მანანა სარაშვილი, ახალციხე
რეგიონების საჯარო სკოლებში კლასკომპლექტების რაოდენობა იზრდება, რაც თავის მხრივ პედაგოგთა შემცირებას იწვევს.
საქართველოს საჯარო სკოლების 70 პროცენტზე მეტი დეფიციტური სკოლებია. მათ ხარჯების გასასტუმრებლად ვაუჩერული დაფინანსება არ ჰყოფნით, შესაბამისად, უჭირთ ხელფასების გაცემა, როგორც პედაგოგებისთვის, ასევე ტექნიკური პერსონალისთვის. თანხების სიმცირის გამო, ზოგიერთ სკოლას ტექ-პერსონალი საერთოდ არ ჰყავს.
მწირი ბიუჯეტის გამო, ბოლო რამდენიმე წელია, აღნიშნულ სკოლებში კლასკომპლექტები გაკეთდა. პირველი, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეები გაკვეთილზე ერთად სხედან და მათ
ერთი პედაგოგი ასწავლის.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლების უმრავლესობა მცირეკონტიგენტიანია. შესაბამისად, თითქმის ყველა მათგანში კლასკომპლექტებია. მათ შორისაა, სოფელ გურკელის საჯარო სკოლაც, სადაც კლასები სექტემბერში გაერთიანდა.
“კლასკომპლექტები პირველიდან მეცხრე კლასამდე გაკეთდა. თითქმის ყველა მასწავლებელს საათები შეუმცირდა. ერთი პედაგოგი, რომელიც უკვე პენსიონერი იყო, გათავისუფლდა, ახლა ორ კლასს ერთი მასწავლებელი ასწავლის”, - ამბობს გურკელის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი ზანგალაძე.
მცირეკონტიგენტიან სკოლად ითვლება ხეოთის საჯარო სკოლაც, რომელშიც 45 მოსწავლე სწავლობს. აქ კლასკომპლექტების გაკეთება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მოუწიათ.
სკოლის დირექტორის ლელა გვრიტიშვილის თქმით, კლასების ამგვარი გაერთიანება მისაღები არ არის: “ამ ყველაფერმა გაოიწვია ის, რომ პედაგოგებს საათები შეუმცირდათ. გარდა ამისა, მასწავლებლებს ძალიან უჭირთ მუშაობა, დროში შეზღუდულები არიან. ადვილი არ არის 45 წუთში ორ კლასს ჩაუტარო გაკვეთილი”.
სოფელ თისელის საბაზო სკოლაში რამდენიმე წელია რაც
კლასკომპლექტები გაკეთდა.
“ჩვენს სკოლებში ადრეც იყო კლასკომპლექტები, რადგან მხოლოდ 16 მოსწავლე გვყავს. ძალიან შრომატევადი სამუშაოა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს”, - ამბობს სკოლის დირექტორი დიანა კახელი.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირებს მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლებში კლასკომპლექტების შექმნა არასწორად მიაჩნია: “ასეთი სტილით სწავლება ბავშვებს არ აძლევს საშუალებას მიიღონ ხარისხიანი განათლება. განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის. საქართველოს კანონმდებლობით, შესაძლებელია ხუთ ბავშვზეც გაიხსნას არათუ კლასი, არამედ სკოლაც”.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, კლასკომპლექტების შექმნა მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ ერთ
კლასკომპლექტში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 20-ს არ აჭარბებს: “კლასკომპლექტებში სწავლების მეთოდიკა განსხვავებულია ერთი ასაკის მქონე მოსწავლეებთან მუშაობისგან. კლასკომპლექტში მასწავლებელი სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს განსხვავებული სირთულის მქონე დავალებს აძლევს. მან უნდა გამოიყენოს სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობას, ავითარებს სოციალურ უნარ-ჩვევებს, ასწავლის მოსწავლეებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან ურთიერთობას. მასწავლებელს შეუძლია დაგეგმოს ისეთი აქტივობები, რომელთა შესრულებისას მაღალი კლასის მოსწავლეები დაეხმარებიან დაბალი კლასის მოსწავლეებს”.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დეფიციტურ სკოლებს მიაქციოს: “მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს მინუსიან სკოლებს და მათი მოგვარებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერაა აუცილებელი”.
