ცხოვრება მუდმივი მოლოდინით


კაპანაძეების ათშვილიანი ოჯახი დახმარებას ელოდება. 
სახლი - ორი ოთახი; ათი შვილი; მრავალშვილიანობის მიზერული დახმარება; სკოლაში სიარული რიგ-რიგობით და სამსახურის დაწყების ლოდინი.

ლაგ-ალაგ ამონგრეული იატაკი, შპალერის ნაგლეჯებშერჩენილი კედლები და მინების ნაცვლად ფანჯრებზე მოფრიალე ცელოფნებიეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში მცხოვრები კაპანაძეების მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელი გარემოა. სახლი ორი ოთახისაგან შედგება. ოთახში მხოლოდ ორი საწოლი და პატარა ტელევიზორი დგას.
 
ოჯახის დიასახლისი, ათი შვილის დედა ხათუნა კაპანაძე, 32 წლისაა. ამბობს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ არსად უსწავლია და არც არასოდეს უმუშავია. მისგან განსხვავებით, მეუღლეს, 37 წლის შალვა კაპანაძეს, პროფესიული ტექნიკუმი აქვს დამთავრებული. თუმცა, სამსახური მასაც არასდროს ჰქონია.

მეუღლემ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას დასაქმების თხოვნით, მაგრამ ამაოდ. ჭობისხევის გზის მოხრეშვა რომ დაიწყო, შეპირდნენ დაგასაქმებთო, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში განცხადება დავწერეთ, ხუთი კუბური მეტრი სამასალე მერქანი გვინდოდა, ოთახში იატაკის დასაგებად, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს”, - ამბობს ხათუნა კაპანაძე.

როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი, გასულ წლიდან კაპანაძეები ყოველთვიურად 230 ლარს იღებენ. გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტი მრავალშვილიან ოჯახს თვეში 150 ლარით ეხმარება. სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. არც სახნავ-სათესი ფართობი აქვთ და ვერც პირუტყვის შეძენას ახერხებენ.

მხოლოდ შვიდი მეასედი მიწის ნაკვეთი გვაქვს, ამ პატარა ფართობზე ზამთრის სარჩოს მოყვანა შეუძლებელია. მოვითხოვეთ მიწა, მაგრამ ვერ დაგვაკმაყოფილეს, გვითხრეს ჭობისხევში სარეზერვო ნაკვეთები არ არისო, - გვიამბობს დიასახლისი და აგრძელებს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო თანხით მხოლოდ ერთხელ, სამი წლის წინ დაეხმარა, - დედის დღესთან დაკავშირებით 500 ლარი გადასცეს.

კაპანაძეების უფროსი შვილი, ციცინო 16 წლისაა, მომდევნო, ცირა კი 15-ის. ორივე მათგანი დაოჯახებულია. ციცინოს უკვე შვილიც ჰყავს. კაპანაძეების უმცროსი წევრები, ტყუპები ლიკა და ლექსო, ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვისები არიან. 

უსახსრობის გამო ბავშვები ხშირად მშივრები არიან. სკოლაში რიგრიგობით დადიან, რადგან ტანსაცმელი არ აქვთ. ტყუპებისთვის საკვებს ვერ ვყიდულობთ, პიტნის ჩაის და პეჩენიას ვაჭმევ. რამდენიმე თვეა მათი დახმარება შეგვიწყდა, - გვიამბობს დიასახლისი და აქვე ამატებს, რომ მისი ოჯახის შემწე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა ბასილია: ყოველ შაბათს გვსტუმრობს და ბავშვების სულიერ აღზრდაში გვეხმარება”.

ბორჯომის სოციალური მომსახურების საგენტოს უფროსი მანანა ჩხაიძე ამბობს, რომ კაპანაძეების ჩვილებს დახმარება აღუდგინეს.


,,კაპანაძეების ოჯახს ორ შვილზე პირადი ნომრები არ ჰქონდათ და ამიტომ შეუჩერდათ დახმარება. ამის შესახებ ვუთხარი, აიღეს პირადი ნომრები და ამჟამად ისინი იღებენ საარსებო შემწეობას”, - ამბობს ჩხაიძე და აქვე განმარტავს, რომ 2010 წლის 1 თებერვლიდან სავალდებულო გახდა, მოქალაქეს ჰქონდეს პირადი ნომერი, რომელიც სამოქალაქო რეესტრში უნდა აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ადამიანების დეკლარაციის ბაზაში ვერ შევა.

მისივე თქმით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, 2010 წლის 23 აგვისტოს, ცვლილებები და დამატებები შეიტანა ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში. ცვლილებების თანახმად, კვების ვაუჩერი გადაეცემა მხოლოდ ისეთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ბავშვების ინსტიტუციაში ჩაბარების საფრთხე ემუქრებათ.

კვების ვაუჩერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ოჯახს ეძლევა. კაპანაძეების ოჯახზე სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს  რეგიონულმა საბჭომ იმსჯელა. ეს ოჯახი ვერ სარგებლობს კვების ვაუჩერით იმიტომ, რომ მათ განცხადებაში არ იყო გამოკვეთილი ის, რომ ბავშვების გაშვილების საფრთხე ემუქრებოდა, - ამბობს ჩხაიძე და აქვე ამატებს, რომ 
კაპანაძეების ოჯახი მეორედ დაწერს განცხადებას და მეორედ გადაეგზავნება მათი განცხადება განსახილველად სოციალური მომსახურეობის რეგიონულ საბჭოს: კაპანაძეების ოჯახს ნამდვილად ეკუთვნის კვების ვაუჩერი და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში მათი მოთხოვნა, მათსავე სასიკეთოდ გადაწყდება”.

ნატალია კოპაძე, ბორჯომი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი