ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა დასრულდა. რამდენმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა მესამე ტურში; რას ამბობენ პედაგოგები - შეესაბამებოდა თუ არა ტესტები სასწავლო პროგრამას და რატომ უჭირთ ბავშვებს მათემატიკის ტურში გასვლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.
ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა. ოლიმპიადა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ტარდება.
ოლიმპიადის პირველი ტური, 2010-2011 სასწავლო წლის 30 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე, საქართველოს მაშტაბით ყველა საჯარო სკოლაში ერთდროულად გაიმართა. როგორც გასულ წლებში, ასევე წელსაც, ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხო ენებში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ინფორმატიკაში ჩატარდა.
სასკოლო ოლიმპიადა წელს სამ ტურად მიმდინარეობდა. შესარჩევი, პირველი ტური, უშუალოდ სკოლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ორგანიზებით გაიმართა. მეორე და მესამე ტურში კი ეს ფუნქციები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შეასრულა. მეორე ტურში მონაწილეობა იმ მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებმაც პირველ ტურში შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულა, 50 პროცენტზე მეტი დააგროვეს.
სასკოლო ოლიმპიადაში ახალციხის საჯარო სკოლებიც იყვნენ ჩართული. სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების თქმით, გასულ წელთან შედარებით წელს ოლიმპიადა ორგანიზებულად ჩატარდა, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც იყო, ტესტებში შესული საკითხების ნაწილი სასწავლო პროგრამას არ შეესაბამებოდა.
``გასაგებია, რომ სასწავლო ოლიმპიადა არ გულისხმობს იმას, რომ ტესტებში მხოლოდ პროგრამული საკითხები უნდა იყოს შესული, თუმცა დამატებითი ლიტერატურიდან მხოლოდ რამდენიმე საკითხი უნდა შესულიყო. ამ ტესტებში კი ასეთი კითხვები ბევრი იყო, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი თამრიკო ნარიმანიშვილი და აქვე ამატებს, რომ გარდა ამისა, ტესტებში ისეთი საკითხებიც იყო, რომელიც ბავშვებს ჯერ არ აქვთ ნასწავლი, ან საერთოდ ამოღებულია პროგრამიდან: მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიის ტურში თითქმის ერთნაირი ტესტები ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ მეათე კლასის მოსწავლეებს საკითხების ნაწილი, რომელიც ტესტებში იყო შესული, ჯერ არ ჰქონდათ ნასწავლი. მაგალითად, ტესტში, ერთ-ერთ საკითხად შესული იყო გამრავლება, რომელიც საერთოდ ამოღებულია პროგრამიდან``.
სასწავლო ოლიმპიადის ტესტებში შესული საკითხების სასწავლო პროგრამასთან შეუსაბამობაზე საუბრობს პირველი საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მარინა სუდაძეც: ``მეცხრე კლასის ტესტები ძალიან რთული იყო. ძირითადად, საკირკიტო საკითხები იყო შესული, ისეთი, რომელიც ოფიციალურად გაკვეთილში არ არის შეტანილი. ამ საკითხებზე ბავშვებს გაუჭირდათ პასუხის გაცემა``.
სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში, პირველი საჯარო სკოლის 400 ბავშვი მონაწილეობდა. მათგან პირველი ტური 100-მა გადალახა, მესამე ტურში კი მხოლოდ ოთხი მოსწავლე გადავიდა.
ტესტების სირთულეზე საუბრობს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძეც: ``ბიოლოგიის ტურის შემდეგ მოსწავლემ მითხრა რა საკითხებიც იყო ტესტსში შესული, სიმართლე რომ გითხრათ, კითხვებზე პასუხის გაცემა მეც გამიჭირდა``.
სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი მეორე საჯარო სკოლიდან 118-მა ბავშვმა გამოთქვა. მეორე ტურში 65 მათგანი გადავიდა, მინიმალური ბარიერი 12-მა ბავშვმა გადალახა, თუმცა ამათგან ყველაზე მეტი ქულები ორ მოსწავლეს ჰქონდა, შესაბამისად, მესამე ტურში მონაწილეობა მხოლოდ ამ ბავშვებმა მიიღეს.
მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორს ზაზა თამარაშვილს შენიშვნა მათემატიკის ტესტების მისამართით აქვს. მისი თქმით, აღნიშნული საგანის ტესტები სპეციალური და ჩვეულებრივი საჯარო სკოლებისთვის განსხვავებული უნდა იყოს.
``საქართველოს მასშტაბით არის რამდენიმე სპეც. სკოლა, მაგალითად კომაროვის, კობახიძის 42-ე სკოლა და ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, სადაც მათემატიკა გაძლიერებულად ისწავლება. უსამართლობაა, როცა ამ სკოლების და ჩვენი ბავშვების ტესტები ერთნაირია. მათ კონკურენციას ვერ ვუწევთ``, - ამბობს იგი და ამატებს რომ სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები მათემატიკის ტურში ყოველთვის აღნიშნული სკოლების მოსწავლეები არიან.
თამარაშვილს იმედი აქვს, რომ მათემატიკის ტესტები მომავალ წელს მაინც დარეგულირდება: ``ბავშვებს მოტივაცია ეკარგებათ, ამიტომ, საჭიროა ტესტების დარეგულირება. თუნდაც სპეცსკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადაში მონაწილეობა აღარ მიიღონ ან ტესტები შეადგინონ ბავშვების დონის მიხედვით``.
მეექვსე საჯარო სკოლაში 229 მოსწავლეა, მათგან სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა 55-მა მიიღო, მეორე ტურში 36 მოსწავლე გავიდა, მესამეში კი - ხუთი.
თამრიკო ნარიმანიშვილის თქმით, იმისათვის, რომ ბავშვებს მოტივაცია გაეზარდოთ, მათი სიმბოლური საჩუქრებით წახალისებაა საჭირო: ``გასულ წელს სკოლის დირექციამ ოლიმპიადაში მონაწილე ბავშვებს და პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. წელს ეს ვერ შევძელით, თუმცა ამაზე სამინისტრომ უნდა იზრუნოს``.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში თითოეულ საგანსა და ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილმა 1600-მდე საუკეთესო მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის რამდენი იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მონაცემები არ აქვთ. ოლიმპიადის მესამე ტური მარტში გაიმართა და შედეგები ჯერ ცნობილი არაა.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი