გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად
ბაკურიანში დამსვენებლის სიმცირეა. ადგილობრივები ბაკურიანში დამსვენებლის შემცირებას, მესტიაში ახალგახსნილ ზამთრის
კურორტს უკავშირებენ.
დაბა ბაკურიანში, დაახლოებით 180 სასტუმროა,
ამათგან ხუთი წელს გაიხსნა. სასტუმროებში განსხვავებული ფასებია და გაცილებით მეტი
ღირს, ვიდრე კერძო ბინა.
ჩვეულებრივ ბინაში, რომ გადაწყვიტოს დამსვენებელმა
ღამის გათევა, ყველაზე ცოტა, ათი ლარის გადახდა მოუწევს. საოჯახო სასტუმროებში ფასი
60 ლარიდან იწყება, ევროსტანდარტების სასტუმროებში კი 60 დოლარიდან.
სასტუმრო ,, თოვლის ბაბუა” ბაკურიანის ცენტრში მდებარეობს. გასულ წელს სრული დატვირთვით მუშაობდა წელს კი დამსვენებელი თითქმის არ ჰყავს.
,,30 ნომერი გვაქვს, ამჟამად კი მხოლოდ ექვსი ნომერია დაკავებული. ასეთი მდგომარეობა ბოლო წლებია არ ყოფილა. გასულ წელთან შედარებით მომსახურეობის სერვისი გავაუმჯობესეთ. ჩვენს სასტუმროში დასვენება 3-ჯერადი კვებით 25 დოლარი ღირს, გასულ წელს კი ფასები უფრო მაღალი გვქონდა. წელს იძულებული გავხდით ღირებულებისთვის დაგვეკლო, რადგან დამსვენებლის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა,”- გვიხსნის სასტუმრო თოვლის ბაბუას” მენეჯერი დიმიტრი მიქაბერიძე.
დამსვენებლების სიმცირეზე საუბრობს საოჯახო სასტუმრო ,,ალმარინის” მომსახურე პერსონალიც.
,,ჩვენს სასტუმროში თორმეტი ოთახია, ამჟამად კი მხოლოდ ერთი ნომერია დაკავებული, დამსვენებლის რაოდენობამ შესაძლოა იმიტომ დაიკლო, რომ წელს მესტიაში ზამთრის კურორტი გაიხსნა”,- ვარაუდობს საოჯახო სასტუმრო ,,ალმარინის” თანამშრომელი მარინა კაბულაშვილი.
დაბა ბაკურიანის მკვიდრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა ბაკურიანში დამსვენებლის რაოდენობის შემცირება შემდეგნაირად ახსნა ,,ბაკურიანში, რომ ცოტა დამსვენებელი ჩამოვიდა ეს არასწორი პოლიტიკის ნაწილია. ცენტრალური ტელევიზიები დიდ რეკლამას უკეთებენ მესტიაში ახალ გახსნილ ზამთრის კურორტს და დამსვენებელიც იქ მიდის”.
დაბა ბაკურიანის ტურისტული სააგენტოს სპეციალისტის მარიკა მაკიევის განმარტებით, გასულ წელს ბაკურიანს 35 ათასი ტურისტი სასომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან ესტუმრა
,,25 დეკემბრიდან დღემდე კი ბაკურიანს 15 ათასი ტურისტი ეწვია, აქედან ცხრა ათასი უცხოელი ტურისტი იყო. ვიმედოვნებ, რომ გასულ წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობის მხრივ დიდი განსხვავება არ იქნება,- ამბობს მარიკა მაკიევი და ამატებს, - იანვარში, ბაკურიანი 100 პროცენტით არის დატვირთული ხოლმე, წელს კი იანვრის შუა რიცხვებამდე თოვლი მხოლოდ საცურაო ტრასებზე იყო და დამსვენებელის სიმცირეც ამან გამოიწვია.”
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაბა ბაკურიანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან შავკანი არ იზიარებს მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ ბაკურიანში საკურორტო სეზონი ჩავარდა.
,,საკურორტო სეზონი 25 დეკემბერს გაიხსნა, სასტუმროები დაჯავშნული იყო, მაგრამ იანვარის დასაწყიში თოვლი არ მოვიდა და დამსვენებლების დიდი რაოდენობაც აღარ ჩამოვიდა. თოვლის მოსვლასთან ერთად დამსვენებლების რაოდენობამაც მოიმატა”, -- გვიხსნის ლევან შავკანი.
დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, 2011 წელს ბაკურიანმა ,,ყინულის ფესტივალს” უმასპინძლა. ჩატარდა საქართველოს პირველობა სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობაში. იგეგმება სახალხო დღესასწაულის ,,ბაკურიანობის” ჩატარებაც.
,,მიმდინარე წელს ბაკურიანში 4-5 კაფე-ბარი, რესტორანი, ბაკურიანის პარკში კი ,,ტუპიკ პარკი” გაიხსნა. ,,ტუპიკ პარკში” ბავშვებს შეუძიათ უსაფრთხოდ ისრიალონ.
ლევან შავკანის თქმით, ტურისტების მოზიდვის მიზნით, დაბა ბაკურიანში კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი