩნია``.
კაჭკაჭიშვილის მოსაზრებას იზიარებს ახალციხის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჭილაძე: ``აქცენტი სატელეფონო მოსმენებზე დაისვა და ვფიქრობ, ეს ნორმა დასახვეწია. ადვოკატებსაც უნდა ჰქონდეთ უფლება ამგვარი შაუმდგომლობით სასამართლოში წარსდგნენ, თუმცა, ამ უფლების მინიჭება ადვოკატისთვის ყველა მოსამართლეს არ უნდა შეეძლოს. ალბათ, ადრე თუ გვიან, ეს ნორმა დაიხვეწება და მართლმსაჯულების განხორციელებას მნიშვნელოვნად წაადგება``.
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი კახაბერ ლეკიშვილი მიიჩნევს, რომ კანონდებლობით თანაბარ პირობებშია როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე და ''აქ მეორე აზრი არ არსებობს''. ადვოკატს შეუძლია ისეთი მტკიცებულება მოიპოვოს, რომელსაც არ გადასცემს ბრალდების მხარეს და პირდაპირ სასამართლოში წარადგენს. მაგრამ, თუ იგივეს ბრალდების მხარე გააკეთებს, მის მიმართ გატარებული იქნება სანქციები და პასუხსაც აგებს, დაცვის მხარეს კი ამისათვის პასუხი არ მოეთხოვება: ''ეს შეჯიბრობითობის პრინციპია, რომელიც მეტ მტკიცებულებას დააგროვებს და დაარწმუნებს მოსამარლთეს, მის სასარგებლოდ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, უდაოდ, წინ გადადგმული ნაბიჯია''.
დარბაზში დისკუსია ''პოლიციელის შესახებ კანონში'' შესულმა ცვლილებამაც გამოიწვია, რომელიც პოლიციელის გონივრული ეჭვის საფუძველზე ჩატარებულ ზედაპირულ დათვალიერებას ეხება.
''ეს კარგიცაა და ცუდიც. კარგია იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელია დანაშაულის ჩადენა ავიცილოთ თავიდან. თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ ამ ქმედებამ შესაძლოა, მასობრივი ხასიათი მიიღოს'', - ამბობს იურიდიული დახმრების სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე.
რესპუბლიკური პარტიის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილების შესახებ საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული: ''მოქალაქისთვის ეს არის გაურკვევლობა, ამდენად ეს კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას შექმნის. ასე შესაძლოა არაერთი მოქალაქის უფლება დაირღვეს''.
კაჭკაჭიშვილი, ზედაპირული დათვალიერების შესახებ ცლილებას მიესალმება და მიიჩნევს, რომ ამ მუხლით ადამიანის უფლებები არ იზღუდება: ''შესაძლოა, რაიმე უსიამოვნებაში აღმოვჩნდეთ, მაგრამ ეს იმისთვის, რომ შემდეგში უფრო დიდი უსუამოვნება ავიცილოთ თავიდან. ახალი, სამართლებრივად ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზაზე ვდგავართ და ამიტომ რაღაცეები უნდა დავთმოთ''.
დავით ზარიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელი მოქალაქის უფლებებს დაარღვევს, ამ უკანასკნელს შეუძლია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და ზარალის მიყენებისთვის პოლიციელის პასუხისგება მოითხოვოს: ''ამის შედეგ მოუწევს პოლიციელს, სასამართლოს დაუმტკიცოს, გონივრული ეჭვი რის საფუძველზე გაუჩნდა''.
ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც რეფორმის შემდეგ კანონში შევიდა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებაა. ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობასა და გაუპატიურების სამქეებს განიხილავენ.
''იყო საუბარი, ნაფიც მსაჯულებს სახელმწიფო ქონების დიდი რაოდენობით მითვისების შეთხვევებიც განეხილათ'', – გვიხსნის ლონდარიძე.
მისი აზრით, დრო გვიჩვენებს ვართ თუ არა მზად საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებისთვის: ''საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენის სიმართლე. შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ საქართველოში ყველა ერთმანეთის ნათესავია და აღნიშნული ცვლილება სწორედ ამიტომ ვერ გაამართლებს''.
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თინა გელაშვილის თქმით, ქართველები ყველა სიახლის მიმართ სკეპტიკურად ვართ განწყობილნი: `საზოგადოების მენტალობა ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მოსამწიფებელია''.
თამარ გოგოლაძე აქცენტს აღნიშნული ცვლილების განხორციელებისას მოსალოდნელ საფრთხეებზე აკეთებს: ''ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი დაშინებულია. ალბათ გადაწყვეტილების სისწორეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის მომენტი, დაშინებული მოხვდება თუ არა ნაფიცი მსაჯულის სკამზე''.
რევაზ კაჭკაჭიშვილს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრისას ის პერიოდი ახსენდება, როცა კანონში ცვლილება საპროცესო შეთანმების შესახებ შედიოდა: ''ბევრი ამას თავიდან ჩაშვების ინსტიტუტს უწოდებდა, მაგრამ დღეს ასე აღარაა''.
მისი თქმით, ხშირად, დღემდე, სასამართლოში წაგებული მხარე სასამართლოსკენ იშვერს თითს და გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს: ''კანონმდებელმა განაცხადა, აი ბურთი და მოედანი, თქვენ ხომ ხართ მზად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, მაშინ დაჯდეს ხალხი და გამოიტანოს გადაწყვეტილება. ეს დემოკრატიულობისთვის აუცილებელი პირობაა. ეს არის სახადი, რომელიც ყველა დემოკრატიულმა სახელმწიფომ უნდა მოიხადოს. ასე გაიზრდება ნდობა, როგორც სასამართლოს, ასევე სახელმწიფოს მიმართ''.
დარბაზში ნაფიცი მსაჯულების შერჩევის, დამტკიცების, მათი უსაფრთხოებისა და ვალდებულებების შესახებაც ისაუბრეს. თითქმის ყველა შეთანხმდა, რომ აღნიშნული ინსტიტუტი ნამდვილად გაამართლებს მოლოდინს და მისი შემოღება ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია.
ამგვარი დისკუსია, სასამართლო რეფორმის შესახებ, მომავალ კვირას ახალქალაქში გაიმართება.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი