აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხორბლის დიდი ნაწილი სეტყვამ გაანადგურა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მარცვლოვანი კულტურების მოსავლის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ჯერ არ არის, ის ოქტომბრის ბოლოს დაითვლება. თუმცა, ყველა მიწათმოქმედი, ვისაც წელს ეს კულტურები ჰქონდა დათესილი, მოსავლის სიმცირეს ერთხმად უჩივის.
წლევანდელი წელი ძალიან ნაყოფიერი იყო, ხილ-ბოსტნეულიდან დაწყებული ხორბლის ჩათვლით, მაგრამ აგვისტოში წამოსულმა ძლიერმა სეტყვამ ზუსტად იმ სოფლებში დააზიანა მარცვლეული, სადაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარცვლოვანი კულტურების ძირითადი ნაწილი მოდის. სეტყვამ განსაკუთრებით დააზარალა მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მინდვრები სოფლებში: კუმურდოში, მურჯახეთში, ვაჩიანში, კიროვაკანში, ჩამდურასა და რამდენიმე სხვა დასახლებაში.
სოფელ კიროვაკანში მცხოვრებმა ერვანდ პეტროსიანმა ხორბლის მცირე მოსავალი მიიღო.
“ერთ ჰექტარზე მეტ ფართობზე მქონდა დათესილი და ერთი ტონა ხორბალი ავიღე. ეს კიდევ კარგია, ზოგმა ერთი ჰექტრიდან 300 კილოგრამი ძლივს აიღო. არიან ისეთებიც, ვისაც მოსავალი საერთოდ არ აუღია. ჩვენს სოფელში ხორბლის მოსავალი 70 პროცენტით გაფუჭდა”, - ამბობს იგი.
იგივე მდგომარეობაა სოფელ კუმურდოში. ჰარამაის ვარდანიანმა მოსალოდნელი მოსავლის მხოლოდ 50 პროცენტი აიღო, დანარჩენი მარცვალი სეტყვამ გააფუჭა: “სეტყვის მოტანილი ზიანი სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა იყო მინდვრების ადგილმდებარეობის, მათი მაღალი თუ დაბალი მდებარეობის მიხედვით. ზოგს 50 პროცენტი, ზოგს კი 70-80 პროცენტი გაუფუჭდა. ხალხის ნაწილმა სათესლე ხორბალიც კი ვერ აიღო. დაითვალეთ, ხარჯი რამდენია, მიწის მოხვნა, დათესვა, დამუშავება და აღება, ბოლოს კი ცარიელი ხელებით დარჩენა”.
სოფელი მურჯახეთიც იგივე მდგომარეობაშია. სოფლის მცხოვრებთა თქმით, აქ არის ხალხი, ვინც თითო ჰექტარი მიწიდან ერთი ტომარა ხორბალი ძლივს აიღო, ზოგს კი მოსავალი საერთოდ არც აუღია.
მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილისთვის სეტყვას ასეთი მასშტაბის ზიანი არ მიუყენებია, ამიტომაც აქ ხორბლის მოსავალი გაცილებით უკეთესია. თუმცა მუნიციპალიტეტის ამ მხარეს მარცვლეულის ნათესების მხოლოდ მცირე ნაწილია თავმოყრილი.
“40 არი მიწა დავთესე და მოსავალიც ძალიან კარგი ავიღე. ჩვენს მხარეს სეტყვა მაინცდამაინც არ შეხებია. წელს ხორბლის მოსავალი მთელ საქართველოში კარგი იყო, ამიტომაც ხორბალსა და მარცვლეულზე ფასები მაღალი არ არის”, - ამბობს სოფელ კულიკამის მკვიდრი ჰამლეტ დემირჩიანი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი