საერთო კულტურული მემკვიდრეობა


ოშკი, მე-10 საუკუნის სამონასტრო ცენტრი ტაოში. 
თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების რეაბილიტაცია, სანაცვლოდ კი საქართველოში მეჩეთების აღდგენა-აშენება დაიწყება. ქართულ-თურქული მოლაპარაკება, ჯერ ხელმოუწერელი ხელშეკრულება და საზოგადოების რეაქცია.

ტაო-კლარჯეთში ხანძთის, ოშკის, იშხნისა და ოთხთას ტაძრები აღდგება. სანაცვლოდ თურქეთი ითხოვს, რესტავრაცია გაუკეთდეს სამცხეში, ხარჯამის და ახალციხის მეჩეთებს, ასევე ქობულეთში მე-19 საუკუნის ჯამეს; ხოლო ბათუმში მათივე მოთხოვნით მე-20 საუკუნის შუახანს განადგურებული, აზიზეის მეჩეთი უნდა აშენდეს. ქართული ტაძრების განახლება არა სალოცავი ფუნქციით მოხდება.

“რესპუბლიკური პარტიის” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მურმან დუმბაძის განცხადებით კი საქართველოში მეჩეთები სალოცავი ფუნქციით აღდგება: “ამ საკითხზე ღიად არავინ საუბრობს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საკითხის გადაჭრა კულუარულად და დაჩქარებულად ხდება”.   

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამში მეჩეთი მე-19 საუკუნეში მართლმადიდებლური ეკლესიის საძირკველზე ამავე ეკლესიის ქვებით გამუსულმანებულმა ქართველმა ააშენა. ამჟამად, ადიგენის მუნიციპალიტეტის 55 სოფლიდან ცხრა ქართველი მუსულმანებით დასახლებულია: დერცელი, კიკიბო, ამხერი, უტყისუბანი, ღორძე, ზედუბანი, აფიეთი, საირმე. მუნიციპალიტეტში სულ რვა მეჩეთია და მათ შორის ოთხი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშენდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში დასახლებული მუსულმანი ქართველების რაოდენობა მხოლოდ სამშობლოში დაბრუნებული რეპატრირებულების 30-მდე ოჯახით განისაზღვრება. რაც შეეხება ახალციხეში მეთვრამეტე საუკუნეში აშენებულ მეჩეთს, ის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ტერიტორიაზეა. იგი 1752 წელს, ხარჯამის მეჩეთის მსგავსად მართლმადიდებლური ეკლესიის საძირკველზე, აზი ახმედ ფაშამ, იგივე ჯაყელმა ააშენა. დღემდე შემორჩენილია, ამავე პერიოდით დათარიღებული, მის გარშემო მდებარე მედრესე და მინარეთიც.

თურქეთის საქართველოთი დაინტერესება ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ 1453 წლიდან დაიწყო. ძლიერმა მუსულმანურმა ქვეყანამ სამცხე-საათაბაგო საბოლოოდ 1578 წელს ჩილდირის ბრძოლით დაიპყრო. პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე იძულებით არაერთი თავადი გამაჰმადიანდა, რაც მოსახლეობის გამაჰმადიანებასაც ნიშნავდა. თურქეთის ბატონობა 1828-1829 წლებში ადრეანოპოლის ზავით დასრულდა, თუმცა, მაშინ საქართველომ სამცხე-საათაბაგოს მხოლოდ ნაწილი, სამცხე და ჯავახეთი შემოიერთა.
ისტორიული წარსულიდან გამომდინარე საზოგადოების ნაწილი საქართველოში ოთხი მეჩეთის სალოცავი ფუნქციით აღდგენასქვეყნის გამუსულმანებისსაფრთხედ განიხილავს.

ამბობენ, კანონით გაზაფხულიდან მაჰმადიანი მესხები საქართველოში ჩამოსახლებას დაიწყებენო. დღეს თუ ორი ოჯახი იქნება, ეგენი ისე სწრაფად მრავლდებიან, ხვალ რვად იქცევა, - ვერ ფარავს გაღიზიანებას ახალციხელი ნაირა გელაშვილი - ავუშენოთ მეჩეთებიც და ვაქციოთ ბარემ მთელი ქვეყანა მუსულმანებად!

საქართველოში მეჩეთის გახსნა არასასურველია სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის ნატო ყრუაშვილისთვისაც. თუმცა, ფიქრობს, რომერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს”, ამდენად იგი ვერც ერთი მეჩეთის რესტავრაციასა და ვერც რამდენიმე მაჰამადიანი ოჯახის ჩამოსახლებაში, საფრთხეს ვერ ხედავს.

საქართველოში 150-მდე მეჩეთში სუიტური და შიიტური წესით ღვთისმსახურება აღესრულება და ოთხი მეჩეთით მეტი, ან ნაკლები რას მოგვიტანს?! ჩვენი ძეგლების შესანარჩუნებლად ჩვენთვის არასასურველ პირობებზეც კი უნდა წავიდეთ”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი რევაზ ანდღულაძე.

ყრუაშვილი კი აქცენტს მოლაპარაკების არათანაბარ პირობებზე აკეთებს: ტაო-კლარჯეთში ერთ ტაძარში მაინც წირვა-ლოცვის ჩატარებას დაუშვებს თურქეთი? მაშინ რატომ უნდა დაუთმოს საქართველომ? ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ და ამ დათმობაზე არ წავიდესამბობს იგი და ამატებს, რომ ტაო-კლარჯეთში არსებული ძეგლების შესანარჩუნებლად რაიმე გზა უნდა გამოიძებნოს - თუ იმ ეპოქაში, ორი-სამი საუკუნის განმავლობაში ათობით ტაძარი აშენდა, დღეს ჩვენ ერთისამებაავაშენეთ, მთელი ერი ამას მოვუნდით  
და საუკუნის შენობა დავარქვით. “სამებაზენაკლები იქ არცერთი ტაძარი არაა. ეს მიგვანიშნებს იმაზე თუ რა ძლიერები და მორწმუნეები ვყოფილვართ”.  

მე-18 საუკუნეში აზი ახმედ ფაშას აგებული მეჩეთი ახალციხეში. 
კონსერვატიული პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, თურქეთის დახმარებით საქართველოში მეჩეთები აღნიშნული ხელშეკრულების გარეშეც აშენდეს, ამდენად იგი მიმდინარე მოლაპარაკებას გამართლებულად მიიჩნევს: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში არაერთი ქართველი მუსულმანია. მათზეც უნდა იზრუნოს სახელმწიფომ. ამ ძეგლების განადგურებას კი მომავალი თაობა არ გვაპატიებს. სასურველი იქნება, მოლაპარაკება იქამდე მივიდეს, რომ ქართულ ტაძრებშიც აღდგეს წირვა-ლოცვა”.  

ახალციხის ყოფილი დეპუტატის გოჩა ნათენაძის განმარტებით, აღნიშნული მოლაპარაკებისათვის პირველი ნაბიჯები 2006 წელს გადაიდგა, თუმცა, იმის გამო, რომვიღაც-ვიღაცეებმა თავი გამოიჩინეს მაგარი ქართველები ვართოდა დათმობებზე ვერავინ წავიდა, მოლაპარაკება მალევე ჩაიშალა: ამასობაში ჩვენი კიდევ ერთი კვალი წაიშალა იქ, ტაძრები დღითიდღე ნადგურდება. ახლაც თუ დავიწყებთ დათვლას მუსულმანი მეტია, თუ მართლმადიდებელი, დრო გავა და იქ თუ ოდესმე საქართველო ყოფილა წარმოუდგენელი გახდება”.     

არასამთავრობო ასოციაციატოლერანტისთავმჯდომარეს ცირა მესხიშვილსოშკისაღდგენა 15 მეჩეთს ურჩევნია”. პროფესიით ისტორიკოსი ახალციხეში არსებული მეჩეთის სალოცავი ფუნქციით გახსნას გამორიცხავს: დღეს ის მუზეუმადაა ქცეული და რომც აღადგინონ ვისთვის უნდა გახსნან? აქ მრევლი არაა”.

მესხიშვილს ეთანხმება ყრუაშვილიც. მისი თქმით, მეჩეთი, როგორც ისტორიული ძეგლი კარგ მდგომარეობაშია, ამდენად ყრუაშვილის ვარაუდით, ალბათ, ხელშეკრულების ფარგლებში, მეჩეთთან არსებული მედრესე აღდგება: “მანამდე სანამ აქ თურქეთი ბატონობდა, მედრესე კავკასიის მასშტაბით ერთ-ერთი დიდი მაჰმადიანთა სასწავლებელი იყო”.

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, თურქეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებაში ეკლესიის ინტერესები გათვალისწინებული არ არის.

ის, რომ საქართველოს საპატრიარქოს აზრის გაუთვალისწინებლობა ამ შემთხვევაში დაუშვებელია ყველა ერთხმად თანხმდებაასე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-9 მუხლიც ირღვევა.

ამ მოლაპარაკებაში ყველაზე დიდი სიტყვა საპატრიარქომ უნდა თქვას. როცა, საქმე ტაძრებს ეხება, თუნდაც ნივთი იყოს, არ შეიძლება ის საკითხი ეკლესიის გარეშე გადაწყვიტო”, - აცხადებს ყრუაშვილი.  

კიდევ ერთი საფრთხე, რომელსაც საზოგადოების ნაწილი პროექტის განხორციელებაში ხედავს, საქართველოში არსებული მუსლიმური კულტურის ძეგლების თურქული კულტურის ძეგლებადგასაღებაა”.

გააჩნია ვინ წაიყვანს მოლაპარაკებას, როგორი გულის კაცი მივა და როგორი დიპლომატიური ენა ექნება, რამდენად კარგად ეცოდინება ისტორია”, - ამბობს იტორიკოსი-თურქოლოგი როინ ყავრელიშვილი.

მისი განცხადებით, აღნიშნული მოლაპარაკება პოლიტიკურმა სიტუაციამ მოიტანა: “იმისათვის რომ თურქეთმა კავკასიაში ზოგადად თავისი ინტერესები გაატაროს, აუცილებელია, ჰქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა მართლმადიდებელ სამყაროსთან, ამ შემთხვევაში საქართველოსთან. ჩვენი ქვეყანა ხიდია თურქეთისთვის შუააზიასთან”.  

მისი თქმით, ეს კავკასიისთვის ისტორიული ომია. თურქეთ-ირანის ომების ძირითადი მიმართულება კავკასიაა, ანუ გასასვლელი კასპიის ზღვაზე და კასპიის ზღვიდან დაკავშირება თურქისტანთან: ნორმალური პოლიტიკაა და ეს მხოლოდ ნათესავთან ურთიერთობა არაა, აქ ენერგო და სხვა მრავალი პროექტის განხორციელება იგულისხმება. თურქეთს დემოკრატიისა და ევროკავშირში გაწევრიანების პრეტენზია აქვს, ამდენად მას გავლენის სფეროების გაფართოების მოთხოვნილებაც უჩნდება”.

ყავრელიშვილის თქმის, შესაძლოა მოლაპარაკებაში საპატრიარქოს ჩართვამდააფრთხოსთურქები, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია: საპატრიარქოსთან კონსულტაციების გარეშე მაინც ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეიძლება”.

რაც შეეხება, საქართველოში მეჩეთების სალოცავი ფუნქციით აღდგენას, ყავრელიშვილი ეწინააღმდეგება, თურქეთში მართლმადიდებლური წესით წირვა-ლოცვის ჩატარება კი მისი თქმით, “მაჰმადიანურ სამყაროში თოფის გასროლაიქნება: როგორი დემოკრატი თურქიც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა უყვარდეს საქართველო ეს წარმოუდგენელია. თუმცა, წლების წინ ოშკს თუ ვნახავდით, ვერც ამას წარმოვიდგენდით, ამდენად დრომ შეიძლება რამე შეცვალოს”.

საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის ხელშეკრულების ტექსტის შედგენაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ფართო საზოგადოებისთვის მოლაპარაკების პირობები ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ იქნება ცნობილი. 

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი