პედაგოგთა სერთიფიცირების არასახარბიელო შედეგი

მასწავლებელთა პირველი სასერთიფიკაციო გამოცდის შედეგები უკვე ცნობილია. 10 ათასზე მეტი პედაგოგიდან სერთიფიცირებული მასწავლებელი მხოლოდ 1147 გახდა.
მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდა ივლისში ჩატარდა. სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის მოპოვება წელს მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენებისა და მათემატიკის მასწავლებლებს შეეძლოთ. ამისათვის, შესაბამისი სპეციალობის გარდა, თითოეულ მასწავლებელს მეორე გამოცდა პროფესიულ უნარებში უნდა ჩაებარებინა.

გამოცდებში მონაწილეობას 10 ათასზე მეტი პედაგოგი იღებდა. მათგან ორივე გამოცდას 6075 პედაგოგი აბარებდა. სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის 1147 პედაგოგს მიენიჭება. ხოლო, თითო საგანი გამოცდაზე გასულ პედაგოგთა 50-მა პროცენტმა ჩააბარა. პედაგოგებს ეს ქულა ენახებათ და განმეორებით გამოცდაზე მხოლოდ ერთ საგანს ჩააბარებენ. საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაში ბარიერი 702-მა, მათემატიკაში - 480-მა, უცხო ენებში - 1253-მა, პროფესიულ უნარებში კი 1253- მა მასწავლებელმა გადალახა.
სამცხე-ჯავახეთში 2726 პედაგოგია დასაქმებული. ახალციხის მუნიციპალიტეტში მათი რაოდენობა დაახლოებით 1200-ს შეადგენს და წელს გამოცდის ჩაბარების სურვილი მხოლოდ 170 მათგანს ჰქონდა. ადიგენის მუნიციპალიტეტში მომუშავე 562 პედაგოგიდან გამოცდისთვის რეგისტრაცია 250-მდე პედაგოგმა გაიარა. ასპინძაში 453 პედაგოგიდან 140-მა, ბორჯომში კი 511-დან 174-მა გადაწყვიტა გამოცდაზე გასვლა.
აქედან რამდენ პედაგოგს მიენიჭება სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი ჯერ ცნობილი არ არის. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, რომ 170 პედაგოგიდან გამოცდაზე ნახევარზე მეტი გავიდა, თუმცა ზუსტი ციფრი არ აქვთ.

პედაგოგებს, რომლებიც გამოცდის შედეგით უკმაყოფილო არიან, გასაჩივრების უფლება მიეცათ. სააპელაციო განცხადებების მიღება 26 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე ყველა მუნიცპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარმოებდა. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სულ 14 განაცხადი შევიდა. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 30 ლარი იყო.
,,გასაჩივრების მასალა უკვე გადაგზავნილია პროფესიული შეფასების ცენტრში, სავარაუდოდ პასუხები გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე დაიდება, ანუ ჩვენთან რაიმე წერილობითი პასუხი არ მოვა~, - განმარტავს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტსი უფროსი ნინო დემეტრაძე.
გამოცდების ეროვნული ცენტრის შეფასებით, წელს მიღებული შედეგები არასახარბიელოა, მთავარ მიზეზად კი საჯარო სკოლების არასაკმარისი მუშაობა სახელდება.
მასწავლებლები, რომლებმაც მინიმალური ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხეს კომენტარისგან თავს იკავებენ. თუმცა, პირად საუბრებში ამბობენ, რომ პირველი წელი იყო და შესაბამისად გამოცდაზეც მოუმზადებლები გავიდნენ. მათი თქმით, სწორედ ამიტომ იყო მთელი საქართველოს მასშტაბით დაბალი ქულები.
პედაგოგები, რომლებმაც წელს სასერთიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს ამბობენ, რომ ორივე გამოცდა რთული იყო. თუმცა საგნობრივ ნაწილზე მეტად პროფესიული უნარების ჩაბარება გაუჭირდათ.
,,წელს მხოლოდ ინტერესის გამო შევიტანე განაცხადი, საერთოდ არ მოვმზადებულვარ. პროფესიული უნარების გამოცდაზე გავედი და საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. მომავალი წლისთვის მოვემზადები და იმედი მაქვს, რომ ჩავაბარებ~, - ამბობს ინგლისური ენის პედაგოგი.
ის პედაგოგები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებენ. 2014 წლამდე მათ რამდენჯერმე მიეცემათ საშუალება, განმეორებით გამოცდაზე გავიდნენ.

ადიგენის მუნიცპალიტეტის, სოფელ უდის წმინდა ნინოს სახელობის სასულიერო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა შორენა აფრიამაშვილმა წელს გამოცდა მხოლოდ საგნობრივ ნაწილში ჩააბარა და შედეგით კმაყოფილია. უცხო ენის გამოცდაზე მოსმენის, საუბრის, წაკითხულის გააზრების უნარებსა და საგნის სწავლების მეთოდიკის ფლობა ფასდებოდა.
,,გამოცდა ორ ეტაპად ჩავაბარე, წერა და საუბარი გვქონდა. არ გამჭირვებია, თუმცა კონკრეტულად ამ გამოცდისთვის არ მოვმზადებულვარ. 90 ქულა ავიღე, მეორე წელს მოვემზადები რომ პროფესიული უნარების გამოცდაზეც გავიდე~, - ამბობს შორენა აფრიამაშვილი.
რა პრივილეგიებით ისარგებლებენ სერთიფიცირებული მასწავლებლები უკვე დადგენილია. მინისტრის განცხადებით მათ 160 ლარიანი დანამატი ექნებათ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 160 ლარი არა უშუალოდ სერთიფიცირებული მასწავლებლის, არამედ მენტორი მასწავლებლის სახელფასო დანამატად განისაზღვრა. თუმცა ამ ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა მხოლოდ სერთიფიცირებულ მასწავლებელს მიეცემა. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ პროგრამაში ,,ასწავლე საქართველოსთვის”, რომელიც სამცხე-ჯავახეთში საქმიანობას ითვალისწინებს, სადაც დანამატის სახით 1000 ლარს მიიღებენ.
თამარ თოთაძე, ახალციხე

1 comment:

  1. piradad me dzalian did discomforts vgrznobdi sasertificatsio gamosdebze imitom rom zalian tsxeloda daamis gamo vpicrobdi rac sheidzleboda male gamovsulikavi garet. es xels mishlida azrovnebashi da vgelavdi. igive ram sxvebisganac movismine. es iko stresi chemtvis scored rom zemot naxsenebi discomfortis gamo./ es iko sashineleba/ da gtxovt gaitvalistsinot.

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი