საკონსტიტუციო რეფორმა


კონსტიტუციის ევროპული მოდელი თუ პროექტი, რომლის საბოლოო ვერსიაც კომისიამ ნაჩქარევად მიიღო? – კომისიის წევრის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ხიდაშელის თვალსაზრისი კონსტიტუციის პროექტის შესახებ.


კომისიის საქმიანობის ძირითადი თარიღები
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა 2009 წლის 23 ივნისს პრეზიდენტის #348 ბრძანებულების საფუძველზე დაიწყო. კონსტიტუციური კანონის პირველი საბაზისო დოკუმენტი 2010 წლის 12 მაისს შეიქმნა და განსახილველად ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. კომისიამ საბაზისო დოკუმენტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შენიშვნები ბერლინის კონფერენციაზე, 2010 წლის 15-16 ივლისს მოისმინა. ამავე წლის 18 ივლისს საბაზისო დოკუმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები კომისიის წევრთა უმრავლესობის ჩართულობის გარეშე შევიდა. მეორე დღეს კი, 19 ივლისს, კომისიამ პროექტის საბოლოო ვერსია მიიღო.


პარლამენტის დაკნინებული კანონშემოქმედებითი როლი
ახალი პროექტის მიხედვით, მთავრობა გაცილებით ძლიერია და იგი, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტზეა დამოკიდებული. ანუ, ძველი მთავრობა ახალი პარლამენტის არჩევისთანავე უფლებამოსილებას იხსნის ახალი პარლამენტის წინაშე; არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას; პრემიერ-მინისტრი შეარჩევს მთავრობის წევრებს და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და კომისიის წევრი თამარ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ახალი პროექტით პარლამენტის როლი, ძველთან შედარებით, ბევრად დასუსტებულია: ,,პრეზიდენტი და მთავრობა პარლამენტის საკანონმდებლო ფუნქციებში იჭრება’’. პროექტის თანახმად, პრეზიდენტსაც და მთავრობასაც საკანონმდებლო ინიციატივის უფლება ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერ დროს აქვთ.

ხიდაშელის განცხადებით, მთავრობას რომ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს, ნორმალურია, რადგან ოპერატიულად იღებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას: ,,პრეზიდენტს ამის უფლება არ უნდა ჰქონდეს, იგი არაა კარგად ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ამასთანავე ვეტოს და საკანონმდებლო ინიციატივის თანაარსებობა ცოტა უხერხულია’’.

კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტს, დღის წესრიგი გვერდზე გადადოს და ნებისმიერ დროს, რიგგარეშე განიხილოს როგორც მთავრობის, ისე პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივები. ხიდაშელი აღნიშნულ ვალდებულებებში დიდ საფრთხეებს ხედავს. მისი თქმით, თუ ცუდი მთავრობა გვეყოლება, მას შეეძლება ნებისმიერ საკითხზე შევიდეს პარლამენტში ინიციატივით და თავზე მოახვიოს თავისი კანონპროექტები, დააშანტაჟოს და უთხრას, რომ კანონპროექტი ახლავე, 14 დღის ვადაში, ერთი მოსმენით უნდა მიიღოს: `ერთი მოსმენა ნიშნავს, როცა ყველაფრის გააზრებას ვერ ასწრებ და იძულებული ხარ, ხმა მაშინვე მისცე. თუ პარლამენტი ერთი მოსმენით კანონპროექტს 14 დღის ვადაში არ მიიღებს და არ მოეწონება, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას უცხადებს. ეს კი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია~.

მთავრობა პარლამენტზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტებს ფლობს
კონსტიტუციის პროექტში საკვანძო საკითხად, ხიდაშელი სწორედ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმის სირთულეს, 81-ე მუხლს მიიჩნევს. საქმე ისაა, რომ, დათხოვნის შიშით, პარლამენტი უუნაროა მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.

მისი განმარტებით, პრეზიდენტის ბევრი უფლებამოსილება მთავრობის ხელში გადადის. პრეზიდენტის თანხმობა, ხშირ შემთხვევაში, მას უკვე აღარ სჭირდება. ამდენად, მთავრობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ხანდახან პარლამენტის უფლებამოსილებებშიც იჭრება: ,,მართალია, პარლამენტი აკომპლექტებს მთავრობას, მაგრამ სადაა ამ ძლიერი მთავრობის კონტროლისათვის სადავეები? ვთქვათ, კორუფციული სკანდალია და მინდა მთავრობა გადავაყენო, ან მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენო. ამ შემთხვევაში, უნდობლობის გამოცხადების მექანიზმი უკიდურესად რთულია’’.

კრიზისის საფრთხე
პირველი, ჯერ უნდა აღიძრას საკითხი პარლამენტის წევრთა ორიმეხუთედის მიერ. შემდეგ ეს საკითხი დადგეს კენჭისყრაზე, კენჭისყრის შემდეგ უნდა წამოაყენონ პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა. ამ ყველაფერს არანაკლებ 60 და არაუმეტეს 70 დღე სჭირდება. გავიდა 70 დღე, პარლამენტმა შეძლო რომ უნდობლობის საკითხი გაეტანა სხდომაზე და პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურაც წამოაყენა. მაგრამ ამ დროს პრეზიდენტს ეძლევა უფლება, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დაიწუნოს და არ გაიზიაროს. რაც იმას ნიშნავს, რომ ის 70 დღე, რაც პარლამენტმა უნდობლობის საკითხის დასაყენებლად იწვალა, წყალში ჩაუვარდა.

,,აქ აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ 72-ე მუხლი პრეზიდენტს პარტიული საქმიანობის უფლებას აძლევს. ხომ შეიძლება პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი სწორედ პარტიული ნიშნის გამო დაიწუნოს? - კითხულობს ხიდაშელი -  ვენეციის კომისიის დასკვნაში მითითებულია, რომ პრეზიდენტს ამის უფლება არ უნდა ჰქონდეს, რადგან იგი ნეიტრალური არბიტრია და ამგვარი კრიზისული სიტუაციების დროს კონფლიქტი მშვიდი გონებით უნდა მოაგვაროს. მაგრამ პროექტში ეს ასე არაა’’.

70 დღის შემდეგ, თუ პარლამენტი მონდომებულია, შეიძლება თქვას, რომ იგი აგრძელებს უნდობლობის გამოცხადების პროცედურას. ამისათვის მას დამატებით კიდევ 30 დღე სჭირდება. ამის შემდეგ კი სამმა მეხუთედმა უნდა მისცეს თანხმობა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას და ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ თუ პარლამენტმა ამისათვის სამი მეხუთედის უმრავლესობა ვერ დააგროვა,  პრეზიდენტს უფლება აქვს პარლამენტი სახლში გაუშვას.

სამთვენახევრიანი კრიზისის შემდეგ ახალი საპარლამენტო არჩევნები ინიშნება. არჩევნების დასანიშნად კი, 50-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მინიმუმ 60 დღე უნდა გავიდეს.

,,რაც იმას ნიშნავს, რომ ხუთთვენახევარი თვე ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობაა. სამთვენახევრიანი კრიზისის შემდეგ, როდესაც პარლამენტი სახლში წავა, პრეზიდენტი და მთავრობა ქვეყანის მართვას პარლამენტის გარეშე გააგრძელებენ. რაც შეიძლება საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდეს’’, - აცხადებს ხიდაშელი.

პარლამენტის უუნარობა საბიუჯეტო საკითხებში
თუ აქამდე მოქმედი რედაქციით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მთავრობა პარლამენტის კომიტეტთან ათანხმებდა, შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, ეს უკვე აუცილებელი აღარაა.

,,ანუ მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტს განიხილავს, თუმცა, რეალურად მისი აზრი სულ არ აინტერესებს, ფორმალურად ჩაეთვლება, რომ განიხილა’’, - გვიხსნის ხიდაშელი.

93-ე მუხლის მესამე პუნქტში მითითებულია, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს ხისტი ფორმულირებაა: ,,პირდაპირ ეუბნები პარლამენტს, რომ მას არაფრის გაკეთება ბიუჯეტთან დაკავშირებით არ შეუძლია, თუ მთავრობა არ დაეთანხმა, ის ვერაფერში ცვლილებას ვერ შეიტანს’’.

93-ე მუხლის მეექვსე პუნქტით კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ხარჯების ზრდას შემოსავლების შემცირებას, ან სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების ზრდას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ.

,,ძალიან ბევრი კანონი იწვევს ხარჯების ზრდას, თუ უპასუხისმგებლო მთავრობა გვყავს, შეიძლება ეს არგუმენტი პარლამენტის წინააღმდეგ ნებისმიერ დროს გამოიყენოს’’ - აცხადებს ხიდაშელი.

ანუ თუ მთავრობა და პრეზიდენტი პარლამენტს თავს არ ახვევს საკანონმდებლო ინიციატივებს და პარლამენტმა მოიცალა თავისი დღის წესრიგის მისახედად, შესაძლოა კანონპროექტი, რომელზეც პარლამენტი მუშაობს, მთავრობამ იმ მიზეზით დაუბლოკოს, რომ ხარჯები იზრდება.

მთავრობის ანგარიშვალდებულების მექანიზმების არაეფექტურობა
დღეს მოქმედი რედაქციით, პარლამენტი უფლებამოსილია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით პრემიერ-მინისტრის წინაშე დასვას მთავრობის ცალკეული წევრის თანანმდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ იგი ამ მოსაზრებას არ იზიარებს, შედის პარლამენტში და თავის აზრს აცნობს. შემოთავაზებული პროექტით კი ეს მუხლი საერთოდ ამოღებულია.

,,თუ პრემიერ-მინისტრი ამა თუ იმ მთავრობის წევრზე მოსაზრებას არ გაიზიარებს, პარლამენტს მიზეზს არც აუხსნის’’, - გვიხსნის ხიდაშელი.

ორგანული კანონი უქმდება
პროექტი ორგანულ კანონს აუქმებს

,,ორგანული კანონით ძალიან სერიოზული საკითხები რეგულირდება. განსაკუთებით ადგილობრივი თვითმმართველობის და არჩევნების საკითხები მანაღვლებს, რაც შემდგომ ჩვეულებრივი კანონით დარეგულირდება. ჩვეულებრივ კანონს კი როგორ იღებენ ჩვენ ქვეყანაში, ყველასთვის კარგად ცნობილია’’, - ამბობს ხიდაშელი.

მისივე განმარტებით, ორგანული კანონის გაუქმების შემდეგ ყველა კანონი უბრალო უმრავლესობით მიიღება, რომელსაც ნებისმიერი პარტია ადვილად მოაგროვებს, როდესაც სათანადო დაინტერესება იქნება.

ვენეციის კომისიამ აღნიშნული საკითხი გააკრიტიკა და თქვა, რომ ორგანული კანონი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა შორის თანხმობის მიღწევას უზრუნვლყოფს.

,,ეს საკითხი კენჭისყრაზე დავაყენეთ, მაგრამ მხარი 49 ადამიანიდან მხოლოდ 6-მა დაუჭირა’’, - ამბობს ხიდაშელი.

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები საკონსტიტუციო პროექტში არსებული საფრთხეების მხოლოდ ნაწილია.

ხიდაშელი მიიჩნევს, რომ კომისიამ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო: ,,ბევრმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გამოთქვა ამ პროცესებში ჩართვის სურვილი და ფაქტობრივად, კარი ყველას დაუკეტეს. ბევრი სერიოზული შენიშვნა მოვისმინეთ ვენეციის კომისიისგან და გერმანელი ექსპერტებისგან, მაგრამ არ გვქონდა დრო, რომ ეს გაგვეაზრებინა. გარდა ამისა, განხილვის პერიოდი ზაფხულის პერიოდს დაემთხვა და საზოგადოების ჩართულობა ამან კიდევ უფრო არაეფექტური გახადა’’.
თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი