სომხურ-ქართული ოლიმპიადა ერევანში

ერევანში პირველი სამთავრობათშორისი სომხურ-ქართული სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა. 

იანვრის ბოლოს ერევნის შაინიანის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სომხური სკოლების 30-მა და ასევე, საქართველოს სკოლების 30-მა მოსწავლემ ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის საგნებში მოსინჯეს ძალები. ოლიმპიადის თითოეულ საგანში ორივე ქვეყნიდან ათი მოსწავლე მონაწილეობდა.

სამთავრობათშორისი ოლიმპიადის ჩატარება ორივე ქვეყნის ხელმძღვანელის ერთობლივი იდეაა. ჯერ კიდევ 2009 წელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ერევანში, ქვეყნების პრეზიდენტები მივიდნენ სამთავრობათშორისი ოლიმპიადების გამართვის გადაწყვეტილებამდე, რისი მიზანიც არა მხოლოდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ სფეროშიც ურთიერთობების კიდევ მეტად გაღრმავება იქნებოდა.


სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არმენ აშოტიანი ოლიმპიადის მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა: ,,ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ რეგიონის მომავალი ცოდნის ჯანსაღ კონკურენციაშია”.

ოლიმპიადა პერიოდულად ჩატარდება. ქვეყნები მორიგეობით მიიღებენ ოლიმპიადის მონაწილეებს ორივე ქვეყნიდან. ამასთან, საგნების ჩამონათვალის გაფართოებაც იგეგმება.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ალუდა გოგლიუჩიძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ეს შეჯიბრი სერიოზულ საფუძველს ჩაუყრის ორი ქვეყნის მოსწავლეების შემდგომ ურთიერთობებსა და მეგობრობას.

სომხური მხარიდან ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ სომხეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეები, ქართული მხრიდანაც ოლიმპიადის მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც ქართული, ისე სომხური ეროვნების მოსწავლეები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

პირველი სომხურ-ქართული ოლიმპიადის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კომპანია ,,სინოფსისმა’’, ასევე, საქველმოქმედო ფონდმა ,,პიუნიკი’’.

გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალს ქვეყნების პრეზიდენტებიც დაესწრნენ. საგნის გამარჯვებულებმა პრეზიდენტებისგან პერსონალური კომპიუტერები მიიღეს, დანარჩენებს კი მედლები და სიგელები ერგოთ.

ქვეყნები განათლების სფეროში თანამშრომლობის კიდევ მეტად გაღრმავებას აპირებენ.

,,მინდა აღვნიშნო, რომ სამომავლოდ ჩვენ დავგეგმეთ პრეზიდენტის სტიპენდიის დანიშვნა სომხეთიდან ჩამოსული სტუნდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოისურვებენ განათლების მიღებას. დარწმუნებული ვარ, რეგიონის ეს ორი ქვეყანა ყოველთვის და აუცილებლად ერთმანეთის გვერდით იქნება და ჩვენ, ხელიხელჩაკიდებულნი ვიფიქრებთ მომავალზე, რადგან ჩვენი მომავალი სწორედ ჩვენი ხალხების მეგობრობაზეა დამყარებული’’, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხურ-ქართული ნათესაობა დიდი ხნის წინ დაიწყო და დღეს ორივე ხალხი ვალდებულია, ეს ნათესაობა შეინარჩუნოს და მომდევნო თაობებს გადასცეს.

,,თუმცა კონკურენციის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. თუ ჩვენ ერთმანეთს განათლების, სპორტის, კულტურისა და მეცნიერების სფეროში შევეჯიბრებით, ყველა სირთულეს გადავლახავთ’’, - აღნიშნა სერჟ სარგსიანმა.

პრეზიდენტმა მოსწავლეებს მოუწოდა, არ დაივიწყონ საუკუნოვანი სომხურ-ქართული მეგობრობა, რომელიც მთელი სამხრეთ კავკასიისთვის ძვირფასია.

აგუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი