ვინ როდის აკითხავს პოლიკლინიკას


ახალციხის რაიონული პოლიკლინიკა, ყველაზე მეტად დატვირთული განყოფილებები, ტარიფები და საუკეთესო აპარატურით აღჭურვილი ექოსკოპიის განყოფილება სპეციალისტის გარეშე.

ახალციხის რაიონული პოლიკლინიკაში, სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ნოლიდან ექვს წლამდე და 60 წლის ზევით მომსახურება უფასოა. შიდა სტანდარტით კი სხვადასხვა განყოფილებებში, სხვადასხვა სახის მომსახურება 5-ლარიდან იწყება.

პოლიკლინიკაში განყოფილებები სეზონის მიხედვით სხვადასხვაგვარადაა დატვირთული. ზაფხულში ძირითადად კუჭ-ნაწლავის პრობლემები იჩენს თავს, გვიანი შემოდგომიდან გამოზაფხულებამდე კი მწვავე რესპირატორული დაავადებები, სურდო, ბრონხიტი, პლევმონია.
 
მწვავე ვირუსული ინფექციის შემთხვევაში, ძირითადად თერაპევტსა და პედიატრს მიმართავენ. არის სხვადასხვა ჩივილები: ტემპერატურის მომატება, კაპალარული მოვლენები, საერთო სისუსტე, ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები”, - ამბობს ახალციხის რაიონული პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილე ლილი კაკოშვილი და ამატებს, რომ გართულებული ფილტვების ანთების შემთხვევაში პაციენტები ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში იგზავნებიან.

დეკემბრის ბოლოდან თებერვლის შუა რიცხვებამდე, ქვეყანაში H1N1 ვირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, ზემოსასუნთქი გზების ინფექციით, პაციენტთა რაოდენობა პოლიკლინიკაშიც გაიზარდა. თუმცა, კაკოშვილის თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომართვიანობამ საგრძნობლად იკლო: არადა უბნის ექიმების ინფორმაციით დაავადებულთა რაოდენობა მაინც ბევრია, მაგრამ თუ ვინმეს ძალიან არ გაუჭირდა პოლიკლინიკამდე აღარ მოდის. გართულებული შემთხვევები კი სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათად, ლეტალური შედეგით სრულდება”.

კაკოშვილი სამედიცინო დაწესებულებამდე მოსვლისგან თავშეკავების მიზეზს უფულობით ხსნის: მით უფრო მას, ვინც არც დაზღვევით და არც ჯანმრთელობის პოლისით სარგებლობს, ნებისმიერი მომსახურების გადახდა საკუთარი ჯიბიდან უხდება”.

ექიმთან ვიზიტის ღირებულება პოლიკლინიკაში 15 ლარია. ექიმის ბინაზე გამოძახება კი 20 ლარით განისაზღვრება. თუ პაციენტს ფილტვების ანთება გაურთულდა, მაშინ მას გულ-მკერდის რენდგენოგრაფია, ასევე სისხლის საერთო ანალიზის გაკეთებაც სჭირდება. რენდგენოლოგიური გამოკვლევის ტარიფი 26 ლარია,  სისხლის საერთო ანალიზი კი 5 ლარი ჯდება. 

რადგან რენდგენი და დასხივება მავნე ფაქტორია და ის ექიმის ჯანმრთელობასთანაა დაკავიშრებული, ტარიფის რაოდენობა 4 ლარით გავზარდეთ. აქამდე რენდგენოლოგიური გამოკვლევა 22 ლარი ღირდა. ტარიფების მომატება სხვა მიმართულებით არ იგეგმება”, - აცხადებს კაკოშვილი.

რაც შეეხება კუჭ-ნაწლავის ინფექციებს, მისი განმარტებით, თუ ეს მარტივი დისპეფსიაა, ექიმი დანიშნულებას განსაკუთრებული გამოკვლევის გარეშე ნიშნვას. მაგრამ თუ მდგომარეობა გართულებულია, მაშინ პაციენტს განავლის კოპროლოგიური გამოკვლევას სჭირდება.

ხშირად გვაკითხავენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, მოგვმართავენ ონკოლოგიური  ავადმყოფებიც. თუმცა, დასამალი არაა, რომ პოლიკლინიკაში ძირითადად სოციალურად შეჭირვებულები მოდიან. მას ვისაც ფული აქვს, გამოკვლევაზე თბილისში ურჩევნია წასვლა,  - ამბობს კაკოშვილი და ამატებს, რომ პაციენტები დედაქალაქში მკურნალობას არა უკეთესი კადრების, არამედ უახლესი ტექნოლოგიების თვალსაზრისით ამჯობინებენ: – თუმცა, ამ მხრივ ცუდი მდგომარეობა არც ჩვენ გვაქვს. ლაბორატორია თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, რენდგენო კაბინეტშიც საკმაოდ ხარისხიანი აპარატი გვაქვს, ვაწარმოებთ ელექტრო- კარდიოგრაფიულ გამოკვლევასაც”.

ასევე საუკეთესო აპარატურითაა აღჭურვილი ექოსკოპიის განყოფილებაც, თუმცა, კაკოშვილის განმარტებით, მისი პრაქტიკაში გამოყენებისათვის სპეციალისტის გადამზადება დღემდე ვერ მოხერხდა: ორწლიანი სწავლებაა საჭირო, თან კურსები ფასიანია, ვერც ოჯახსა და ვერც სამსახურს ამდენი ხნით ვერავინ ტოვებს”.

ის, რისი შეძენაც პოლიკლინიკას ამჟამად ყველაზე მეტად სჭირდება ენცეფალოგრამის აპარატია.

ნერვული სისტემის დაავადების, განსაკუთრებით ეპილეფსიის დროს დიაგნოზის დაზუსტება მისი საშუალებით ხდება. ეს საკმაოდ ძვირადღირებული აპარატია”, - გვითხრა კაკოშვილმა.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი