პოლიკლინიკამ ადგილმდებარეობა შეიცვლა
რა ბედი ეწევა პოლიკლინიკის შენობას, ჯერჯერობით გაურკვეველია. |
5 სექტემბერს, დილით, ყელ-ყურის ექიმთან მისულ ნათია მანველიშვილს პოლიკლინიკის კარი დაკეტილი დახვდა: “წყლის გამო ყური დამიზიანდა, პედაგოგი ვარ და პოლისისთვის მიმართვაც მჭირდებოდა. მომასწავლეს, მაგრამ ძლივს მოვაგენი შესასვლელს. თან აღმოჩნდა, რომ ორ კორპუსში არიან განთავსებული და ერთი შენობიდან მეორეში გადასვლა საბუთების მოსაწესრიგებლად რამდენჯერმე მომიხდა”.
მანველიშვილის თქმით, დისკომფორტს ისიც ქმნის, რომ საავადმყოფოს შენობა ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს: “პოლიკლინიკა ხშირად გვჭირდება და ქალაქში უნდა ყოფილიყო. საავადმყოფო კი აუცილებელი მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებშია”.
პოლიკლინიკის დაცლა 2 სექტემბერს, დილის 9 საათზე დაიწყო და შუადღემდე კორპუსი გათავისუფლდა. სამსართულიანი შენობა თამარაშვილის ქუჩაზე, 1970 წელს, პოლიკლინიკისთვის აშენდა და დღემდე ამ პროფილით ფუნქციონირებდა.
რისთვის გამოთავისუფლდა შენობა ახალციხის რაიონული პოლიკლინიკის დირექტორმა თინათინ აბულაძემ არ იცის. იმაზე, თუ რა უნდა განთავსდეს იქ, სადაც ოთხი ათეული წლის განამვლობაში სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებდა, არც ახლაციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი საუბრობს: “შენობა ჩვენ ბალანსზე არაა, რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის ოპტიმიზაციას, ამ მიამრთულებით ცვლიებებს გეგმავენ, მაგრამ ჯერ მხოლოდ გეგმავენ. გარკვეული არაფერია”.
პოლიკლინიკაში მედპერსონალს 1 036 კვადრატული მეტრი ეკავა, საავადმყოფოს შენობაში კი დაახლოებით 400 კვადრატულ მეტრზე განთავსდა.
“ვლაგდებით ნელ-ნელა. პაციენტები ექიმებს ურეკავენ და ასე გვაგნებენ”, - ამბობს ახალციხის რაიონული პოლიკლინიკის დირექტორი თინათინ აბულაძე.
მისი თქმით, ამჯერად პოლიკლინიკა ორ სხვადასხვა შენობაშია განთავსებული: “პედიატრები და თერაპევტები გვერდით კორპუსში ზიან, რეგისტრატურაც იქაა, სპეციალისტები აქეთ არიან, ძირითად კორპუსშია სალაროც. გვინდა, რომ მთავარ კორპუსში ვისხდეთ ყველა. პაციენტისთვის ასე უფრო მოსახერხებელი იქნება”.
თითქმის ყველა სამედიცინო განყოფილება ფუნქციონირებს როგორც პოლიკლინიკაში, ასევე საავადმყოფოში. მაგალითად დუბლირება მოხდა ლაბორატორიის, ქირურგიული ნაწილის. განყოფილებებთან ერთად მეორდება კაბინეტები და სპეციალისტები. გარდა უბნის ექიმებისა, ანუ იმ განსხვავებით, რომ საავადმყოფოს ექიმები მოქალაქეებს ბინაზე არ აკითხავენ, პოლიკლინიკის მსგავსად ამბულატორიული მომსახურება საავადმყოფოშიცაა.
“ჯერ არ ვიცით რა ფორმით გავაგრძელებთ მუშაობას. ინვენტარს მთლიანად გადმოგვცემენ თუ არჩევით, კადრების გადმოყვანა ასი პროცენტით მოხდება თუ არა, ან პროგრამები როგორ გაგძელდება, რომ უწყვეტობა შენარჩუნდეს. საუბარია იმაზე, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება უნდა იყოს ერთ ხელში და ერთ ქუდქვეშ”, - ამბობს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი დავით მაისურაძე.
აბულაძის განცხადებით, პოლიკლინიკაში წლის ბოლომდე არაფერი შეიცვლება, რადგან სახელმწიფო პროგრამები კონტრაქტით დეკემბრამდეა გაფორმებული. ჟერ-ჯერობით კადრებიც ასი პროცენტით შენარჩუნებულია: “კარგია თუ საავადმყოფოსთან გაერთიანება მოხდება, მაგრამ ამბულატორიული სამსახური სხვადასხვა სამსახურებით არ უნდა გადაიფაროს, რადგან ხალხს ამბულატორიული რეჟიმი ემსახურება. სტაციონარი კი მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს გამოიყენება”.
მისი განმარტებით, ყველაზე დიდი მუშაობა ამბულატორიაში იმუნიზაციის, ანუ ბავშვების აცრის დროს ვლინდება: “მისი პროცენტული მაჩვენებელი 99-ს შეადგენს. როგორი ოპტიმიზაციაც არ უნდა მოხდეს, ამბულატორიამ თავისი სახე უნდა შეინარჩუნოს”.
აბულაძე ამბობს, რომ
უახლოეს დღეებში ახალციხის სასწრაფო სამედიცინო სამსახური და ქალთა კონსულტაციაც საავადმყოფოს შენობაში განთავსდება. მაისურაძის განცხადებით: “შენობაში ფართი საკმარისია”.
გარდა იმისა, რომ
ამჟამად ორი
სამედიცინო დაწესებულება ერთ შენობაში ფუნქციონირებს, ჯანდაცვის სფეროში ოპტიმიზაციის პროცესი კიდევ რაში გამოიხატება მომავალი გვიჩვენებს.
ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის, ირაკლი სასანიას თქმით, არსებობს სხვადასხვა
სახის ოპტიმიზაცია, მაგალითად: კომბინაციური ოპტიმიზაცია ან კოორდინაციული ოპტიმიზაცია, რაც
თავისთავად ზედმეტი ადმინისტრირებისა და შესაბამისად დანახარჯების შემცირების
მიზნით ხორციელდება: “ამას არამომგებიანი სერვისების, შენობა ნაგებობების, აპარატურის, ან ადამიანური რესურსის შემცირება მოჰყვება”.
სახელმწიფო პროექტზე უკვე მუშაობს, აღნიშნულ საკითხთან დაკავაშირებით მთავრობა უახლოეს დღეებში გამართულ სხდომაზეც იმსჯელებს.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი