ახალქალაქში “ღორის გრიპი” არ არის


გაზეთ “ვრასტან”-ში დაიწერა, რომ ახალქალაქში “ღორის გრიპი” გავრცელდა, თუმცა, ამ დაავადების შემთხვევები ჩვენთან ჯერ არ დარეგისტრირებულა.

12 თებერვალს გამოსულ 11-12 ნომერში, გაზეთმა “ვრასტან” გამოაქვეყნა მასალა სახელწოდებით: “ახალქალაქში “ღორის გრიპი” ძლიერდება”, სადაც წერს, რომ ახალქალაქში რეგისტრირებულია “ღორის გრიპით” დაავადების 24 შემთხვევა, სინამდვილეში კი მუნიციპალიტეტში 149 ავადმყოფი იტანჯება ამ დაავადებით. გარდა ამისა, გაზეთს მოყავს ეპიდემოლოგ რონიკ ავაკიანის მოსაზრება, რომელიც მიიჩნევს, რომ დაავადებულები რეალურად უფრო მეტნი არიან. თუმცა რონიკ ავაკიანს გაზეთ “ვრასტან”-ისთვის ინტერვიუ ან კომენტარი საერთოდ არ მიუცია.
 გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” 7 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა მასალა გრიპის ვირუსების შესახებ სახელწოდებით: “ვირუსის შემთხვევები ახალციხესა და ახალქალაქში”, სადაც ნათქვამი იყო, რომ H1N1 ვირუსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არ დარეგისტრირებულა და მოყვანილი იყო სეზონური გრიპის რეგისტრირებული 149 შემთხვევის მონაცემი, გრიპოზული მდგომარეობის 24 შემთხვევასთან ერთად, მასალის რესპონდენტ-ექსპერტი ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემოლოგი რონიკ ავაკიანი გახლდათ.

გაზეთ “ვრასტან”-ში გამოქვეყნებული არასწორი ინფორმაციის შესახებ რონიკ ავაკიანმა საავადმყოფოს თანამშრომლებისგან შეიტყო, რომელთაც არასწორი ინფორმაციის გაცემისა და მოსახლეობას შორის უსაფუძვლო დაძაბულობის შექმნის გამო საყვედური უთხრეს.

“უბრალოდ, მინდა, რომ ადამიანმა, ვინც “ვრასტან”-ში ეს მონაცემები დაბეჭდა, განმარტოს, რა მოხდა, რადგან მე თავს მორალურად დათრგუნულად ვგრძნობ და არ მინდა, არასწორი ხმები ვრცელდებოდეს. მოსახლეობაში ამან შეიძლება აჟიოტაჟი გამოიწვიოს”, - ამბობს რონიკ ავაკიანი.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი