ხანძარი რეგიონში

ხანძარი აწყურში.
ცხელი ზაფხული და ხანძრის კერები სამცხე-ჯავახეთში. 
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს მონაცემებით, წელს ზაფხულის განმავლობაში გაჩენილმა ხანძარმა 430 ჰექტარი ფართობის ტყის მასივი გაანადგურა. ყველაზე მასშტაბური ხანძარი აწყურის სატყეო უბანზე იყო.  ზაფხულის ხანძრებმა ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთის რეგიონი დააზარალა. 2008 წელს აგვისტოს თვეში 950 ჰექტარზე გადამწვარ ტყეს წლევანდელი 300 ჰექტარიც დაემატა. ხანძარი აწყურში ოთხ აგვისტოს აწყურის სატყეო უბანში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობა თითქმის მთელი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

ხანძრის ლოკალიზებისათვის საქართველოს ყველა კუთხიდან მობილიზებული იქნა სამი სპეციალური ვეტმფრენი და 14 სახანძრო ავტომობილი და მეხანძრეები. ტყეში გაიყვანეს 17 კმ სიგრძის შემოვლითი გზა, რომლის საშუალებითაც ყოველდღიურად ხანძრის კერებში 500 -600 ტონა წყალი იღვრებოდა.

აწყურის სატყეო უბანში 300 ჰექტარი ფართობი დაიწვა.ხანძარი ადიგენში

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ღაღვის სატყეო უბანში, ხანძარი ორი დღის განმავლობაში მძვინვარებდა.

,,ათ აგვისტოს გაჩნდა ოღროჩობილში ხანძარი, რომელიც ღაღვის სატყეო უბანს ეკუთვნის და 12 აგვისტოს უკვე ჩავაქრეთ~, - გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ოცმეთაურმა ზურიკო დავაძემ.

ხანძარი ტყეში მიუდგომელ ადგილას გაჩნდა, სოფელ დერცელიდან დაახლოებით 18 კილომეტრის სავალზე. 1 ჰა ტყის ფართობი დაიწვა.

,,სახანძრო მუშაობდა, ადგილობრივი მოსახლეობაც გვეხმარებოდა. ხანძრის ადგილიდან 500 მეტრის დაბლა ღელე მოდის, რომელიც დავაგუბეთ და მანქანით წყალს იქიდან ვეზიდებოდით~, - გვიამბობს ზურიკო დავაძე.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზს, რომლის მიხედვით, შესაძლოა ცეცხლი ადგილობრივმა მოსახლეობამ გააჩინა, ადიგენის მუნიციპალიტეტის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ოცმეთაური კატეგორიულად უარყოფს - ,,ეს მოსაზრება ლოგიკას მოკლებულია. ის ადგილი ისეთი მიუვალია, ხე არავის გამოჰქონდა. ხანძარი, სავარაუდოდ, მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია~.

ღაღვის სატყეო უბანში გაჩენილი ხანძრიდან 18 დღე გავიდა, თუმცა ცეცხლისგან მიყენებულ ზარალზე არავინ საუბრობს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სიმონ პარუნაშვილმაც უარი განაცხადა.

ხანძარი საკურორტო ტყეებში


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში ხანძარი 31 ივლისს გაჩნდა და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ელიზბარ სტეფნაძის განმარტებით, ხანძარი 160 ჰექტარს მოედო, თუმცა ტყის მასივის ნაწილი დაწვას გადაურჩა.

`რამდენი ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა, ამ ეტაპზე არ ვიცით. ხანძრის კერები ეტაპობრივად ჩნდებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში: ყვიბისში, ჭობისხევში, დვირში, საკირეში და დგვარში, თუმცა მათი ლოკალიზება მალევე ხდებოდა~, - ამბობს იგი და აქვე ამატებს, რომ ხანძრის ლოკალიზებაში საკრებულოების მიხედვით მობილიზებული მოხალისეებიც ეხმარებოდნენ.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზები


ტყეებში ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე საზოგადოებაში არაერთი მოსაზრება დომინირებს.

ზოგს მიაჩნია, რომ ხანძარი მოქალაქეების დაუდევრობის გამო გაჩნდა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კი ფიქრობს, რომ ადგილობრივებმა ცეცხლი სპეციალურად გააჩინეს, რადგან მათ ტყეებიდან სამასალე მერქნის გამოტანის უფლება არ აქვთ.

სოფლებში გლეხები აცხადებენ, რომ ცეცხლი ტყეში შემთხვევით არ გაჩენილა. პირად საუბრებში ისინი საუბრობენ, რომ მოსახლეობას ტყიდან პატარა ნაფოტიც ვერ გამოაქვს. ყველას აკავებენ და აჯარიმებენ, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა ამას ახალი ხანძრებიც მოჰყვეს.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ლევან გოცირიძის განმარტებით, საკურორტო ტყებში ხანძარი მოქალაქეების დაუდევრობამ გამოიწვია. ხანძრის ლოკალიზება სწრაფად იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ რთული რელიეფის ადგილზე მიმდინარეობდა: `ასე მალე ხანძარი არ გაჩნდებოდა, 5-7 ჰექტარ ტყის მასივს ერთი რეინჯერის ნაცვლად რამდენიმე რეინჯერი რომ იცავდეს, ტყეები უპატრონოდაა დარჩენილი. 2007 წელს ჩატარებული რეფორმის შედეგად ბორჯომის სატყეო მეურნეობა გაუქმდა, რამაც საკურორტო ტყეები დააკნინა~.

ტყეში ბუნებრივად ხანძრის გაჩენას არ გამორიცხვას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას” ბიო-მრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი - ,,ამ ტყეებში ბუნებრივად არსებობს ხანძრის გაჩენის საშიშროება. ასეთ გარემოში ტყის ხანძარი შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ჩაუქრობელმა ცეცხლმა, ან თუნდაც სიგარეტის ნამწვმა, არამედ ხანძრის გაჩენის მიზეზი ტყეში დაყრილი ნაგავი, პოლიეთილენის პარკი ან თუნდაც ცარიელი შუშის ბოთლი გახდეს, რომელზეც მზის სხივი შეიძლება ისე გარდატყდეს, რომ გამადიდებელი შუშის ეფექტი გამოიწვიოს და ხმელი ბალახისა და წიწვების, ან ტუნდაც ნარჩენის აალება გამოიწვიოს.”

ოფიციალური მონაცემებით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ცეცხლის სტიქიამ 2 500 ჰექტარი ტყის ფართობი შეიწირა.
გულო კოხოძე, ნატალია კოპაძე, ახალციხე 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი