,,მეორე პური’’ სამცხე-ჯავახეთიდან

ბოლო ათწლეულის მეორე ნახევარში სამცხე-ჯავახეთში კარტოფილის მოსავლიანობა ჰექტარზე 100-150-დან 200-250 ცენტნერამდე გაიზარდა, თუმცა, ამ პროდუქტზე სახელმწიფოს მოთხოვნა და რეგიონიდან მიწოდება ვერ დარეგულირდა.

საქართველოში კარტოფილის მწარმოებელი ძირითადი რეგიონები სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლია. ამინდი და გეოლოგიური პირობები ქვემო ქართლს როგორც საგაზაფხულო, ისე საშემოდგომო კარტოფილის მოყვანის საშუალებას აძლევს, თუმცა, ამ რეგიონის პროდუქტი გამძლე არ არის ამდენად, ზამთრისთვის არ ინახავენ. სამცხე-ჯავახეთში კი მხოლოდ საშემოდგომო კარტოფილი მოდის, თუმცა, მას მთელი ზამთრის გაძლება და გაზაფხულამდე უვნებლად მიღწევა შეუძლია.


ეს ორი რეგიონი ერთად, ვერ აწარმოებს კარტოფილის იმ ოდენობას, რამდენსაც მთელი საქართველო მოიხმარს. საქართველოს მთავრობის სასოფლო-სამეურნეო სექტორის 2010 წლის პრეზენტაციის, ,,საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის საინვესტიციო შესაძლებლობების’’, თანახმად, 2007 წლის მონაცემებით კარტოფილის მოხმარება 279 208 ტონა იყო, ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ 226 600 ტონა მოიყვანეს (აქედან 109,3 ათასი ტონა სამცხე-ჯავახეთში), დანარჩენი 52 608 ტონა კი იმპორტირებული პროდუქცია იყო. იმპორტის წილი ამ შემთხვევაში დაახლოებით 20%-ია.

საქართველოში კარტოფილის ძირითადი იმპორტიორები სომხეთი, გერმანია, ჰოლანდია და თურქეთია. ამასთან, გერმანიიდან და ჰოლანდიიდან, ძირითადად, სათესლე კარტოფილი შემოდის, სომხეთიდან და თურქეთიდან კი მოხმარებისთვის განკუთვნილი პროდუქტი.

სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, თუ ათვლას 2007 წლიდან დავიწყებთ, კარტოფილის იმპორტი წლების განმავლობაში შემცირდა. 2008 წელს იმპორტირებული იყო 32 310.1 ტონა კარტოფილი, 2009 წელს – 17 637.3 ტონა, ხოლო 2010 წელს სულ რაღაც 726.8 ტონა პროდუქტი. თუმცა 2010 წელს საქართველოში კარტოფილის იმპორტის შემცირება ადგილობრივი წარმოების ზრდასთან არ არის დაკავშირებული, ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ კარტოფილის მოსავალი იმპორტიორ ქვეყნებშიც, ისევე როგორც ჩვენთან, ძალიან დაბალი იყო.

საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, რომ ადგილობრივი კარტოფილი ქვეყნის მოხმარებას აკმაყოფილებდეს.

,,ნამდვილად არის იმის პოტენციალი, რომ ქვეყანაში წარმოებულმა კარტოფილმა იმპორტირებული პროდუქცია მთლიანად ჩაანაცვლოს და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ’’, - განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა 2009 წლის 27 მაისს, როდესაც ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში კარტოფილის მოსავლის აღებას ესწრებოდა.

ჯავახური კარტოფილის ყველაზე მსხვილი კონკურენტი იაფი თურქული კარტოფილია. თავად თურქი მომწოდებლები კი, საქართველოში კარტოფილის ჩამოტანის შემდეგ, ოჯახისთვის რამდენიმე ტომარა კარტოფილის შესაძენად ახალქალაქში მიდიან, შესაბამისად, ხარისხის შედარებაც კი შეუძლებელია. სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წელს თურქეთიდან კარტოფილი არ შემოუტანიათ. ახალქალაქის სოფლებში კარტოფილის მყიდველები სექტემბრიდან, ანუ მოსავლის აღების მომენტიდანვე ბევრნი იყვნენ. თუმცა 2011 წლის 13 იანვარს თურქეთის პროვინციის ნევშექირის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარემ რეჯებ ტუნჯიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოში ექსპორტის მოცულობა იზრდება.

,,აზერბაიჯანელი და ქართველი პარტნიორებისგან შეკვეთა კიდევ 200 ათას ტონა კარტოფილზე მივიღეთ’’, - თქვა ტუნჯიმ (`,,აპკ-ინფორმი’’).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ ცენტრში კარტოფილის მოხმარების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა, რთული არაა ვივარაუდოთ, რომ ამ პროდუქტის მოხმარება წლების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდებოდა. ბუნებრივია, ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესია, ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მოსახლეობის მოთხოვნას აკმაყოფილებდეს და ექსპორტზეც გადიოდეს. სამცხე-ჯავახეთში კარტოფილის კარგი თუ ცუდი მოსავალი მთავრობას აინტერესებს, თუმცა, სახელმწიფო შესყიდვის წინადადებით აქ არავინ ჩამოდის. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების მსხვილ თუ წვრილ ფერმერთა, ანუ კარტოფილის ძირითადად მიმწოდებელთა გამოკითხვით დავადგინეთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების თემაზე მათთვის არავის მიუმართავს. მოხერხდა მხოლოდ ერთი შემთხვევის დაფიქსირება, როდესაც შესაბამის ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჩამოვიდა და სურდა კარტოფილის მსხვილი პარტია 80 თეთრად შეესყიდა, თუმცა, ადგილობრივი ფერმერები ამ ფასზე არ დათანხმდნენ. თავისი პროდუქტი, ისიც სულ რაღაც ორი ტონა, მხოლოდ სოფელ ჩამგურას ერთმა ფერმერმა გაყიდა, რომელსაც ნაღდი ფული სასწრაფოდ სჭირდებოდა.

ოფიციალურ დონეზე სახელმწიფო შესყიდვების თემაზე ვერაფრის გაგება მოვახერხეთ. გაზეთის ოფიციალურ მოთხოვნაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ცენტრმაც კი, სათანადო პასუხი არ გაგვცა. ხოლო შეკითხები, თუ რამდენ კარტოფილს მოიხმარს საქართველოს ჯარი და რამდენ პროდუქტს იძენს სახელმწიფო, რა მეთოდით ხდება ეს, რა კომპანიები იმარჯვებენ სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში და მრავალი სხვა, უპასუხოდ დარჩა.
 
მიღების ფიქტიური პუნქტები

2005 წლიდან სამცხე-ჯავახეთში კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარებულიყო.

2005 წლის 4 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ჯარისთვის პროდუქტების ჯავახეთში შესყიდვის დაწყების შესახებ განაცხადა. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟანა კალანთაძის აუდიტორიის საზეიმო გახსნის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობდა რუსული სამხედრო ბაზების ახალქალაქიდან მაშინ ჯერ კიდევ მოსალოდნელ გაყვანაზე, ჯავახკის მცხოვრებთათვის ბაზების ეკონომიკურ მნიშვნელობასა და ასევე, ამ მხარის შემოსავლების ალტერნატიულ წყაროებზე.

,,დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული შეიარაღებული ძალების მთელი პერსონალი, 20 000 სამხედრო პირი, მთლიანად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მცხოვრებთა წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციით მომარაგდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ჯარში კვების სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ამჟამად რუსულ სამხედრო ბაზაზე. ჩვენ ამ პროდუქციას შევიძენთ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, რათა არც ერთი სომხური წარმომავლობის მოქალაქე ან ამ მხარეში მცხოვრები პირი, რეგიონში ქართული სახელმწიფოს გაძლიერებითა და უცხოური გავლენის დასუსტებით არ დაზარალდეს’’. (საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი. 2007 წელი).

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვის საქმეში პირველი ნაბიჯები გადაიდგა. ორივე მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მიმღები პუნქტები გაიხსნა, სადაც პროდუქციის ჩაბარების მსურველებიც კი ჩაიწერეს.

პროდუქციის ჩაბარების მსურველთა სიებს გამგეობის კადრების მაშინდელი ხელმძღვანელი ვენედიკ ვარდარიანი ადგენდა.

,,მე მსურველებს ვიწერდი. 3000 ადამიანი შეგროვდა, მსურველები კიდევ იყვნენ, მაგრამ მითხრეს, რომ ეს რიცხი საკმარისია და მეტი აღარ ჩამეწერა. მაგრამ საბოლოოდ მათგან არაფერი უყიდიათ’’, - ამბობს ვენედიკ ვარდარიანი.

მიზეზად, რის გამოც პროდუქცია აქ არ იყიდეს, დღეს ოფიციალური პირები და ექსპერტები არამომგებიან ფასებს ასახელებენ. ამბობენ, რომ დღევანდელი სიტუაციის ანალოგიურად, მაშინ ფასი ჩვენს ფერმერებს არ აწყობდათ, ამიტომაც პროდუქტი არ გაყიდეს. თუმცა მაშინ მდგომარეობა სხვა იყო, კარტოფილის საყიდლად მინდვრებსა და სახლებში არავინ მოდიოდა, ხალხს პროდუქტი თბილისში თვითონ მიჰქონდა, გადაზიდვაზე, ღამის გათევისთვის ბევრს ხარჯავდა და იქაც ყოველთვის სასურველ ფასად ვერ ყიდდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგებელმა არტურ ერემიანმა, მართალია, არშემდგარი სახელმწიფო შესყიდვების მიზეზი არ დაასახელა, მაგრამ სიტუაცია ასე განმარტა (ინტერვიუ ჩაწერილია 2007 წელს).  

,,რეალიზაციის პუნქტები თითქოსდა უნდა გახსნილიყო, თავდაცვის სამინისტრომ ცალკე ოთახიც კი მოითხოვა. ახალქალაქიდან, პრინციპში, შესყიდვა არ მომხდარა. გამგეობის მომზადებული სიები ჩვენვე დაგვრჩა. ხალხი მოდიოდა და გვეკითხებოდა, რატომ დაპირდნენ, თუ შემდეგ მათგან არავინ არაფერს იყიდდა. თავდაცვის სამინისტრომ მაშინ გვითხრა, რომ ამ საქმით დაკავებული ფირმა შესყიდვებსა და მიწოდებას ძალიან წარმატებულად ახორციელებს. ამ პუნქტს კი წმინდა საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა, აქ იწერდნენ, რომ ამა და ამ ადამიანს ამდენი პროდუქციის ჩაბარება შეუძლია’’, - განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა არტურ ერემიანმა.


კარტოფილის წარმოება რეგიონში

რეგიონში კარტოფილის წარმოება ვითარდება. თუ 2005-2006 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარ მიწაზე 100-150 ცენტნერი იყო, 2008-2009 წლებში საშუალო მოსავლის მონაცემმა ერთ ჰექტარ მიწაზე 200-250 ცენტნერს მიაღწია. 2010 წელს ცუდი ამინდები იდგა, ძლიერმა გვალვამ მოსავლიანობა შეამცირა, თუმცა, მსხვილმა ფერმერებმა, რომელთაც კარტოფილი თანამედროვე ტექნოლოგიებით მოყავთ და იმპორტულ სათესლე კარტოფილს იყენებენ, ერთ ჰექტარ მიწაზე 200 ცენტნერი მაინც აიღეს, ჩვეულებრივი, წვრილი ფერმერების მოსავალმა კი ერთ ჰექტარ მიწაზე 150 ცენტნერი კარტოფილი შეადგინა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, შემდეგი ჯიშის კარტოფილი მოჰყავთ: მარფონა, აგრია, დეზირე, მარაბელი, პიკასო, ტიმოთე, ბელლინა და სხვ.

კარტოფილის მოსავლიანობა ახალი ტექნოლოგიებისა და კარგი სათესლე კარტოფილის წყალობით გაიზარდა. ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში სათესლე კარტოფილი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო პირებს შეაქვთ. 2005 წელს მუნიციპალიტეტში სათესლე კარტოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორგანიზაცია ,,ევროპლანტთან’’ ერთად, ,,მაღალმთიანი რაიონების განვითარების პროგრამის’’ (IFAD) ფარგლებში შეიტანა. 2007 წელს ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორმა’’ გააკეთა, 2008 წელს კი სოფლის მეურნეობის მომსახურების ახალქალაქის ცენტრმა (АЦСО).

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მონაცემებით, 2010 წელს კარტოფილის მოსავალი მხოლოდ 2 080.4 ტონა იყო. წინა, 2009 წლის იგივე მაჩვენებლის მიხედვით, მოსავალმა გასული წლების მონაცემს რამდენჯერმე გადააჭარბა და ჯამში 8 318 ტონა შეადგინა. 2010 წელი მოუსავლიანი წელიწადი გამოდგა, ზაფხულის ძლიერი სიცხეებისა და გვალვის გამო ფერმერებმა მოსალოდნელი შედეგი ვერ მიიღეს. თუმცა აღვნიშნავთ, რომ შარშანწინდელი მოსავალი 2010 წლის მოსავალზე 2-3-ჯერ მეტი იყო, ფასი კი დაახლოებით ამდენჯერვე ნაკლები.

მაშინ პრობლემა დაბალი ფასი იყო, ფერმერებს რამდენის აღებაც უნდოდათ, იმ ფასს არავინ აძლევდა. თითქმის თვითღირებულების ტოლ ფასს სთავაზობდნენ.

,,კარტოფილის თვითღირებულება 28-30 თეთრია, გაყიდვით კი 35-40 თეთრად იყიდებოდა’’, - ამბობს ,,მერსი ქორის’’ პროექტის ,,სამცხე-ჯავახეთში ფერმერულ ჯგუფთა და სოფლის მეურნოების მომსახურების გაძლიერების პროექტის’’ მენეჯერი სერგეი შახბექიანი.

,,2009 წელს ბევრი კარტოფილი იყო, მაშინ პროდუქციის დიდი ნაწილი უკრაინაში ექსპორტზე გაგვქონდა. შუამავალს ფერმერზე გაცილებით მეტი მოგება ჰქონდა. ფერმერებს ,,მერსი ქორი’’ დაეხმარა, მათ ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი გრანტის სახით დაგვირიგეს. ახლა, ახალი ტექნოლოგიებით, მიწას ყველა საჭირო მიკროელემენტით ვამდიდრებთ, თავის დროს ვაძლევთ კალიუმს, ფოსფორს, ეს არაა ქიმია, ეს მიწისთვის აუცილებელი მასალაა. ადრე მიწას მხოლოდ აზოტს ვაყრიდით, მოსავლიანობაც მცირდებოდა და მიწაც ფუჭდებოდა’’, - ამბობს ფერმერი ეგიშე ეგიზარიანი.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მხოლოდ კარტოფილის მოსავლის იმედზე ცხოვრება, სხვა შემოსავლების გარეშე, ძირითადად, გვპასუხობენ, რომ არსებობა შეიძლება, კარგად ცხოვრება კი არა. თუმცა არის გამონაკლისებიც. ფერმერი ჰარუთიუნ იორდანიანი ქალაქში ცხოვრობს, მან ტბა ზრესის შორიახლოს ორი ჰექტარი მიწა არენდით აიღო, მხოლოდ 200 აშშ დოლარად, აქედან 1.7 ჰექტარ მიწაზე კარტოფილი დათესა და 35 ტონა მოსავალი მიიღო. იგი ძალიან კმაყოფილია. მოგვიანებით მოსავლის დასამუშავებლად და სახლისთვის სხვა ხარჯების გასაწევად კრედიტის აღებაც კი მოახერხა.
 
,,სხვა სამუშაო არ არის, რაიმე ხომ უნდა ვაკეთო. მარტო კარტოფილის იმედად ყოფნა ძნელია, ორი ჰექტარი მიწა ცოტაა, აი, 20 ჰექტარი რომ დავთესო, რაღაც კიდევ იქნება. ნოემბერში მოსავალი ავიღე, სახლში ჩამოვიტანე და კილოგრამი 75 თეთრად გავყიდე’’, - ამბობს ჰარუთიუნ იორდანიანი.

კარტოფილის ფასები და უკმარისობა

კარტოფილის ფასი იზრდება, ასევე, მასზე მოთხოვნაც, კარტოფილი კი უკვე აღარ არის. ოქტომბერ-ნოემბერში ხალხი კარტოფილს 70-80 თეთრად ყიდდა, როდესაც თბილისის მაღაზიებში ეს პროდუქტი 1.50 ლარად იყიდებოდა.

გადამყიდველები ამბობენ, რომ კარტოფილის ფასს დაახლოებით 30 თეთრს ამატებენ. გია ლომიძე ახალქალაქში კახეთიდან ჩამოდიოდა, სიცივეების დადგომის შემდეგ კი ერთხელაც არ ჩამოსულა. იგი კარტოფილს ადგილზე 80 თეთრად ყიდულობდა, კახეთის ბაზარზე კი 1.10 ლარად ყიდდა.
 
,,გზას ბენზინი და სხვა ხარჯი სჭირდება, ჩვენ მხოლოდ 10 თეთრი გვრჩება’’, - ამბობს გია ლომიძე.

სერგეი შახბექიანი განმარტავს, რომ თბილისამდე კარტოფილი რამდენიმე შუამავლის ხელში გადის და ფასიც ამიტომ იზრდება.

,,შუამავალი ორია: ესაა ადამიანი, ვისაც აქედან მიაქვს. მათ უკვე ყველაფერი იციან, ვის როგორი პროდუქცია აქვს და სად რა მდგომარეობაა. შემდეგ კი საბითუმო ბაზარზე აბარებენ ან პირდაპირ ბაზარში ყიდიან’’, - ამბობს ,,მერსი ქორის’’ ,,სამცხე-ჯავახეთში ფერმერულ ჯგუფთა და სოფლის მეურნოების მომსახურების გაძლიერების პროექტის’’ მენეჯერი სერგეი შახბექიანი.

ბევრი ამბობს, რომ სერიოზული ზარალი განიცადეს, რადგან თავის დროს 70 თეთრად გაყიდეს, ახლა კი კარტოფილის ფასი 1 ლარიდან 1.30 ლარამდეა. გამოდის, რომ თითქმის ნახევარი ფასი წააგეს.

ახლა ახალქალქის ბაზარში კარტოფილი 1.50 ლარად იყიდება, საბითუმო ფასი 1.2-1.5 ლარია, ბორჯომის ბაზარში 1.60 ლარი ღირს, თბილისის მაღაზიებში კი ერთი კილოგრამი კარტოფილის ყიდვა 1.5-1.60 ლარად შეიძლება.

გასული წლის შემოდგომაზე, მოსავლის აღებიდანვე აწეულმა ფასებმა და შემსყიდველთა გაუგონრად დიდმა რაოდენობამ ფერმერებს მთელი თავიანთი მოსავლის გაყიდვისკენ უბიძგა. მოსავალი ბევრი არც იყო, ამიტომ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის და ზოგიერთმა სათესლედ შეინახა. გასაყიდად ცოტას თუ აქვს კარტოფილი დარჩენილი, არადა გაზაფხულის მოსავლამდე კიდევ რამდენიმე თვეა. კარტოფილის ნამდვილი დეფიციტი და შარშანდელი წლის მოუსავლიანობა საქართველოში სულ ცოტა ხანში გახდება საგრძნობი.

კარტოფილის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი სოფლის ჩამდურას მკვიდრი ფერმერის არამ მარანგოზიანის თქმით, ჩვენს მუნიციპალიტეტში კარტოფილის დეფიციტი უკვე იგრძნობა. მოსავლის უდიდესი ნაწილი მან უკვე გაყიდა და რეალიზაციისთვის მხოლოდ ერთი ტონაღა დარჩა.
 
,,20-30 მანქანა – მუდმივი შემსყიდველებია. უკვე 15 წელია ჩამოდიან და აქ ყველაფერი იციან. წელს ბევრი მარნეულიდანაც ჩამოვიდა’’, - ამბობს არამ მარანგოზიანი.

აი, ჰარუთიუნ იორდანიანს კი გასაყიდად საერთოდ არ დარჩა კარტოფილი, იგი არც ნანობს, რომ შემოდგომაზე მთლიანად გაყიდა. ამას ალბათ კარტოფილის ის მოყვარულები ინანებენ, ვინც ახალქალაქური კარტოფილის გემო იცის.

რიმა ღარიბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი