ფურცლებზე დარჩენილი დახმარება

როგორია ახალციხის მუნიციპალიტეტში სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა. რას ამბობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და რა სურათია 2010 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მიერ 2010 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მინიმალური სოციალური პაკეტი, რომელიც 671.114 ათას ლარს შეადგენს.



რას ამბობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები;

გაზეთ ,,სამხრეთის კარიბჭის” ნომრებში არაერთხელ დაწერილა სოციალურად დაუცველი ოჯახების ისტორია. ყოფილა შემთხვები როცა მოსახლეობა რედაქციაში თავად მოსულა დახმარების სათხოვნელად.

ევგენია გევროქიანი გაზეთის რედაქციას ორ დეკემბერს ეწვია.

,,მოგეხსენებათ, რომ ვარ მარტოხელა ავადმყოფი, მოხუცი პენსიონერი. 2009 წლიდან მივმართავ ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რათა გამოყოს კომისია და შეამოწმონ ჩემი საცხოვრებელი ბინა, რომელშიც როდესაც წვიმაა ისევე წვიმს, როგორც გარეთ. მაგრამ დღემდე არავინ დაინტერესებულა ჩემი გაჭირვებით. მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, კვლავ მივმართე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს დავით ათუნაშვილს, რომელმაც უარი მითხრა ფონდის არ არსებობის გამო, მაშინ როდესაც ყველასთვის არსებობს დახმარების ფონდი, მხოლოდ ჩემნაირი მარტოხელა მოხუცისთვის არ შეიძლება გამოინახოს რაიმე სახსარი’’, - ეს არის ამონარიდი იმ განცხადებიდან, რომლითაც ევგენია გეორქიანმა 2010 წლის 2 დეკემბერს ,,სამხრეთის კარიბჭის’’ რედაქციას მომართა და დახმარება ითხოვა.

ევგენია გევორქიანი დასთან, ასთხიკ გევორქიანთან ერთად, ახალციხეში, რუსთაველის #88-ში ცხოვრობს. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, დაზიანებულია სახურავი და შესასვლელი კიბე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დახმარების თხოვნით, გევორქიანებმა პირველად 2009 წელს მიმართეს.

,,მე თვითონ დავწერე განცხადება. ვითხოვდი, რომ მოსულიყვნენ და ენახათ რა ცუდ პირობებში ვცხოვრობთ. როცა წვიმს, სახლში ისეთი წყალი ჩამოდის, ჭურჭელი აღარ გვყოფნის. ასევე, ვთხოვდით კიბეების გაკეთებას, ყოველდღე ველოდებით, რომ ჩაინგრევა. ეს სახლში შესასვლელი ერთადერთი გზაა’’, - ამბობს ევგენია გევორქიანი.

განცხადებაზე პასუხი დღემდე არ მიუღიათ. რამდენიმე თვის შემდეგ, იგივე შინაარსის განცხადება გევორქიანებმა კიდევ დაწერეს, პასუხი არც ამ განცხადებაზე მოსვლიათ.

ასთხიკ გევორქიანი ამბობს, რომ 2009 წელს ასეთი შინაარსის ხუთი განცხადება დაწერა: ,,ბოლოს მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს დავწერე. გამგებელთან შევედი და ვთხოვე, რომ დაეკმაყოფილებინა ჩემი თხოვნა, მაგრამ უარი მითხრა, თანხები არ გვაქვსო. განცხადება უხეშად მომიგდო და მითხრა, რომ მხოლოდ კიბეების შესაკეთებლად მომცემდა ფიცრებს’’.

მასალა, რომელის მიცემასაც გამგებელი გევორქიანს დაჰპირდა, საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა. მასალის სახლში მიტანისა და კიბის შეკეთების ხარჯები ასთხიკ გევორქიანს უნდა გადაეხადა.

,,მანქანის ქირაობის და მუშის ფული რომ მქონდეს, გამგებელს აღარ შევაწუხებდი. რა თქმა უნდა ვერ დავთანხმდით ამ შემოთავაზებას’’, - ამბობს ევგენია გევორქიანი

სატელეფონო საუბარში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ათუნაშვილმა განაცხადა რომ გევორქიანები გამგეობაში რამდენჯერმე მართლაც იყვნენ მისულები  ,,კიბის შეკეთებას ითხოვდნენ. მეც ასევე, სიტყვიერად, ვუთხარი რომ მასალას ანუ ფიცრებს მივცემდი და დანარჩენი თვითონ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არ დამთანხმდნენ, გაბრაზებულები წავიდნენ’’.

გევორქიანების ოჯახის დასახმარებლად ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა არ გამოიძებნა.

ასთხიკ და ევგენია გევორქიანები პენსიონერები არიან. მათი ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ პენსიაა.

პალოიანების ოჯახი 

ლუსინე პალოიანი მარტოხელა დედაა და სამ შვილთან ერთად ავარიულ სახლში ცხოვრობს.

2009 წლის სექტემბერში ლუსინე პალოიანმა დახმარებისთვის ახალცხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა. მაშინ მან გამგეობაში განცხადებასთან ერთად ფოტოებიც მიიტანა, სადაც კარგად ჩანდა, რა მდგომარეობაშია მისი საცხოვრებელი სახლი: ,,ფოტოები მე თვითონ გადავიღე იმისთვის, რომ უფრო კარგად გაეგოთ ჩემი მდგომარეობა’’. პასუხს დღემდე ელოდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის კანცელარიაში გაგვიმარტეს, რომ განცხადებაზე პასუხი გაცემულია. როცა პასუხის ასლი მოვითხოვეთ, გვითხრეს, რომ 2009 წლის არქივს ვერ მოგვიძებნიდნენ და აქვე დასძინეს, რომ უფლება არ აქვთ განცხადების პასუხი გაგვაცნონ: ,,თვითონ ოჯახის რომელიმე წევრი მოვიდეს, ასლს გადავუღებთ და გავატანთ’’. თუმცა, ფაქტია, რომ ლუსინე პალოიანს განცხადებაზე პასუხი არ მიუღია.


,,ნაციონალური მოძრაობის დაპირებების არ შესრულების ბიუჯეტი”, - ასე უწოდეს გასულ წელს ბიუჯეტს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი მიიჩნევს რომ ბიუჯეტში სოციალური პაკეტი საკმარისი თანხით არის წარმოდგენილი.

,,ბიუჯეტი ხალხისთვისაა’’, - განაცხადა მან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე სოციალური პაკეტი და დახმარების სახეებია წარმოდგენილი. ვბეჭდავთ უკლებლად ყველა პუნქტს.

1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის
შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ოჯახის წევრების სარიტუალო მომსახურება - 10.000 ლარი;

2. 9 მაისის დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა - 5.000 ლარი;

3. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი - 105.000 ლარი;

4.საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების პროგრამა - 10.000 ლარი;

5. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გეგმიური საოპერაციო ხარჯების 30%-ანი თანადაფინანსების
პროგრამა არაუმეტეს 1000 ლარისა და გადაუდებელი
საოპერაციო ხარჯების 50%-ანი თანადაფინანსების
პროგრამა არაუმეტეს 1500 ლარისა - 70.000  ლარი;

6.უსინათლოთა სოციალური დახმარების პროგრამა - 3.600  ლარი;

7. მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილო - 72.000  ლარი;

8.სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საწვავი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა - 18.000  ლარი;

9.სამუსიკო სკოლებისა და სამხატვრო სკოლის საწვავი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა- 6.000  ლარი;

10.სკოლამდელი აღრზდის დაწესებულებებში არსებული გადასახადის 100%-ანი შეღავათი:  ლარი;

- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეთა ოჯახებს;

- ქ. თბილისში 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული
მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს;

- მრავალშვილიან ოჯახებს;

- იძულებით გადაადგილებულ პირებს;

- პირველი ჯგუფის ინვალიდთა ოჯახების შვილებს;

- მარჩენალდაკარგულ და ობოლ ბავშვებს - 38.000  ლარი;

11.სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მშობელთა შენატანის 50%-ანი შეღავათი - 118.000  ლარი;

12.მუსიკალური, სამხატვრო და სპორტულ სკოლებში არსებული გადასახადის 100%-ანი შეღავათი:
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეთა ოჯახებს;
- ქ. თბილისში 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული
მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს;
- მრავალშვილიან ოჯახებს;
- იძულებით გადაადგილებულ პირებს;
- პირველი ჯგუფის ინვალიდთა ოჯახების შვილებს;
- მარჩენალდაკარგულ და ობოლ ბავშვებს- 38.000  ლარი;

13.ახალციხის, ვალის, აწყურის მუსიკალური სკოლების მე-4-5-6 კლასის
მოსწავლეთა გადასახადის 40%-ანი დახმარების პროგრამა - 18.000  ლარი;

14.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებული
ოჯახების დახმარების პროგრამა - 20.000  ლარი;

15.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად
დაუცველი ოჯახებისათვის (80000 ქულის ჩათვლით), მშობიარობის
200 ლარიანი დახმარების პროგრამა- 5.000  ლარი;

16.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით
გადაადგილებულ პირთა სარიტუალო ხარჯები - 5.000  ლარი;

17.ქ. ახალციხეში წრიული მარშრუტის მგზავრთა გადაყვანის
საფასურის 50%-ანი შეღავათის პროგრამა - 12.000  ლარი;

18.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების
სარეაბილიტაციო სამუშაოების დახმარების პროგრამა - 50.000  ლარი;

19.მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოწირულობებით
ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების
პროგრამა - 19.914  ლარი;

20.ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის ტერიტორიაზე
მცხოვრებ ერთ სულ მოსახლეზე დაწესებული წყლის საფასურის
50%-ანი შეღავათის თორმეტთვიანი პროგრამა - 48.600  ლარი;

ზემოთ ჩამოთვლილი დახმარებების ოცივე პროგრამიდან პალოიანებისა და გევორქიანების ოჯახს არცეთი არ ეხება. საინტერსოა რა კომპონენტების გათვალისწინებით დგება სოც. პაკეტის პროგრამები.
შევეცადეთ გაგვერკვია რა მდგომარეობაა სოც. პაკეტის სხვა პროგრამებში.

ავიღოთ #7. მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილო - 72.000  ლარი;

ახალციხის მუნიციპალიტეტთან არსებული მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილო ყოველდღიურად 178 მოხუცს მასპინძლობს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2010 წელს მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოსთვის 72 ათასი ლარი გადმოირიცხა. რაც თვეზე ექვსი ათასი ლარი, დღეზე - 200, ხოლო თითოეულ მოხუცზე დღეში 1 ლარი და 12 თეთრი გამოდის, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როცა ზემოთმოყვანილი თანხა მთლიანად საკვებზე გაიხარჯება, თუმცა უფასო სასადილო ამავდროულად იხდის წყლის, დენის, გაზის გადასახადსაც. ანუ, ერთი მოხუცის გამოკვებაზე ყოველდღიურად დაახლოებით 57 თეთრი იხარჯება.

,,მთელი სიცოცხლე სახელმწიფოს ვემსახურე. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სიბერეში შრომა გიფასდება, აქ კი პენსიაც მათხოვრული მაქვს და აქაც მათხოვრად ვიქეცი. სუპიანი ,,ბანკით’’ რომ ივლი ქუჩაში, ესაა საქმე?’’ - ოხრავს უფასო სასადილოდან გამოსული მოხუცი და მკაცრი ტონით მაფრთხილებს ფოტო არ გადავუღო.


# 5 - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად
დაუცველი ოჯახებისათვის (80000 ქულის ჩათვლით), მშობიარობის
200 ლარიანი დახმარების პროგრამა - 5.000  ლარი;

,,ეს ხომ სასაცილოა, ჯერ მხოლოდ 25 ფეხმძიმეს ეხმარები და თან 200 ლარით, როცა ჩვეულებრივი, ნორმალური მშობიარობა 450 ლარამდე ჯდება. როცა საქმე გამრავლებას ეხება გააკეთე ას პროცენტიანი დაფინანსება და ქულა მოაშორე, განა რამდენი ბავშვი იბადება მუნიციპალიტეტში?” - კითხულობს ოლეგ სანდროშვილი.


#14 - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებული
ოჯახების დახმარების პროგრამა - 20.000  ლარი;

2010 წლის 11 ივნისსს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისს სტიქიამ გადაუარა. სეტყვამ ლომიძეების ორ ოჯახს სახლის სახურავი დაუხვრიტა.

,,სახლი ორი წლის წინ გადავხურეთ, რა იყო ამისთანა სეტყვა არ ვიცი, მთელი სახურავი საცერივით გახადა. ოთახებში წყალი ჩამოვიდა, მთლად დაასველა ყველაფერი”, - წუხდა ოჯახის დიასახლისი თამარ ლომიძე.

იმის გასარკვევად, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამაში მოხვდა თუ არა ლომიძეების ოჯახებიც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ კლდის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულს ზურაბ კურტანიძეს ვკითხეთ, თუმცა ზურაბ კურტანიძე ამ საკითხზე დასმულ კითხვაზე ერთ სიტყვიანი პასუხით შემოიფარგლა ,,უკომენტაროდ” – განახცადა მან.

ლომიძეების ოჯახს სტიქიით მიყენებული ზარალი არ ანაზღაურებიათ.

გულო კოხოძე, ახალციხე
 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი