მიმდინარე წელს შეძენილი სახელმძღვანელოები მომავალ წელს შესაძლოა აღარ გამოდგეს. |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წიგნების გრიფირება გაამკაცრა. რა არის გრიფირების მთავარი მიზანი და რამდენად ხშირად იცვლება სახელმძღვანელოები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების ახალი წესი შეიმუშავა. გრიფირების მიზანია, სასკოლო სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა, ანუ გაუმჯობესება შინაარსობრივად, მეთოდურად და ტექნიკურად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განმარტებით, 2011-2016 წლებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა შემუშავდა. საწყის ეტაპზე გეგმის დანერგვა სწავლების დაწყებით (პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით) საფეხურზე დაიწყება. ამ სასწავლო გეგმის ნაწილია სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებაც.
საჯარო სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ სახელმძღვანელოები ყოველწლიურად იცვლება. გრიფირების ახალი წესის მიხედვით კი მათ საშუალება მიეცემათ ექვსი წლის განმავლობაში ერთი და იგივე წიგნებით იხელმძღვანელონ.
მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი ამბობს, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების წესის გამკაცრება ბოლო წლების განმავლობაში წიგნების ხშირმა ცვლამ განაპირობა: “წიგნების ყოველწლიური ცვლა იმან გამოიწვია, რომ ყველა სახელმძღვანელო სრულყოფილი არ არის და დამატებითი ლიტერატურის გამოყენება გვიწევს. ახალი წესის მიხედვით კი სახელმღძვანელოების მინიმალური რაოდენობა გვექნება და მშობლებსაც პრობლემას მოვუხსნით, რადგან წიგნები და-ძმისთვისაც გამოსადეგარი იქნება”.
ამავე სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი მაია მექვაბიშვილი ცდილობს წიგნები ხშირად არ შეცვალოს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ერთ კლასში ორი ან სამი სახელმძღვანელოს გამოყენება უწევს.
“სასურველია ერთ კონკრეტულ სახელმძღვანელოზე ვიყოთ ორიენტირებული. ეს ჩვენთვისაც კარგია და მშობლისთვისაც. ამიტომ, სახელმღვანელო ავტორთა ერთმა ჯგუფმა უნდა დაწეროს და ყველა საფეხურზე მას მივყვეთ”, - ამბობს იგი.
მთავარი სიახლე, რაც წიგნების გრიფირებას ეხება, ის არის, რომ სახელმძღვანელოების სერიაში ყოველი მომდევნო კლასის წიგნი უნდა ეფუძნებოდეს და ავითარებდეს წინას. გრიფირების ახალი წესის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ არა მხოლოდ გამომცემლობებს, არამედ ავტორთა ჯგუფებს ან მხოლოდ ერთ ავტორს. კონკრეტული კლასის სახელმძღვანელოების გრიფის მოქმედების ვადა ექვსი წლით განისაზღვრება.
სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას ლოგიკურსა და გამართლებულს უწოდებს ახალციხის კერძო სკოლა “მზექას” დირექტორი ბელა კაპანაძე.
“სახელმძღვანელოების ხშირად შეცვლას არ ვეთანხმები, ჩვენი სკოლა მეოთხე წელია არსებობს და ისევ იმ წიგნებით ვხელმძღვანელობთ, რომლებიც თავიდან ავირჩიეთ”, - ამბობს იგი.
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მაკა ჯანაშვილის თქმით, საუბარი, რომ სახელმძღვანელოები სამი წლის განმავლობაში აღარ შეიცვლებოდა, 2007 წელსაც იყო. თუმცა, მას შემდეგ მასწავლებლები ყოველწლიურად სხვადასხვა წიგნებით ხელმძღვანელობდნენ: “შემდეგ პროგრამა შეიცვალა და შესაბამისად, სახელმძღვანელოებიც. ერთის მხრივ კარგია, თუ იმის ფუფუნება გვექნება, რომ ყოველ წელს სიახლეები შევიდეს პროგრამაში, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრს არ აქვს ახალი წიგნის შეძენის საშუალება, ამ კუთხით მოუხერხებელია”.
მოსწავლეების უმეტესობა სასწავლო წლის დასაწყისში ახალი წიგნების ყიდვას ვერ ახერხებს. მშობლები ცდილობენ, ბავშვებს მეორადი წიგნები უყიდონ ან ნათესავებისა და ახლოებლების სახელმძღვანელოები მოიშველიონ. ამიტომ, როდესაც სახელმძღვანელოები ყოველწლიურად იცვლება, მშობელი იძულებულია შვილისთვის ახალი წიგნი შეიძინოს და მასში გაცილებით მეტი თანხა გადაიხადოს, ვიდრე მეორად სახელმძღვანელოში გადაიხდიდა.
“წიგნები ძალიან ძვირია და მოსწავლეებს მათი ყიდვა უჭირთ. მაგალითად, მე-11 - მე12 კლასის ქიმიის სახელმძღვანელო 18 ლარი ღირს”, - ამბობს მაია მექვაბიშვილი.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 38 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა. სადაც ჯამში 7 014 მოსწავლე სწავლობს. ამათგან სოციალურად დაუცველი დაახლოებით 500-მდე ბავშვია. 2010-2011
სასწავლო წელს სახელმწიფომ ამ ბავშვებს წიგნები უსასყიდლოდ გადასცა. სახელმძღვანელოები სკოლის ბალანსზე ირიცხება და მისი გამოყენების საშუალება მომდევნო კლასის მოსწავლეებსაც უნდა ჰქონდეთ.
“ამ წიგნებით მოსწავლეები ახლა სწავლობენ, თუმცა შეიძლება მომავალ წელს პროგრამა შეიცვალოს და სხვა ბავშვებს აღარ გამოადგეთ”, - ამბობს მაკა ჯანაშვილი.
წელს პირველი პრეცენდენტი იყო, როცა სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცათ. ამ პროგრამის განხორციელებისთვის სახელმწიფომ რვა მილიონი ლარი გამოყო, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დიდი ალბათობაა ეს წიგნები მომავალ სასწავლო წელს აღარ გამოდგეს, გამოდის, რომ რვა მილიონი ლარი წყალში გადაიყარა.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი