პრეზიდენტის ანგარიში _ რეაქციები და შეფასებები

12 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობის პრობლემებზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტის გამოსვლას მოსახლეობისა და ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა შეფასებები და რეაქციები მოჰყვა.

რა თქვა პრეზიდენტმა


საქართველოს პრეზიდენტმა ტრადიციული წლიური ანგარიში საზოგადოებას უკვე ჩააბარა. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პრიორიტეტებზე ვრცლად ისაუბრა.

პრეზიდენტმა ანგარიში ხალხის პრობლემებზე საუბრით დაიწყო; ქვეყნის განვითარების გზები, საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და მსოფლიოში მიმდინარე ინფლაციური პროცესების დაძლევის მექანიზმები.


რას ამბობს ოპოზიცია

,,კონსერვატიული პარტიის’’ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი პრეზიდენტის გამოსვლას ასე აფასებს: ,,იმდენად მომეწონა ეს სპექტაკლი, რომ დიდი სიამოვნებით ვუყურე თავიდან ბოლომდე. ყველაფერი ისე იყო შედგენილი და დაწერილი, რომ მეგონა ევროპის შუაგულ, რომელიღაცა ქვეყნის მოქალაქე ვიყავი’’.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზეც მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარება იყო. პრეზიდენტის თქმით სოფლის მეურნეობის დაფინანსება 150 მილიონით გაიზარდა. თუმცა როგორც ოლეგ სანდროშვილი ამბობს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში არანაირი თანხა არ არის გათვალისწინებული.

,,სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები უნდა გადაიგზავნოს ისეთ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც ოდითგანვე სოფლის მეურნეობით სპეციალიზდებოდნენ, მათ შორის არის ჩვენი რეგიონიც. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ არის გათვალისწინებული,’’ - ამბობს ,,კონსერვატიული პარტიის’’ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

რას ამბობს ხალხი


ქეთევან მაისურაძე, პენსიონერი - 62 წლის

,,პრეზიდენტის გამოსვლას დადებითად ვაფასებ. ბრმა უნდა იყო რომ ის ვერ დაინახო რაც ამ შვიდი წლის განმავლობაში გაკეთდა. პენსიებს და ხელფასებს თავის დროზე ვიღებთ და რაც მთავარია ცდილობს, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს ჩვენი სოციალური მდგომარეობა’’.

თამარ აბესაძე, პენსიონერი - 70 წლის

,,დღეს ძალიან დიდი პრობლემაა უმუშევრობა, პრეზიდენტი ყოველთვის საუბრობს ამ პრობლემაზე და მის მოგვარების გზებზე, თუმცა დღემდე ეს პრობლემა მოუგვარებელია. ახლაც გააჟღერა ახალი ინიციატივები, თუმცა ვფიქრობ რომ დაპირება ისევ დაპირებად დარჩება’’.
 
მაია მექვაბიშვილი მეექვსე საჯარო სკოლის, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი

,,პრეზიდენტმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე რასაც არ ვეთანხმები. მე რაც მტკივა ეს არის განათლების სისტემაში დაგეგმილი სიახლეები, რომელიც პედაგოგების სერთიფიცირებას გულისხმობს. არ ვეთანხმები ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარებას, რომელიც ხელფასზე აისახება. მე ამ გამოცდებს ვერ ჩავაბარებ, თუმცა იმისთვის, რომ მაღალი ხელფასი მქონდეს, ამისთვის არანაკლები გამოცდილება მაქვს’’.

ნაზი ლაბაძე, პენსიონერი - 75 წლის

,,კარგია ელექტროენერგიის და სასურსათო ვაუჩერებს რომ გვირიგებენ, თუმცა უკეთესი იქნებოდა ყოველთვიურად, კილოვატებში რომ გვქონდეს შეღავათები და პროდუქტის ფასები დარეგულირდეს. ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება’’.

ტაქსის მძღოლი, სახელისა და გვარის გამხელისაგან თავი შეიკავა


,,პრეზიდენტს ახალი არაფერი უთქვამს. მოსვლის დღიდან ამ საკითხებზე საუბრობს, თუმცა ქვეყანაში დღემდე დგას, სოციალური და ეკონომიური პრობლემები. მარტო გზები ვერ უშველის ქვეყანას. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას აქამდე უნდა მიეხედათ სანამ თავზე დაგვენგრეოდა, ახლა არაფერი ეშველება. სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად ხალხს ამცირებენ. პრეზიდენტის გამოსვლა კარგად დადგმული სპექტაკლი იყო’’.

ექიმი, რომელმაც ასევე უარი განაცხადა ვინაობის დასახელებაზე


,,პრეზიდენტს როგორც ყოველთვის კარგი იდეები აქვს, განსაკუთრებით მაშინ როცა არჩევნები ახლოვდება. მთავარია ახლა ეს ყველა იდეა განხორციელდეს, თუმცა უკვე ეჭვიც მეპარება’’.


მანანა სარაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი