გაუფორმებელი განათლება


დეპორტირებულ მესხ მოსწავლეებს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვთ, სახელმწიფო სწავლას არ უფინანსებს, მათ თავად უნდა დაფარონ ვაუჩერის ღირებულება, თუმცა, შესაძლოა ატესტატი მაინც ვერ მიიღონ.

ბადირშა (რამილ) ხამდიევა ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. სასწავლო წლის დამთავრებამდე რამდენიმე თვე რჩება, რამილს იურისტობა სურს, მაგრამ არ არის გამორიცხული უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩააბაროს. იმის გამო, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, სკოლაში ჯერ არ იციან, მისცემენ თუ არა ატესტატს.

 ხამდიევების (მათი ისტორიული გვარი თავაძეა, რომელსაც მაშინ დაიბრუნებენ, როცა მოქალაქეობას მიიღებენ) ოთხსულიანი ოჯახი საქართველოში ცხრა წლის წინ დაბრუნდა. არაერთგზის მცდელობის შემდეგ, მოქალაქეობა მხოლოდ ოჯახის უფროსმა მიიღო. მეუღლეს, როზა ხამდიევს და შვილებს, მეთორმეტეკლასელ ბადირშასა და მეცხრეკლასელ ფილურს, მოქალაქეობა დღემდე არ აქვთ.  

არაერთხელ შევიტანეთ განაცხადი, მაგრამ მოქალაქეობა ვერ მივიღეთ. უარს გვეუბნებიან, ოღონდ მიზეზს არ ამბობენ. მე დავიცდი, პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ბავშვები სწავლას ვერ გააგრძელებენ. გარდა ამისა, სკოლა მათ ვაუჩერს ვერ იღებს და სწავლის საფასური ჩვენ უნდა გადავიხადოთ”, - ამბობს როზა ხამდიევა (ჩხეიძე).

მიუხედავად იმისა, რომ ცხრა წელია ხამდიევები პირველ სკოლაში სწავლობენ, დაფინანსების პრობლემები წელს გაჩნდა.

ამ ბავშვებს პირადი ნომერი არ აქვთ და სახელმწიფო ამიტომ ვერ გვაძლევს მათ ვაუჩერს. აქამდე პრობლემები არ გვქონდა, ვაგზავნიდი წერილს, რატომ არ ჰქონდათ ამ ბავშვებს პირადობის მოწმობები და თანხას ვიღებდით. იანვარშიც მოგვცეს, თებერვლიდან შეიცვალა და კანონით თანხა მათ უნდა გადაიხადონ”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

მიმდინარე წლის იანვრიდან სკოლების დაფინანსების წესი შეიცვალა. ვაუჩერის ოდენობა მოსწავლეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. თანხა მით უფრო ნაკლებია, რაც მეტია მოსწავლეთა რაოდენობა. რადგან პირველი საჯარო სკოლა დიდკონტიგენტიანია, ხამდიევებს ერთ მოსწავლეზე თვეში 33, წლიურად 396 ლარის გადახდა მოუწევთ.

ხამდიევების ოჯახიდან დასაქმებული მხოლოდ როზა ხამდიევაა. ძნელია ამხელა თანხის გადახდა, თანაც ატესტატს თუ ვერ აიღებენ, გამოდის, რომ თანხა ტყუილად უნდა გადავიხადოთ, - ამბობს იგი და აქვე აგრძელებს, რომ გოგონას სკოლიდან გამოყვანა გადაწყვიტეს, რადგან მას სამედიცინო კოლეჯში უნდა ჩაბარება, - მაგრამ ატესტატს თუ ვერ მიიღებს, ისიც ხომ ვერ გააგრძელებს სწავლას?!”

ხამდიევებზე გაცილებით მეტი უნდა გადაიხადონ მათ, ვინც მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. ამ სკოლაში ცხრა დეპორტირებული მესხი მოსწავლეა, ამათგან შვიდი 2010 წლის სექტემბერში მივიდა სკოლაში. ცხრა მოსწავლიდან მოქალაქეობა მხოლოდ ერთს აქვს, პირველი სკოლისგან განსხვავებით, დანარჩენების ვაუჩერი მეორე სკოლას არასოდეს მიუღია. 

პირადი ნომრები რომ არ ექნებოდათ ამ ბავშვებს, სექტემბერშივე ვიცოდი, მაგრამ სამინისტროში კონსულტაციები გავიარე და მითხრეს რომ უფლება არ მქონდა ვინმესთვის სწავლაზე უარი მეთქვა, - განმარტავს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე და ამატებს, რომ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის, რთულია მესხი მოსწავლეების კლასიდან კლასში გადაყვანის ბრძანების დაწერაც, - სექტემბერში გადაწყდა, რომ მათ თავად უნდა ეყიდათ ვაუჩერი განათლების სამინისტროდან და როცა ფული დაჯდებოდა ანგარიშზე, უფლება მოგვეცემოდა ოფიციალურად გადაგვეყვანა კლასიდან კლასში. სასწავლო წლის ბოლომდე ამ ბავშვების საქმე თუ ვერ მოგვარდა, ვერ დავწერთ მათი კლასიდან კლასში გადაყვანის ბრძანებებს”.

მეორე სკოლაში პირველიდან მერვე კლასამდე ვაუჩერის ღირებულება 382 ლარია, მეცხრეკლასიდან ზემოთ კი 442. იმ რვა მოსწავლიდან, რომელთაც მოქალაქეობა არ აქვთ, შვიდი უმცროსკლასელია, შესაბამისად მათ 382 ლარი უნდა გადაიხადონ, ხოლო ერთმა 442.

მაგრამ, თუ ეს ბრძანების სახით არ მოვიდა, არც ვიცით უნდა გადავახდევინოთ თუ არა თანხა”, - ამბობს მარინა ზედგინიძე.

გამოდის, რომ სკოლები, სადაც მესხი მოსწავლეები სწავლობენ, დილემის წინაშე არიან, მათ არ იციან უნდა გადაახდევინონ თუ არა ამ მოსწავლეებს თანხა. ერთიც შეიძლება აღმოჩნდეს კანონდარღვევა და მეორეც. გარდა ამისა, ისინი ცუდ მდგომარეობაში არიან თავად ამ მოსწავლეების წინაშეც.

ფაქტია, რომ სწავლობს სკოლაში, კლასიდან კლასში გადაყვანის ბრძანება ხომ უნდა დავწეროთ?! აქამდე დაბადების მოწმობებით ხდებოდა, ახლა პირადი ნომრები შემოვიდა, რაც ამ ბავშვებს არ აქვთ. რას ვიზამთ სკოლას რომ დაამთავრებენ, არ ვიცით”, - ამბობს მაკა ჯანაშვილი.

კლასიდან კლასში ვერ გადავიყვანთ და რომელ ატესტატზეა საუბარი”, - ამატებს მარინა ზედგინიძე. 
სკოლის დირექტორები რესურსცენტრის დირექტივებს ელოდებიან. რესურსცენტრში კი ამ საკითხზე ჯერ არაფერია გარკვეული.

მესხების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის”, - ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი გიორგი დალალიშვილი.

თვითრეპატრირებულიმესხების განათლების საკითხებზე 18-20 თებერვალს ბაკურიანში გამართულ სამუშაო შეხვედრაზეც იმსჯელეს.

რომ არ აძლევ ატესტატს, ეს რბილად რომ ვთქვათ, უფლებების დარღვევაა. ეს საკითხი უნდა მოექცეს კანონის ჩარჩოებში”, - განაცხადა სამუშაო შეხვედრაზეტოლერანტისიურისტმა რეზო კაჭკაჭიშვილმა.

სახალხო დამცველის აპარატში არსებული ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის ცენტრის იურისტის ანა აბაშიძის ინფორმაციით, რომელსაცვორკშოფისერთ-ერთი მონაწილე, ჟურნალსოლიდარობისრედაქტორი ნინო ცინცაძე დაუკავშირდა, განათლების სამინისტროში ახლა სწავლობენ ამ საკითხს და გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღონ.

განათლების სამინისტროსთან დაკავშირებასამხრეთის კარიბჭემაცსცადა, თუმცა ჩვენი კითხვები უპასუხოდ დარჩა.

კითხვაზე, რა ბედი ელით მესხ მოსწავლეებს, ვერც ბაკურიანში სამუშაო შეხვედრაზე მყოფმა საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, “სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის   ხელმძღვანელმა ლელა ცქიტიშვილმა გვიპასუხა.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის განმარტებით, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა დეპორტირებული მესხების საკითხებზე, აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ფაქტობრივად ისინი სკოლებში ოფიციალურად დაფიქსირებული არ არიან: დადიან გაკვეთილებზე, მაგრამ დოკუმენტს ვერ მიიღებენ. არამგონია, რომ ყველამ უმაღლესში უნდა ჩააბაროს, მაგრამ პროფესიულ სასწავლებლებშიც ვერ ჩააბარებენ, რაღაც საბუთი ხომ უნდა ჰქონდეთ ხელში?! ამ საკითხზე წერილობითაც მივმართე დიმიტრი შაშკინს, როცა მინისტრის მოადგილე ვიყავი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. გამოდის რომ, განათლების უფლება ყველას აქვს, მაგრამ გაფორმების არა”. 

მონაცემი, რამდენი დეპორტირებული მესხი მოსწავლეა მუნიციპალიტეტის სკოლებში, რესურსცენტრში ცალკე არ არსებობს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაციატოლერანტისხელმძღვანელის ცირა მესხიშვილის თქმით, მათი რაოდენობა დაახლოებით 15-მდეა.

რადგან მარტიდან რეპატრიაციის პროცესი ნელ-ნელა იწყება, ვფიქრობთ, რომ განათლების პრობლემებიც მოგვარდება”, - იმედოვნებს ცირა მესხიშვილი.

სასწავლო წლის დამთავრებამდე სამთვენახევარია დარჩენილი. ისინი ვინც სკოლას ამთავრებენ, სწავლის გასაგრძელებლად ემზადებიან, თუმცა, საეჭვოა ეს მესხებმა შეძლონ. ატესტატების გაცემის საკითხი რომ მოაგვარონ, სკოლები რესურსცენტრებს ელოდებიან, რესურსცენტრები განათლების სამინისტროს, განათლების სამინისტრო კი იუსტიციისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებს. სამინისტროებში კი ამ საკითხებზე მსჯელობა, სავარაუდოდ, მხოლოდ ახლა იწყება.

 ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი