სუბტიტრები – დახმარება თუ “ძალადობა”


ერთი წელია, ტელევიზიები ფილმებს პირველადი წარმოების ენაზე, ქართული სუბტიტრებით უჩვენებენ. რა დანიშნულება აქვს სუბტიტრებიან ფილმებ, რას ფიქრობს მოსახლეობა და რას ამბობენ ფსიქოლოგები - როგორ მოქმედებს ტიტრები მაყურებელზე.

გასული წლის აპრილში საქართველოს ეროვნული კინემატორგაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებდამაუწყებლობის შესახებკანონებში ცვლილებები შევიდა. “ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებსაქართველოს კანონს დაემატა 5(1) მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოში უცხოური წარმოების ფილმების დემონსტრირება პირველადი წარმოების ენაზე უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ უსათუოდ უნდა იყოს დუბლირებული სახელმწიფო ენაზე ან ახლდეს სუბტიტრები. გამონაკლისს წარმოადგენს ტელესერიალები და სკოლამდელი ბავშვებისთვის განკუთვნილი ანიმაციური და სხვა სახის პროდუქცია. კანონპროექტის ავტორი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროა, ხოლო კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტი.
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებკანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ფილმის პირველადი წარმოების ენაზე ჩვენება საქრთველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების პირობით, ხელს შეუწყობს მაყურებლისთვის ხელოვნების ნიმუშის ორიგინალში სრულფასოვანი აღქმის საშუალების მიცემას, უცხო ენების უკეთ გაგებასა და შემდგომში შემსწავლელი პროცესისადმი მომზადებას”.

ქვეყანაში ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლება სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას ამ საქმის ცუდად მცოდნეები დაიწყებენ, შედეგიც უღიმღამო იქნება, - ამბობს ვასილ მაღლაფერიძე სტატიაშისუბტიტრებით შენიღბული ძალადობა”, რომელიც ინტერნეტგამოცემაკალმასობაზე” 17 მარტს გამოქვეყნდა, - ენის სწავლების ბევრი ხერხი არსებობს და, მათ შორის, ალბათ, ბოლო ადგილზეა მძაფრსიუჟეტიანი ბოევიკების სუბტიტრებით ჩვენება. რადგან: ამ ფილმების მიზანი არ არის ენის სწავლება, სასწავლო ფილმების სპეციალურად იღებენ ან არჩევენმნიშვნელობა აქვს გამოთქმას, ლექსიკას, ტემბრსაც კი. ჩვენს შემთხვევაში სუბტიტრების გარჩევა ხშირად შეუძლებელია უხარისხობისა და ცუდი ფონის გამო, ხოლო პერსონაჟები უმეტესად საუბრობენ ჟარგონზე და დაუმთავრებელი წინადადებებით. მაგრამ რაც მთავარია: ვისაც მხედველობაც ისე უჭრის, რომ სუბტიტრებს თავისუფლად კითხულობს, ისიც კი ვერ შეძლებს აღიქვას მოსმენილი. ორიდან ერთი უნდა აირჩიოსან უსმინოს, ან იკითხოს. ორივე ერთად არ გამოვა”. (www.kalmasoba.com)

იგივე მოსაზრება აქვს ფსიქოლოგ გულიკო ბექაურს. მისი თქმით, კინო ესაა სინთეზური ხელოვნება, აღიქმება ერთდროულად ორი შეგრძნებით -მხედველობით და სმენით. ადვილად აღსაქმელობითაა გამოწვეული მისი მიმზიდველობაც და ამიტომაა კარგი დასასვენებელი საშუალება: “სუბტიტრებიანი ფილმების ყურებისას, მაყურებელი ყურადღებას ამახვილებს ტექსტზე, მაგრამ მისი ცნობიერება ნაწილდება კადრებზეც. ასეთ შემთხვევაში წყდება ასოციაციური კავშირები, კადრის აღქმის კონცენტრაციის დონე კლებულობს და იქიდან მიღებული ინფორმაცია არის ფრაგმენტული. ეს პროცესი ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს. განსაკუთრებით რთულია სუსტი ნერვების მქონე მაყურებლისთვის, ასეთი ფილმის ყურება მას მხოლოდ რამდენიმე წუთით შეუძლია, მერე თავს ანებებს”.

სუბტიტრებიანი ფილმებით ენის სწავლა შეუძლებლად მიაჩნია ინგლისური ენის პედაგოგს, შორენა აფრიამაშვილსაც.

ეს უფრო დაძალებას ჰგავს, რადგან ამ დროს საინტერესოს არაფერს უჩვენებენ. ან უნდა უყურო ამ ფილმებს, ან  ტელევიზორი გამორთო”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ თუ ვინმეს სურს ფილმების დახმარებით ისწავლოს ინგლისური, ინტერნეტიდან გაცილებით უკეთესი ხარისხის ფილმების გადმოწერა შეუძლია.  

ახალციხეში მცხოვრები ნათია მაისურაძე ამბობს, რომ სუბტიტრებიანი ფილმების ყურებისას იღლება: როცა ფილმის ორიგინალური ენა არ იცი, ძალიან რთულია ტიტრებით ყურება. მთელი ყურადღება ტექსტზე მაქვს გამახვილებული და კადრებს თვალს ვეღარ ვადევნებ, რაც ძალიან დამღლელია”.

ტიტრების კითხვას ვერც ციალა კაპანაძე ახერხებს: მხატრული ფილმების მოყვარული თავიდანვე არ ვიყავი, მაგრამ ხანდახან მაინც ვუყურებდი. ახლა საერთოდ აღარ ვრთავ, სად მაქვს იმისი ნერვები, რომ ტიტრები ვიკითხო”.

მათგან განსხვავებით, ნათია აბესაძე ცდილობს სუბტიტრებიანი ფილმების არცერთი საღამო არ გამოტოვოს. იგი ფიქრობს, რომ ასე ინგლისურ ენას ისწავლის: როცა ფილმს ვუყურებ, ვცდილობ ტექსტი არ წავიკითხო და ყურადღება სიტყვებზე გავამახვილო. ამ ეტაპზე ბევრი არაფერი მესმის, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ყური შეეჩვევა და მერე აღარ გამიჭირდება”.

გულიკო ბექაურის თქმით, სუბტიტრებიანი ფილმები მაყურებელს თრგუნავს კიდეც: შეიძლება მან ტექსტს ყურადღება არ მიაქციოს და მნიშვნელოვანი მომენტები გაეპაროს, ასეთ შემთხვევაში აზრობრივი კავშირების ბლოკირება ხდება. ამ დროს მაყურებელი ნეგატიურ ემოციას გამოხატავს ამ მოვლენისადმი”.

საქართველოს მოქალაქეები რომ გურამ დოჩანაშვილისეულ კარცერ ლუქსებში ისხდნენ, სადაც სხვა არაფერია გულისგადასაყოლებელი, კიდევ შეიძლებოდა ამ ფილმებით რაღაც შედეგის მიღწევის იმედი გვქონოდა. მაგრამ ამ პროექტის ავტორთათვის სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და ტელევიზორის უბრალო პულტი ყველაფერს თავდაყირა აყენებს”, - ამბობს ვასილ მაღლაფერიძე.

სტატისტიკა, ტელემაყურებელთა რა ნაწილი უყურებს სუბტიტრებიან ფილმებს და რა ნაწილი ირჩევს სხვა არხებს, არ არსებობს. თუმცა, არხების მრავალფეროვანი არჩევანი რომ მართლაც აქვს მოსახლეობას, ეს ახალციხის, და არა მარტო ახალციხის, ყველა საცხოვრებელი ბინის სახურავზე არსებული სატელიტური თეფშების სიმრავლიდანაც კარგად ჩანს.  

გულიკო ბექაურის აზრით, მცდარია იმის მტკიცებაც, რომ სუბტიტრირები  ხელს შეუწყობს მაყურებლისთვის ხელოვნების ნიმუშის სრულფასოვან აღქმას: “როცა მაყურებელი ცდილობს ტექსტი სწრაფად წაიკითხოს, მას რჩება მნიშვნელოვანი მომენტები და საბოლოოდ არასწორედ აღიქვამს ფილმს”.

გარდა ამისა, ბევრ ფილმში საკმაოდ ხანგრძლივი დიალოგებია,  რომელთა სრული სუბტიტრება შეუძლებელია. დიალოგების შემოკლება ფილმს არსებითად აზიანებს.

ეს არ ნიშნავს, რომ სუბტიტრებიანი ფილმები ხელს უშლის ენის სწავლას, რასაკვირველია არა, თუმცა არც ხელს უწყობს და მისი ეფექტი ფაქტობრივად ნოლის ტოლია”,  - ამბობს ვასილ მაღლაფერიძე და ამატებს, რომ ტელევიზიის გამოყენება ძალიან კარგად შეიძლება ენის სწავლებისთვის. ოღონდ, სწორად უნდა შეირჩეს პროექტები, მომზადდეს სპეციალური გადაცემები და ასე შემდეგ, - ინგლისურის სასწავლი ტელეარხის შექმნა გაცილებით დიდ და რეალურ შედეგს მოიტანს, ვიდრე სუბტიტრებით შენიღბული ძალადობა”.

14 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ განაცხადა, რომ სუბტიტრებიანფილმები ტელევიზიების  რეიტინგს აგდებს.
  
ასეთი ფილმების პრაიმ ტაიმში გაშვება აზრს კარგავს, არავინ უყურებს. ქართულ კომერციულ ტელეკომპანიებსაც იგივე პრობლემა აქვთ. როგორც კი სუბტიტრებიანი ფილმი იწყება, ჩვენი რეიტინგი მაშინვე ეცემა, ვინაიდან მაყურებელი მაშინვე რთავს უცხოურ, ძირითადად რუსულ არხებზე", - ანაცხადა ჭანტურიამ.

მანანა სარაშვილი, ახალციხე



No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი