რა უფრო ფასდება მასწავლებლებში



სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა, რომელთაც სურვილი აქვთ გაზრდილი ანაზღაურება მიიღონ, ინგლისურისა და კომპიუტერის ტესტირებული გამოცდა უნდა ჩააბარონ. 

მზია ეგიაშვილი ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. 22-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში, არაერთი გამოცდა აქვს ჩაბარებული. გასულ წელს წარმატებით გაიარა სასერტიფიკაციო გამოცდები და გასაუბრება და სერტიფიცირებული მენტორი მასწავლებლი გახდა. ახლა ახალი გამოცდისთვის ემზადება: `ვმეცადინეობ, რომ გაზაფხულზე ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდაზე გავიდე~.

აღნიშნული გამოცდა პედაგოგებისთვის ახალი გამოწვევაა. მასწავლებელს, ვინც პროფესიული და უნარ-ჩვევების ბარიერი გადალახა და სერტიფიკატი აიღო, ხელფასი 75 ლარით გაეზარდა. 160 ლარით მოემატათ ხელფასი მენტორ მასწავლებლებს და გაეზარდათ მოვალეობებიც. (მენტორები დამწყებ მასწავლებლებს პროფესიულ და მეთოდურ უნარ-ჩვევებს გადასცემენ და ერთგვარად, სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადებაშიც ეხმარებიან). კიდევ რომ მოიმატოს სერტიფიცირებული მასწავლებლის ხელფასმა, მან მეორადი კომპეტენციის ფლობა უნდა დაადასტუროს. ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა 200 ლარადაა შეფასებული.

საქართველოს პრეზიდენტის ეს ინიციატივა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე გაახმაურა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ინგლისურისა და კომპიუტერის ტესტი ინტეგრირებულია – დავალებები ისეა აგებული, რომ ერთდროულად მოწმდება ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა. კანდიდატს მოეთხოვება საშუალოზე დაბალ დონეზე ფლობდეს ინგლისურ ენაზე კითხვის უნარს და იცოდეს შემდეგი პროგრამები: M
Microsoft Office (Word, PowerPoint, Excel, ...) Windows XP საოპერაციო სისტემაში და Outlook `დავალებების შესრულებისას კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში არსებული რესურსები: ლექსიკონები, საძიებო სისტემები და ა. შ.(www.mes.gov.ge)
საათნახევრიან გამოცდაზე მასწავლებლებმა უნდა მოასწრონ წაკითხული ინგლისური ტესტის გააზრება და გამოტოვებული ადგილების შევსება ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით; ასევე წაკითხულის გააზრება და კითხვებზე პასუხის გაცემა და მოცემული ტექსტის მიხედვით სლაიდების გაკეთება, დიაგრამების აგება.

პედაგოგები, რომლებმაც ინგლისური ენა არ იციან, სიახლეს პროტესტით ხვდებიან. ანაზღაურების გაზრდით ყველა დაინტერესებულია, მაგრამ ეძნელებათ ინგლისურის სწავლა. ნაწილი კი, უბრალოდ, საჭიროებას ვერ ხედავს.

მზია ეგიაშვილს ენის პრობლემა არ აქვს, რადგან კიევში ინგლისური ენის სახელმწფო კურსები აქვს გავლილი: `20 წლის წინ კარგად ვსაუბრობდი, რომ ვმეცადინეობ მახსენდება და მგონია, რომ არ გამიჭირდება. ტრენინგი გავიარეთ და ვმუშაობ კომპიუტერთანაც~. თუმცა, სირთულეს იგი დროის ნაკლებობაში ხედავს: `საათნახევარში სამი სერიოზული დავალება უნდა შევასრულოთ, დრო არ გვეყოფა~.

დროის პრობლემაზე საუბრობს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მათემატიკისა და ინფორმატიკის მასწავლებელი ბადრი კაპანაძეც: `ინგლისური ტექტსი უნდა წაიკითხო, მოიძიო ინფორმაცია, ერთი სიტყვის გულისთვის შეიძლება ათი საიტის გახსნა მოგიწიოს. გარდა ამისა, უნდა გააკეთო ოთხი სლაიდი, ესე იგი, ძალიან კარგად უნდა იცოდე კომპიუტერი. გაზრდილია კომპეტენციის ზღვარიც, 28 ქულიდან 21-ა გამსვლელი~.

გარდა ამისა, ბადრი კაპანაძის აზრით, მსგავსი გამოცდა მასწავლებლებს არათანაბარ პირობებში აყენებს: `კომპიუტერის ცოდნა აუცილებელია, თანამედროვე ტექნოლოგიები რომ ჩართო გაკვეთილში. ინგლისურიც კარგია, მაგრამ რა ვქნათ ვინც გერმანული ვისწავლეთ, ან ვიცით რუსული და რუსულ საიტებზე მოვიძევთ ინფორმაციას? დავიწყოთ ინგლისურის სწავლა?! ცოტა გვიანი ხომ არ არის?!~.

მასწავლებლები ამბობენ, რომ მოსამზადებელი დროც აღარ რჩებათ, ვინაიდან, ინფორმაცია დეკემბერში გაავრცელეს, გამოცდა კი აპრილში დანიშნეს. მიუხედავად ამისა, პედაგოგები გამოცდაზე გასვლას მაინც გეგმავენ.

`ხელფასი მნიშვნელოვანია, ამიტომაც სასერტიფიკაციო გამოცდების შემდეგ, ალბათ, ამ გამოცდებისთვისაც მოვემზადები~, - ამბობს მეექსვე საჯარო სკოლის არასერტიფიცირებული ისტორიის მასწავლებელი თამარ ჩაფიჩაძე. კომპიუტერის ცოდნა მასაც აუცილებლად მიაჩნია, თუმცა ინგლისური ენის ცოდნის საჭიროებას ვერ ხედავს: `იმ თაობისთვის, რომელსაც ინგლისური ენა არ უსწავლია, ძალიან ძნელი იქნება. მაგრამ, რადგან ასე გახდა საჭირო, ალბათ მოვემზადები~.

მოემზადება ბადრი კაპანაძეც, ოღონდ გამოცდაზე გასასვლელად ერთი ან ორი წელი დასჭირდება: `კარგი იქნება, რომ გაყონ გამოცდა. ვთქვათ, კომპიუტერი ვიცი, ინგლისური კი არა, მაგრამ ვიცი სხვა ენა. გამომცადონ იმ ენაში~.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსენტრში ამბობენ, რომ გამოცდის ჩაბარება ნებაყოფლობითია და ენის სწავლას არავის ავალდებულებენ.

`მიმაჩნია, რომ კომპიუტერული ცოდნა ყველა მასწავლებელს სჭირდება. რაც შეეხება ინგლისურს, შეიძლება ამ წუთში აუცილებელი არ იყოს, მაგრამ ძალიან ბევრი ინფორმაციაა ინგლისურ ენაზე. ცხადია, ახალგაზრდისთვის უფრო ადვილია სწავლა, მაგრამ თუ მოისურვებ, ნებისმიერ ასაკში შეგიძლია ისწავლო~, - ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ლია ბერიძე.

გამოცდებისთვის რეგისტრაცია 10 თებერვალს დაიწყო და 20 მარტამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია რესურსცენტრებში. გამოცდას, მიმდინარე წლის აპრილში, გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე



1 comment:

  1. Hi, i think that i saw you visited my website thus
    i came to “return the favor”.I am attempting to find things to
    improve my site!I suppose its ok to use a few of your ideas!
    !

    Also visit my web blog: champions online accounts

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი