ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტი, მისი შედარებითი ანალიზი წინა წლის ბიუჯეტთან, საინტერესო პუნქტები და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2011 წლისთვის 5 344 600 ლარია, რაც შარშანდელ ბიუჯეტს (4 642 600 ლარი) 702 000 ლარით აჭარბებს. გაიზარდა ტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან და წელს მან 4 053 200 ლარი შეადგინა. აქედან 3 861 200 ლარი გამოთანაბრებელი ტრანსფერია, 192 000 ლარი კი მიზნობრივი.
ბიუჯეტის ზოგიერთი გაურკვეველი პუნქტის განმარტების თხოვნით ჩვენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას მივმართეთ, მათ კი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ საიტისკენ მიგვითითეს, სადაც ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები უნდა გვეპოვნა, მაგრამ საიტის შესწავლის შემდეგ კიდევ მეტი კითხვა გაგვიჩნდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საიტზე გამოქვეყნებულ ბიუჯეტში ეს თანხა 64 165 ლარია, ხოლო ბიუჯეტში, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოგვცეს, 74 165 ლარი. საიტზე არ არის მითითებული, საიდან და რატომ დარჩა შარშან ნაშთი და გასული წლის ბიუჯეტის რომელი პუნქტები არ შესრულდა.
რაში დაიხარჯება მუნიციპალური თანხები
“ზოგადი პრიორიტეტები იგივე დარჩა, თუმცა, თუ შარშანდელი ბიუჯეტი უფრო მეტად ორიენტირებული იყო კეთილმოწყობაზე, გზებისა და კომუნიკაციების მშენებლობაზე, წლევანდელ ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯების (სპეციალური ტექნიკის შეძენა) ზრდა შეიმჩნევა”. (www.akhalkalaki.ge).
სპეციალური ტექნიკისა და მსუბუქი ავტომანქანების შესაძენად 220 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალური სახსრებით შეიძენენ სამ ავტომობილს, თითო-თითოს გამგეობისა და საკრებულოსთვის და კიდევ ერთს ახალქალაქის რესურსცენტრისთვის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის (საკრებულო) 396 200 ლარია გამოყოფილი. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხარჯებისთვის კი (გამგეობა) 2 084 100 ლარი. აქედან ვასკვნით, რომ ბიუჯეტის 46% საკრებულოსა და გამგეობის შენახვისთვის დაიხარჯება.
საკრებულოს მონო ბარათებისთვის გამოყოფილია 13 000 ლარი, დაცვისთვის კი – 25 200 ლარი. “ორგ. ტექნიკის შეძენისთვის” კი წელს 10 000 ლარი დაიხარჯება.
გამგეობის საოფისე ხარჯისთვის წელს 138 400 ლარია განკუთვნილი, მათ შორის 19 000 ლარი მონო ბარათებისთვის, დაცვისთვის კი 36 000 ლარი.
ჩნდება კითხვა - რა თანხებით ეწყობა ყოველწლიური კორპორაციული ღონისძიებები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და რატომ უნდა ანაზღაურდეს გამგეობის თანამშრომლებისთვის ექსკურსიები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მუნიციპალური ბიუჯეტიდან?
მუნიციპალურ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდისთვის განკუთვნილია 70,000 ლარი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისთვის 15,000 ლარი. მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს 65,000 ლარი მოხმარდება.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: “პოლიციის სამმართველოს” პუნქტზე გამოყოფილია 45 000 ლარი, სახანძრო სამსახურისთვის 110 000 ლარი, რაიონული არქივისთვის 5 000 ლარი. “ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის” განყოფილებაში არ არის კონკრეტული ინფორმაცია, რისთვისაა განკუთვნილი 1 281 800 ლარი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მიიღო 100 000 ლარი, თუმცა, პუნქტი “ჯანდაცვა” ცალკეც არის. ჩნდება კითხვა, რისთვისაა განკუთვნილი პუნქტ “ჯანდაცვაში” აღნიშნული 5 000 ლარი? ასევე, არ არის ინფორმაცია რომელ “განათლებას” ეხება ბიუჯეტის ამავე სახელწოდების განყოფილება, რომლისთვისაც 224 000 ლარია გამოყოფილი. კულტურას, სპორტსა და რელიგიას წელს 708 500 ლარი მოხმარდება.
სამჯერ “აუზი”
გაურკვევლობას იწვევს ასევე სიტყვა “აუზი” ბიუჯეტში. ირკვევა, რომ არსებობს “დავალიანება საცურაო აუზის მშენებლობისთვის” 320 000 ლარის ოდენობით, თუმცა, ცოტა ქვემოთ არის პუნქტი “აუზის კეთილმოწყობა” 100 000 ლარით და კიდევ ერთი აუზთან დაკავშირებული პუნქტი, რომელშიც 70 000 ლარია დაფიქსირებული. ამავე აუზისთვის იყო გამოყოფილი თანხები შარშანდელ ბიუჯეტშიც და არა
მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ბიუჯეტიდან.
ზოგიერთი რამ უცვლელი რჩება
ისევ უცვლელია “სანოჩისტკა” და “არა” ქალაქის გამწვანება, რისთვისაც ყოვეწლიურად იზრდება ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები და რისთვისაც მოსახლეობა ყოველ თვეში საკუთარი ჯიბიდან იხდის ფულს, ეს პუნქტი წელს 140 000 ლარს შეადგენს. ასევე, კვლავ 15 000 ლარია გამოყოფილი ადგილობრივი ტელეარხის “ატვ12”-სთვის პროგრამა “მოამბეს” სომხურად სათარგმნელად და გაუგებარი პუნქტისთვის, სახელწოდებით “მუნიციპალიტეტის მომსახურება”. ბიუჯეტში ვერ ვიპოვეთ, რომელი გაზეთისა და რომელი რედაქციისთვის არის განკუთვნილი 2 000 ლარი.
გასული წლიდან
2010 წელს მოსახლეობას მაინც არ შეუსრულდა დანაპირები წინა წლის ბიუჯეტიდან – 36 000 ლარად ღირებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობისთვის. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი, რაც ქაღალდზე იწერება, მის მიღმა არ სრულდება.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი