ნაადრევი სამზადისი

უახლოეს დღეებში ``ეროვნული საბჭო``  ახალციხეში ოფიციალურად გახსნის რეგიონულ ოფისს. რას მოასწავებს ოპოზიციური პარტიის ოფისის გამოჩენა რეგიონში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე? ,,სამხრეთის კარიბჭე'' ,,კონსერვატიული პარტიის'' სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილს ესაუბრა. 

- არაოფიციალურად ,,ეროვნულმა საბჭომ'' სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ოფისი უკვე გახსნა, როდის გაიხსნებით ოფიციალურად?

- ოფიციალურ გახსნას ამ დღეებში ვგეგმავთ, სავარაუდოდ, მარტის თვის დასაწყისში, ტექნიკური სამუშაოებია დასამთავრებელი. ოფისი უკვე ვიქირავეთ, თვეში ვიხდით 300 დოლარის ექვივალენტს ლარებში.

- როდის გქონდათ ბოლოს ოფისი სამცხე-ჯავახეთში?


- ოფისი ბოლოს 2008 წლის დასაწყისში, წინასაარჩევნო პერიოდში გავხსენით. თუმცა, დაიხურა საპარლამენტო არჩევნების დამთავრებისთანავე. ეს ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა.

- ანუ, ფინანსები გამოჩნდა...




- პარტიას გააჩნია თავისი ფინანსური შემოსავლები, საიდან და როგორ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები?

- ჩვენ ოფისის გახსნამდეც ვმუშაობდით, მაგრამ ცხადია, სულ სხვაა, როცა ოფისი გაქვს, ნორმალური სამუშაო პირობებია და შეგიძლია შეხვდე მხარდამჭერებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მარტო ოფისი არ წყვეტს არაფერს, ეს არის ადგილი, სადაც უნდა მოვიდნენ, მაგრამ პოლიტიკაში მარტო მოსვლა არ კმარა, მისვლაც საჭიროა. თუ გვექნება ფინანსები, ესეც აუცილებლად იქნება.

- ერთი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებია. ეს, ალბათ, ბოლო წლებში პირველი პრეცენდენტია, როცა ოპოზიციური გაერთიანების რეგიონული ოფისი არჩევნებამდე ასე ადრე იხსნება. რას მოასწავებს ასეთი სამზადისი?

- ნებისმიერი პარტია, ვისაც აქვს პოლიტიკაში მოსვლის პრეტენზია, ყოველთვის ემზადება არჩევნებისთვის. ოფისის გახსნა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, არ ნიშნავს დიდი ხნით ადრე სამზადისის დაწყებას. ერთი წელი არ არის დიდი დრო. ეს ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია პოლიტიკური პარტიისთვის. პარტია მაშინ ხსნის ოფისს, როცა ფინანსები აქვს.

- რა გზას აირჩევთ ხელისუფლების შეცვლისთვის? ისევ ქუჩის აქციები?



- ხელისუფლების შეცვლა იგეგმება მხოლოდ არჩევნებით. პოლიტიკურ სპექტრში არსებობენ პარტიები, რომელთაც სხვადასხვა შეხედულებები აქვთ და ყველა აქციებს არ ემხრობა.

- თუმცა, რაღაც პერიოდში თქვენც მონაწილებდოთ ქუჩის აქციებში...

- რა თქმა უნდა, მაგრამ არამხოლოდ ჩვენ, უფრო ზომიერი პარტიებიც. უბრალოდ, ეს არის ერთ-ერთი ხერხი. `ეროვნული საბჭო~ გეგმავს ხელისუფლებაში მოსვლას და გამოიყენებს ყველა ხერხს, რაც არსებობს, ეს იქნება არჩევნები, მოლაპარაკებები თუ სხვა.

- რას გულისხმობთ მოლაპარაკებებში?



თუნდაც სხვა ოპოზიციურ პარტიასთან მოლაპარაკება, ან ხელისუფლებასთან სხვადასხვა საკითხზე. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ურთიერთობებია.

- ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ყოველთვის საუბრობდნენ, რომ არჩევნებზე ვერ იცავდენენ ხმებს. ამ ეტაპზე მთავარ იმედს მაინც არჩევნებზე ამყარებთ. ფიქრობთ, რომ მზად იქნებით ხმების დასაცავად?

- ამისთვის ჯერ შესაბამისი კადრები უნდა მოვამზადოთ. გვყავდა კიდეც, მაგრამ ბევრი დავკარგეთ, ზოგი ანებებდა თავს, ზოგს ანებებინებდნენ და ასე შემდეგ. საზოგადოებასაც სჭირდება მომზადება.

- ანუ, კადრების დაკომპლექტება მიმდინარეობს?



- უფრო შერჩევა, დაკომპლექტებაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ უნდა მოიზიდო ადამიანები და ასწავლო. ახალი კადრის მომზადება ადვილი არ არის. ეს ჩვენ კი არა, ჩვენზე ძლიერ პარტიებსაც უჭირთ.

- რას გულისხმობთ საზოგადოების მომზადებაში?

- ყველამ უნდა გაითავისოს, რომ მისი ხმა გადაწყვეტია. დამოკიდებულება, ჩემი ერთი ხმა რას შეცვლის, უნდა შეიცვალოს. უამრავი ცნობილი ფაქტი არსებობს, როცა ზუსტად ერთმა ხმამ გადაწყვიტა არჩევნების ბედი. დროა, ჩვენც მივიდეთ იმ მოსაზრებამდე, რომ არჩევნებით თუ გვინდა გადავწყვიტოთ ჩვენი და ჩვენი შვილების ბედი, უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა.

- და ბოლოს, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ ხომ არ `გაქრება რეგიონიდან ''ეროვნული საბჭოს'' ოფისი? 

- ამ ეტაპზე მხოლოდ ექვსი თვით გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება ფართის მეპატრონესთან, ვნახოთ შემდეგ რა იქნება. რა თქმა უნდა აქ ისევ ფინანსებია გადამწყვეტი.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი