ვირუსის შემთხვევები ახალციხესა და ახალქალაქში

ახალციხე 


 H1N1 ვირუსის შემთხვევების რიცხვი იზრდება. ინფიცირებულთა რაოდენობა ახალციხეშიც მატულობს. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მათ ლაბორატორიაში წლის განმავლობაში 239 სინჯი ჩატარდა. აქედან ,,ღორის გრიპის’’194 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 6 ლეტალურად დასრულდა.
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, მიმდინარე წელს, H1N1 ვირუსის სამი შემთხვევა ლაბოლატორიულად დადასტურდა.
,,მთელი თვის განმავლობაში ჰოსპიტალიზაციის 37 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს ციფრი გასულ წელთან შედარებით ნაკლებია, შარშან იანვარში საავადმყოფოში 53 ინფიცირებული იწვა’’, - გვიხსნის ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი ლალი კირთაძე და ამატებს, რომ მომატებულია ზემო სასუნთქი გზების ინფექციები. თუ გასული წლის იანვარში ზემო სასუნთქი გზების ინფექციით 131 შემთხვევა დაფიქსირდა, მიმდინარე წლის იანვარში ამ რციხვმა 234 შეადგინა. რაც შეეხება გრიპის ამბულატორიულ შემთხვევებს, მიმდინარე წლის იანვარში 22, გასული წლის იანვარში კი 59 დაფიქსირდა.
,,შარშანდელი ეპიდემიის შემდეგ, ყველა გრიპი H1N1- ია, გააჩნია მისი გამოვლინება როგორი იქნება, მეტად მძიმე, ნაკლებად მძიმე თუ მსუბუქი. ერთხელ გრიპის გადატანის შემდეგ, იმუნიტეტი ძლიერდება და მეორედ აღარ შეგხვდება’’, - ამბობს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი დავით მაისურაძე.
მისი თქმითაც, გაზრდილია ზემო სასუნთქი გზების ინფექციის გამწვავების შემთხვევები: ,,სუნთქვის პრობლემის გამო ერთი ფეხმძიმე რეანიმაციაში მოვათავსეთ, მაშინვე დავუწყეთ რელენზას გაკეთება, მაგრამ მდგომარეობის გართულების გამო იგი რეფერალური პროგრამით ღუდუშაურში გადავიყვანეთ. ახლა, რამდენადაც ვიცი, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’’.
მაისურაძის განმარტებით, საავადმყოფოში ძირითადად ხელმოკლე ადამიანები წვებიან: ,,მედიკამენტებს დაზღვევით უფასოდ ღებულობენ და სტაციონარში არჩევენ მკურნალობას. მინიმუმ გაორმაგდა დატვირთვა თერაპიული პროფილის განყოფილებებზე’’.
დედაქალაქში მოქმედი პოლიკლინიკებისა და საავადმყოფოებისგან განსხვავებით კარანტინი ახალციხის სამედიცინო დაწესებულებებში არ დაუწესებიათ. თუმცა, პაციენტებთან მნახველების შეშვება ახალციხის საავადმყოფოში შეზღუდულია.
,,ვცდილობთ ავუხსნათ მათ, რომ ნაკლები კონტაქტის შემთხვევაში ვირუსის გადადების საფრთხეც ნაკლებია’’, - ამბობს მაისურაძე.
ახალციხის რაიონულ პოლიკლინიკაში პროფილაქტიკის მიზნით, კარების სახელურებზე სადეზიფენქციო ხსნარით დასველებული ტამპონებია დახვეული. დღის განმავლობაში ორჯერ იგივე ხსნარით იწმინდება დერეფნები.
,,კარანტინი, საჭიროების შემთხვევაში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში უნდა გამოცხადდეს’’, - აცხადებს ახალციხის რაინული პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილე ლილი კაკოშვილი.
მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ზაზა თამარაშვილის განცხადებით, სკოლაში ვირუსის გამო ბავშვები გაკვეთილებს აცდენენ, თუმცა ამას მასიური ხასიათი არ აქვს.
სტაბილურია ვითარებაა საბავშვო-ბაღებშიც.
,,იანვარში ხუთი ბავშვი დაგვემატა კიდეც’’, - ამბობს ახალციხის მეოთხე ბაგა-ბაღს მენეჯერი მარინა თოთაძე.
თუმცა, მიმდინარე წლის იანვრიდან პირველ თებერვლამდე ზემო სასუნთქი გზების ინფექციით ახალციხის რაიონულ პოლიკლინიკას 79-მა პაციენტმა მიმართა. მათ შორის 22 მოზარდი, დანარჩენი კი 16 წლამდე ასაკის ბავშვი იყო. პოლიკლინიკაში რეგისტრირებული 79 პაციენტიდან ლაბოლატორიულად H1N1 ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.
მედიკოსები ვირუსის გამწვავებას თებერვლის ბოლომდე ელოდებიან, თუმცა, როგორც საავადმყოფოში, პოლიკლინიკასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, მედიკამენტებით მომარაგაბულნი არიან.

 ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში იანვრის თვეში სეზონური გრიპის 149 და გრიპის მსგავსი მდგომარეობის 24 შემთხვევა დარეგისტრირდა. სწორედ ამდენმა ადამიანმა მიმართა ამბულატორიულ მკურნალობას. რეალურად კი, დაავადებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია, თუმცა, ისინი, სხვადასხვა მიზეზების გამო, ექიმებს არ აკითხავენ.


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემოლოგი რონიკ ავაკიანი მიიჩნევს, რომ ავადმყოფთა რიცხვი უფრო მეტია, უბრალოდ, მათ შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე ე.წ. ббღორის გრიპისэ 208 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნატა ავალიანი აცხადებს, რომ გრიპით დაავადებულთა რაოდენობა გასული წლის მონაცემისგან არ განსხვავდება.

რონიკ ავაკიანის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების რისკი მეტია.

,,აქ ბევრია რუსეთიდან ჩამოსული. შესაძლოა თავადაც არ იცოდნენ, რომ უკვე ვირუსის ინკუბაციის პერიოდში იმყოფებიან და აქ ჩამოსულები დაავადების წყაროდ იქცნენ. ამიტომ ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით კი, N1H1 ვირუსის გავრცელების ქვეყნებიდან ჩამოსულებმა ზედმიწევნითი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ'', - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემოლოგი რონიკ ავაკიანი.

მისი აზრით, ვირუსის გავრცელების დიდი რისკის ქვეშ არის სკოლები.
,,ჩვენს სკოლებში ერთ კლასში 40 მოსწავლეა, არ აქვთ ვენტილატორები. წარმოიდგინეთ ორი მოსწავლეც რომ აცემინებდეს და ახველებდეს, ვირუსის გავრცელების როგორი გარემო შეიქმნება. ყოველ მოსწავლეს, დაახლოებით, 1.2 კვადრატული მეტრის ფართი ეკუთვნის, მაგრამ ამის საშუალება არაა. კიდევ ეს ევროპული სტანდარტის ფანჯრები, რაც ყველა სკოლაშია. ისინი ჰერმერტულია და ბუნებრივი, ოთახი ფანჯრების მეშვეობით ვერ ნიავდება, ჩვენ კი ბავშვებს ვაიძულებთ დღეში 5-6 საათი ასეთ პირობებში გაატარონ'', - ამბობს რონიკ ავაკიანი.

დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ძლიერი ყინვები და თოვლია, რაც ვირუსის გავრცელებას მეტნაკლებად უშლის ხელს. თუმცა სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ტემპერატურის დაცემა და სპეციალისტები შიშობენ, რომ ამ ფაქტორმა შესაძლოა მწვავე ვირუსული დაავადებების გავრცელება გამოიწვიოს.

ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის სანდრო ურუშაძის თქმით, H1N1 ვირუსით დაავადების პიკი წელს გაზაფხულისთვისაა მოსალოდნელი.
,,პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჩვენ წამლების აუცილებელი მარაგი გვაქვს, რათა დაავადებას სათანადოდ შევებრძოლოთ'', - განაცხადა მინისტრმა.REGIONS.GE

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მოქალაქეებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების ყველა ზომები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს (ეს ბოლო რეკომენდაცია განსაკუთრებით ეხება რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს), გრიპის ნიშნების პირველი გამოვლინებისთანავე ყველამ აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს.

დაავადების მძიმედ ან ლეტალური შედეგით განვითარების რისკის ჯგუფის ქვეშაა ადამიანთა სამი ჯგუფი: ფეხმძიმე ქალბატონები, განსაკუთრებით, ორსულობის მესამე ტრიმესტრის პერიოდში, ორ წლამდე ასაკის ბავშვები და ფილტვების ქრონიკული დაავადებების, მათ შორის, ასთმის მქონე პირები. დაავადების მძიმედ განვითარების რისკი ბავშვებში შეიძლება ნევროლოგიურმა დარღვევებმაც აამაღლოს.

ავადმყოფთა უმრავლესობასთან დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ისინი ოჯახურ პირობებში მკურნალობენ. სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს იმ შემთხვევებში, თუ ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის შეჭირვება ან სამ დღეზე მეტხანს მაღალი სიცხე შეიმჩნევა. პატარა ასაკის ავადმყოფი ბავშვის მშობლებმა ექიმს უნდა მიმართონ იმ შემთხვევებში, თუ პატარას გახშირებული ან გართულებული სუნთქვა აქვს, ტემპერატურა დაბლა არ ჩამოდის ან კრუნჩხვები აქვს.

თამუნა უჩიძე, ახალციხე
შუშან შირინიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი