დამსაქმებლის ნებაზე მოწყობილი კანონი


რამდენად ხშირად ირღვევა შრომითი უფლებები. იცავს თუ არა მოქმედი შრომის კოდექსი დასაქმებულებს. რამდენად ხშირია სასამართლო დავები და რა შედეგებით სრულდება მათი უმრავლესობა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლაში დაწყებულმა დავამ სასამართლოში ორი წლის წინ გადაინაცვლა. პედაგოგები ჰაიკ ნაჰაპეტიანი, ვარსქენიკ ნაჰაპეტიანი, სოს ნაჰაპეტიანი და ზარუი სიმონიანი შრომითი უფლებების დაღვევის შესახებ სკოლის დირექტორს ბაგდასარ ოგანესიანს ედავებიან.

ფიზკულტურის მასწავლებელი სოს ნაჰაპეტიანი აცხადებს, რომ დირექტორმა პედაგოგები სკოლიდან პირადი ანგარიშსწორების გამო დაითხოვა. ყველაფერი კი სკოლის დირექტორთა შესარჩევი გამოცდების დასრულების შემდეგ დაიწყო: ,,წარმატებით გავიარე ყველა ეტაპი და დირექტორობის ერთადერთი კანდიდატი ვიყავი. მაგრამ სკოლაში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ჯერ სამეურვეო საბჭოს წევრობიდან, შემდეგ კი მასწავლებლობიდანაც გაათავისუფლა ზარუი სიმონიანი და ჰაიკ ნაჰაპეტიანი''.


სოს ნაჰაპეტიანის თქმით, დირექტორმა საბჭოს წევრებად ისეთი ადამიანები დანიშნა, რომლებიც მის წინააღმდეგ არ წავიდოდნენ და ერთადერთ კანდიდატს ხმას არ მისცემდნენ. მართლაც, სოს ნაჰაპეტიანმა არჩევნებზე ნული ხმა მიიღო: ,,ამას ჩემი მეუღლის, მუსიკის მასწავლებლის, ვარსქენიკ ნაჰაპეტიანის სამსახურიდან დათხოვნაც მოჰყვა''.

სოს ნაჰაპეტიანმა დირექტორის კანდიდატობის აღდგენისათვის, დანარჩენმა სამმა პედაგოგმა კი სკოლაში მასწავლებლებად დაბრუნებისათვის ჯერ ახალციხის რაიონულ, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოს მიმართა. სოს ნაჰაპეტიანის საქმის განხილვა 28 სექტემბერს გაიმართება. პედაგოგების საკითხთან დაკავშირებით კი სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა – მასწავლებლები სკოლაში უნდა დააბრუნდნენ.

ბაგდასარ ოგანესიანის ადვოკატის ივანე ტატალაშვილის განმარტებით, როდესაც სკოლა სახელშეკრულებო პირობებზე გადავიდა, დირექტორმა პედაგოგებს ხელშეკრულება იმ მიზეზით არ გაუგრძელა, რომ მათ შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდათ: ,,სასამართლოს გადაწყვეტილება კი არსებობს, მაგრამ როგორ და რა ფორმით უნდა დაბრუნდნენ მასწავლებელი სკოლაში, მითითებული არაა''.

ბაგდასარ ოგანესიანმა მიმდინარე წლის სექტემბრიდან მასწავლებლები სკოლაში კვლავ მიიღო, თუმცა შეთავაზებული საათების რაოდენობას მხოლოდ ჰაიკ ნაჰაპეტიანი დათანხმდა. ვარსქენიკ ნაჰაპეტიანმა და ზარუი სიმონიანმა კი ამჯერად განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მიმართეს. მასწავლებლებს სამინისტროდან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
,,12 საათიდან ორი საათი მომცეს. იმ მუსიკის მასწავლებელს, რომელსაც ჩემზე მეტი საათები აქვს, მუსიკალურის ხუთწლედი აქვს დამთავრებული, მე კი შვიდი. ის რომ ჩემზე კვალიფიციური კადრი იყოს, მაშინ სადაოც არაფერი მექნებოდა. სკოლა თავისი საკუთრება ჰგონია და ისე გვექცევა, როგორც უნდა'', - ამბობს ვარსქენიკ ნაჰაპეტიანი.
ადვოკატების განცხადებით, დღეს დამსაქმებელს შეუძლია სამსახურიდან გაუშვას ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი მოტივით, ისე, რომ მოტივი არ მიუთითოს.
,,ძალიან ცუდი შრომის კოდექსი გვაქვს, შრომის ურთიერთობებს ვერ არეგულირებს. უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებით, როდესაც უკანონო დათხოვნებთან დაკავშირებით განვიხილავთ საქმეს. უკანონო დათხოვნა ან უკანონო გადაყვანა - ასეთი მცნებები აღარ არსებობს. ეს კოდექსია?'' - კითხულობს ივანე ტატალაშვილი.

ადვოკატ ლალი ბერიძის თქმით, აბსოლუტურად დარღვეულია თანასწორობის პრინციპი. თუ დასაქმებული არ იქნება დაცული, ასეთი შრომის კოდექსის არსებობას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. შრომის კოდექსით თავისუფლად არ უნდა შეეძლოს დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება: ,,ჩვენთან დამსაქმებლის ნებაზეა მოწყობილი კანონმდებლობა''.

ადვოკატების განმარტებით, ძველი შრომის კოდექსი მოქმედთან შედარებით შრომით ურთიერთობებს უკეთ არეგულირებდა. ახალი კოდექსი 2006 წლის 25 მაისიდან მოქმედებს და 56 მუხლს მოიცავს. ძველი კი 248 მუხლით განისაზღვრებოდა.
,,კოდექსი იმდენადაა გაუარესებული, რომ ამაზე მეტი არ შეიძლება. დასაქმებულის უფლებები უბრალოდ არ დაიღვევა იმიტომ, რომ კანონით არ არსებობს. მხოლოდ ყდაზე არსებობს წარწერა, რომ ეს შრომის კოდექსია'', - აცხადებს ადვოკატი გულნარა დიასამიძე.

მოქმედი შრომის კოდექსის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ახალციხის რაონულ სასამართლოსა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში.
,,ვფიქრობ, რომ ნორმალური კოდექსი გვაქვს. რადგან დღეს ეს კოდექსი მოქმედებს, ე.ი. შეესაბამება კიდეც დღევანდელ პირობებს'', - ამბობს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გია ბერაია.

სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი ვაჟა ჩიტაშვილი კოდექსს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ვინც ღირსეულად მუშაობს და პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მისთვის კარგი შრომის კოდექსია: ,,კარგი შრომის კოდექსი გვაქვს. პიროვნებამ თავის ინტერესებს თუ ვერ მოარგო, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ კოდექსი ცუდია''.

2009 წლის ინავრიდან დღემდე შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების თაობაზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ 11 სარჩელი შევიდა. განხილულ იქნა 10 საქმე; მათ შორის სარჩელი დაკმაყოფილდა 6 საქმეზე; არ დაკმაყოფილდა 3 სარჩელი; ერთი სარჩელი დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ სარჩელის გახმობის გამო; ერთი სარჩელი წარმოებაშია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით კი, 2009 წლის იანვრიდან დღემდე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში საჩივარი შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ არ შესულა.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ შრომითი უფლებების დარღვევის იმაზე ბევრად მეტი შემთხვევა არსებობს, ვიდრე ეს სამართალდამცავ ორგანოებში ფიქსირდება. თუმცა, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, სამსახურის დაკარგვის შიშით, ეს ფაქტები, ხშირად არც ხმაურდება.

შრომითი კანონმდებლობის შეცვლისაკენ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა. სულ ახლახან კი ამრიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფრიდომ ჰაუსმა''165 ქვეყნის მაგალითზე მშრომელთა უფლებების მდგომარეობა აღწერა. შრომის პირობების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დარღვევების მიხედვით საქართველო ნახევრად თავისუფალ ქვეყანათა რიცხვში მოხვდა.

თამუნა უჩიძე, ახალციხე 

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი