სკოლაში თუ ბაღში?


სკოლაში შესვლა 5 წლის ასაკიდან გახდა შესაძლებელი. არის თუ არა 5 წლის ბავშვი ინტელექტითა და სოციალურ-ემოციური განვითარებით მზად სკოლაში წასასვლელად? რას ამბობენ პედაგოგები და ფსიქოლოგები, სად უნდა იყოს 5 წლის ბავშვი _ სკოლაში თუ ბაღში?!

2010 წლის 17 ივლისსკანონში განათლების შესახებშევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ზოგადი განათლების სისტემაში სწავლის დაწყების ასაკი 5 წელი გახდა. ცვლილება 2011 სასწავლო წლიდან ამოქმედდება. როგორც კანონმდებლები ამბობენ, ცვლილების მიხედვით, მოზარდები სკოლას კვლავ 17 წლის ასაკში დაამთავრებენ და ერთი წლის დაკარგვა აღარ მოუწევთ.

 პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. 2 მარტის მონაცემებით, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში საბუთები 25 პირველკლასელს აქვს შეტანილი. დირექტორის თქმით, მათ შორის არიან 5 წლიანებიც.

წინა სასწავლო წელსაც გვყავდა რამდენიმე 5-წლიანი და ძალიან კარგად დაძლიეს პროგრამა. ვფიქრობ, რომ არც ახლა გაუჭირდებათ, რადგან წელს პირველკლასელები კომპიუტერიდან შეისწავლიან სხვადასხვა პროგრამებს, რაც ძალიან ადვილი და სახალისოა”, - ამბობს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

განსხვავებულად ფიქრობენ დაწყებითი კლასის პედაგოგები, რომლებსაც ბავშვებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვთ.

კარგი იქნება თუ ექვსი წელი შეუსრულდებათ და ისე მივლენ სკოლაში. სკოლამდელი პერიოდის ბავშვებისთვის თვეებსაც კი მნიშვნელობა აქვს. ბავშვის ფიზიკური შესაძლებლობები სუსტია, აქედან გამომდინარე, ცოტა სირთულეებს აქვს ადგილი. 5 წლის ბავშვი გონებრივად ჯერ კიდევ იმ ასაკშია, როცა მას თამაში უნდა და ნაკლებად აინტერესებს სწავლა”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ნათია ზუბაშვილი.

მისივე თქმით, ამ ასაკის ბავშვებს სხვანაირი მიდგომა სჭირდებათ: “მყავდა ორი 5-წლიანი ბავშვი და საკმაოდ კარგად აითვისეს პროგრამა, თუმცა მათ სხვანაირად ვუხსნიდი, უფრო გასაგებად. მერხთან დიდხანს ვერ ჩერდებოდნენ, ამიტომ განტვირთვისთვის თამაშის სხვადასხვა მეთოდებს მივმართავდით”.

მეექვსე საჯარო სკოლის მეორე კლასის მათემატიკის მასწავლებელი ალინა ლირნიკი ამბობს, რომ 5-წლიანი ბავშვები გასულ წელსაც ჰყავდა: “ბავშვის აზროვნება 6 წლიდან ყალიბდება, სწავლისთვის მზად ამ ასაკშია. მყავდა რამდენიმე 5-წლიანი ბავშვი და მათ მაღალ კლასში უფრო გაუჭირდათ პროგრამის ათვისება”.

მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორს ზაზა თამარაშვილს 5-წლიანი ბავშვების სკოლაში მიღება გამართლებულად მიაჩნია, თუმცა, სასწავლო პროგრამაში სირთულეებს ხედავს: “ინიციატივა მომწონს, ბავშვი სკოლაში 5 წლის მივა და 17 წლისა უკვე სკოლას დაამთავრებს. თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ უცხოეთის სკოლებთან შედარებით, ჩვენი სასწავლო პროგრამა ცოტა გადატვირთული და გართულებულია.
G
ილიას უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, ფსიქოლოგ ნათელა იმედაძის თქმით, ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ სკოლა 5 წლის ბავშვს სპეციალურ პირობებს შეუქმნის და სწავლა თამაშის მეთოდს დაემყარება, ანუ პირველი კლასი მოსამზადებელი კლასი იქნება. თუმცა, კანონი მოსამზადებელი კლასის არსებობას არ ითვალისწინებს: ფსიქოლოგიაში 5 წლის ბავშვი ითვლება თამაშის და არა სწავლის სუბიექტად. შესაბამისად, 5 წელი სკოლამდელ ასაკად მოიაზრება. სკოლისთვის მოსამზადებლად კი საბავშო ბაღია გათვალისწინებული. მაშინ, როცა სკოლა ინფრასტრუქტურულადაც კი არაა მომზადებული საამისოდ, 5 წლის ბავშვის პირდაპირ სკოლაში შეყვანა არამარტო მიუღებელია, არამედ საშიშიცაა”.

ნეიროფსიქოლოგის თამარ გაგოშიძის თქმით, იმ საკითხს, თუ რას ნიშნავს სკოლისთვის მომზადება, ყველა თავისებურად განიხილავს. დღეს საქართველოში ძალიან ბევრს ეს ესმის როგორც წერა-კითხვის სწავლება: ბავშვმა შეიძლება ძალიან კარგად ისწავლოს წერა-კითხვა, შევიდეს სკოლაში და მეორე კლასში დაიწყოს ჩამორჩენა. ეს სკოლისთვის მზაობის აუცილებელი კომპონენტებიდან ერთ-ერთის ნაკლებობით აიხსნება და ასე გამოიხატება: თავიდან ნიჭიერების, კარგი სმენითი და მხედველობითი მეხსიერების ხარჯზე ბავშვი ახერხებს ყველაფრის დამახსოვრებას; როცა ხედავს, რომ მშობელს და მასწავლებელს ეს მოსწონს, წახალისებულია, ცდილობს რომ მაქსიმუმი გააკეთოს და გამოსდის კიდეც, იზეპირებს ასოებს, მარცვლებს, მაგრამ, როგორც კი შესასწავლი მასალა იზრდება, მოტივაცია უფრო და უფრო იკლებს და ბავშვს პროგრამის დაძლევა უჭირს”. 

ფსიქოლოგების აზრით, ასევე პრობლემური იქნება 5 წლის ბავშვის 6 წლიანებთან ერთად ყოფნა ჯგუფში, რადგან ამ ასაკში მათ სხვა ტიპის აქტივობები სჭირდებათ, ვიდრე 6-7 წლის ბავშვს: ეს ეხება გაკვეთილების და დასვენების ხანგრძლივობასაც. 5 წლის ბავშვს გაცილებით ცოტა ხანს შეუძლია ყურადღებისა და ნებისყოფის მობილიზება”.

საბუთების მიღება დაწყებულია, სკოლისთვის 5 წლის ბავშვებიც ემზადებიან, თუმცა, ამ ეტაპზე არც სპეციალური სასწავლო გეგმა შემუშავებულა მათთვის და არც პედაგოგები გადაუმზადებიათ. 

მანანა სარაშვილი, ახალციხე  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი