ახალციხეში მცხოვრები ალიოზ მერაბიშვილი ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანს შორის, ვისი წინაპრებიც რეპრესიებს ემსხვერპლნენ. 1958 წელს დაბადებულმა ოჯახის ტრაგედია მშობლების მონათხრობით იცის:``ჩვენი ოჯახი 1951 წლის რეპრესიების მსხვერპლია. სკოლის დამთავრებიდან მეორე წელს მამა ომში წაუყვანიათ, საიდანაც ხუთი წლის შემდეგ დაბრუნებულა. შემდეგ სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სამშენებლო ფაკულტეტზე გაუგრძელებია. მეხუთე კურსზე მამას დიპლომზე დაუწყია მუშაობა, მაგრამ ვეღარ დაუსრულებია”.
მისივე ნაამბობით, თბილისში მცხოვრებ სტუდენტ მამასთან, ღამის 12 საათზე სამი უცნობი ადამიანი მისულა და ახსნა-განმარტების გარეშე დაუპატიმრებიათ: “ფეხშიშველი წაუყვანიათ და სხვა დაკავებულებთან ერთად ბორჯომში სატვირთო ვაგონში შეუგდიათ”.
იმავე დროს ოცი
ადამიანი შეჭრილა ალიოზ მერაბიშვილის ბაბუის სახლშიც და ასევე ახსნა-განმარტების გარეშე დაუპატიმრებიათ ოჯახის დანარჩენი წევრები: “დააკავეს ბებია და ბაბუა, ფეხმძიმე დედა და ჩემი 2 წლის და. დედა ამბობდა, რომ ყველაზე დიდი სტრესი მაშინ გადაიტანა”.
ერთი ხალიჩა, სპილენძის წყლის თუნგი და სპილენძის ჭიქა – მხოლოდ ამ ნივთების წაღება მოასწრო მერაბიშვილების ოჯახმა. ორკვირიანი მგზავრობის შემდეგ სამშობლოდან გადასახლებული ოჯახები შუა აზიაში, ლიჩევსკის რაიონში ჩავიდნენ: “ტრიალ მინდორზე, ბარაკებში დაუტოვებიათ. ორი წელი უცხოვრიათ ასეთ პირობებში”.
მერაბიშვილების ოჯახი საქართველოში 1953 წელს დაბრუნდა. სოფელში დაბრუნებულებს მხოლოდ ოთხი კედელი დახვდათ. ცხოვრება თავიდან დაიწყეს.
“პაპაჩემს გზაში ინსულტი დამართვია, ცალი მხარე პარალიზებული ჰქონდა. ბებია გულის დაავადებით დაბრუნეულა და მალევე გარდაიცვლილა. ჩემმა ძმამ კი, ექიმების დასკვინით ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას მიიღო ძლიერი სტრესი. გარდაცვალების მიზეზიც ეს გახდა, 46 წლის ასაკში გულით დაიღუპა”, - ამბობს იგი.
რეპრესირებულ ადამიანებს და მათ შთამომავლებს იმედი, რომ სახელმწიფო ფულად კომპენსაციას მიცემს, მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ძმების _ ლაუს და იური კილაძეების სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ. მოსარჩელეების სასარგებლოდ საქართველომ 4 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. კილაძეები მამის დახვრეტის, დედის დაპატიმრების, მათ თავშესაფარში ცხოვრების პირობების, ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანისა და ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მოითხოვდნენ.
“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის თანახმად, კომპენსაცია ეკუთვნით იმ პირებს, რომლებმაც უშუალოდ განიცადეს რეპრესიები თავისუფლების აღკვეთით, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იძულებით მოთავსების სახით.
ამასთანავე, კანონი ადგენს, რომ
მატერიალური ანაზღაურების მიღება შეუძლიათ რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს, მეუღლეს, შვილებს ან დედმამიშვილს.
“არც ბებია და ბაბუა არიან ცოცხლები და არც მშობლები. მხოლოდ დედმამიშვილები დავრჩით”, -ამბობს ალიოზ მერაბიშვილი, რომელიც ამჟამად კომპენსაციის მისაღებად საჭირო საბუთებს აგროვებს. მისივე თქმით, სადაო ბევრი აქვს: “უნდა ვიდაო ქონებაზეც, ფსიქოლოგიურ მომენტზეც და იმაზეც, რომ ჩემი ძმა სწორედ ამ რეპრესიების დროს მიღებული დაავადებით გარდაიცვალა”.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთევან ბებიაშვილის თქმით, თუ პირი იყო
რეპრესირებული, მაგრამ ასეთად არ არის სასამართლოს წესით აღიარებული, უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: “შინაგან საქმეთა სამინისტროდან ცნობა რეპრესირებულობის შესახებ; სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ცნობის შესაბამისად; პირადობის დამადასტურებელი საბუთი და დაბადების მოწმობა; თუ რეპრესირებული პირი გარდაცვლილია, მისი გარდაცვალების მოწმობა; პირველი რიგის მემკვიდრეების დაბადების მოწმობები, თუ ქონება იყო ჩამორთმეული, არქივიდან ცნობა ქონების ჩამორთმევის შესახებ”.
მისივე განმარტებით, ფულადი კომპენსაციის გაცემის
თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლო. რაც შეეხება თანხის
ოდენობას, ჯერ დადგენილი არ არის: “კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია რეპრესიის ფორმის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე. ასევე, რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა ობიექტურ ფაქტორებზე”.
ქეთევან ბებიაშვილისთვის სავარაუდო თანხა ცნობილია: “სასამართლო გადაწყვეტილებით ახდენს მაქსიმუმ 500 ლარით დაკმაყოფილებას. ეს ძალიან მიზერულია იმ ზიანისთვის, რაც რეპრესირებულებს და მათ მემკვიდრეებს მიადგათ”.
ალიოზ მერაბიშვილის თქმით, რეპრესირებულ ოჯახებზე
სავარაუდოდ 4 ათასი ლარი გაიცემა: “ჩვენი ოჯახისთვის
ეს თანხა ძალიან მიზერულია. პაპაჩემმა უფრო მეტი ღირებულების ქონება დაკარგა. გარდა
ამისა, ამ რეპრესიებს შეეწირნენ ძმა, ბებია და ბაბუა”.
ვისაც კომპენსაციის მიღება სურს, სარჩელი ფინანსთა
სამინისტროს წინააღმდეგ 2014 წლამდე უნდა შეიტანონ.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი