სოფლის პროდუქტები ქუჩაში

მოვაჭრეები - ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მტვერი, მწერები და ძაღლები – გარემო, სადაც გლეხები სოფლის პროდუქტს ყიდიან

რა პირობებში იყიდება სოფლის პროდუქტები; უქმნის თუ არა საფრთხეს ქუჩაში ნაყიდი საკვები მოქალაქეების ჯანმრთელობას; რატომ ამჯობინებე;ნ გლეხები ბაზარში შესვლას გარეთ დგომას და რა არის საჭირო პრობლემის მოსაგვარებლად.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში მცხოვრები მედიკო ზედგინიძე ახალციხის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხახვსა და კარტოფილს ყიდის. იგი საპირფარეშოების მოპირდაპირედ, ტროტუარზე დგას. ირგვლივ არც გადახურულია რამე, პროდუქტი წვიმისა და მზისგან რომ დაიცვას და არც დახლი და სკამი დგას, გამყიდველმა ცოტა ხნით ჩამოჯდომა რომ შეძლოს.


ყუთებით, ვედრებით, ცელოფნის პარკებითა და კალათებით დატვირთული მოქალაქეები ტროტუარის მთელ სიგრძეზე დგანან. გამყიდველების რიგი იაძისა და ივერიელის ქუჩების გადაკვეთიდან (ბაზრის შესახვევი) იწყება და ნაგვის ურნების გავლით აგრარული ბაზრის შესასვლელამდე გრძელდება.

ვალიდან ჩამოსული ციალა მანველიშვილი ნაგვის ურნების გვერდით პომიდორს ყიდის. ირგვლივ საშინელი სუნია, ურნებს მწერები ესევა და ასფალტზე ურნებიდან წამოსული წყლის ნაკვალევი ჩანს.
,,ბაზარში პირველად ვარ. მეუღლისთვის წამლების ყიდვა მინდა და პომიდორი წამოვიღე გასაყიდად. შიგნით შესვლა არც მიცდია’’, - ამბობს იგი.

,,შიგნით”, ანუ ბაზარში შესვლა არც უდეში მცხოვრებ ანა პეტაშვილს უცდია, რომელიც მანველიშვილის გვერდით ტყემალს ყიდის: ,,მძიმე ტვირთი მქონდა და ვერ შევიტანდი’’.

ტროტუარზე მდგომი გამყიდველები ამბობენ, რომ ბაზარში რომც შევიდნენ, ადგილები არ შეხვდებათ. იმისათვის რომ კომფორტულად იყვნენ და პროდუქტები ანტისანიტარიაში არ იყიდებოდეს, სოფლის მცხოვრებლებისთვის სხვა ადგილის გამოყოფაა საჭირო.
,,აქ მოუხერხებელია, სხვა ადგილი რომ იყოს, მთელი დღე მზეზე მაინც არ ვიდგებით’’, - ამბობს მედიკო ზედგინიძე.

გაცილებით რთულია მდგომარეობა კვირა დღეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასა და იაძის ქუჩებზე (ბანკების მიმართულებით). ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები ამ დღეს აქ პირდაპირ ქუჩაში იყიდება, მტვერის, მწერებისა და მაწანწალა ძაღლების გარემოცვაში. გარდა ამისა, ირგვლივ ისეთი ხალხმრავლობაა, გავლა შეუძლებელია. დღის ბოლოს კი იქაურობა ნაგვის გროვებით იფარება და საშინელი სუნია.
,,ეს ერთადერთი დღეა, როცა პროდუქტის გაყიდვა შეგვიძლია, ამით ვცხოვრობთ. ბაზარში ს;ად შევიდეთ? ადგილები არ არის. მუდმივად ვინც ვაჭრობს, იმათ აქვთ დაკავებული. არც ჩვენ გვეხალისება აქ დგომა, გამოგვიყონ სხვა ადგილი და წავალთ’’, - ამბობს სოფელ არლიდან ჩამოსული ლიანა ჩილინგარაშვილი, რომელიც ,,ლიბერთი ბანკის’’წინ ხახვს, ნიორს, წიწაკას, სტაფილოსა და მწვანილებს ყიდის.

ახალციხის აგრარული ბაზრის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი შპს ,,ბაზარია’’. მისი დირექტორი ომარ ჟუჟუნაძე გვიხსნის, რომ იაძის ქუჩა ბაზრის ტერიტორია არ არის. შესაბამისად, მათ უფლება არ აქვთ იქ მდგომ გლეხებს რამე მოსთხოვონ: ,,ხანდახან მოდის პოლიცია, მაგრამ მათაც არ აქვთ უფლება რომ ხალხს იქ დგომა აუკრძალონ. ალბათ უნდა იყოს მათთვის სხვა ადგილი, მაგრამ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის’’.

რაც შეეხება ბაზარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას, ომარ ჟუჟუნაძის თქმით, ბაზარი ყოველ საღამოს სუფთავდება, პროდუქტი ლაბორატორიაში მოწმდება და, ამდენად,
საშიში არ არის: ,,ბაზარში მდგომი თითო მეწარმე იხდის ქირას 2 ლარს. ამ ფულში შედის დასუფთავება. გვყავს ოთხი დამლაგებელი, რომლებიც ბაზრის ტერიტორიას ყოველ საღამოს ალაგებენ’’.

ახალციხის აგრარულ ბაზარში ხორციც იყიდება. ღორისა და ძროხის ხორცი მაცივრებში არ დევს. მყიდველის `მისაზიდად~ საუკეთესო ხორცის მოზრდილი ნაჭრები დახლის მაღლა, სპეციალური რკინის მავთულებით ჰკიდია.
,,იქ სადაც ხორცი იყიდება ,,სკვაზნიაკია’’და ბუზები არ არიან’’, - გვარწმუნებს ბაზრის დირექტორი და აქვე გვიხსნის, რომ ბაზრის მოწესრიგება ადვილი არ არის: ,,ყველთან, მაგალითად კარტოფილს ვერ შეიტანენ. გარდა ამისა, ხალხს ორი მიზეზით არ უნდა შიგნით შესვლა, ერთი რომ ტვირთი აქვთ და მეორე, მყიდველებს ჰგონიათ, რომ გარეთ იაფია პროდუქტი და შიგნით ისინიც არ შედიან’’.

თუმცა, იგი გვითანხმდება, რომ განსაკუთრებით ყველისა და რძის სხვა პროდუქტების გაყიდვა არ ქუჩაში შეიძლება.

იმის გასარკვევად, ვინ არის პასუხისმგებელი იაძის ქუჩაზე კვირა დღეს არსებულ მდგომარეობაზე; სად შეუძლიათ გლეხებს პროდუქტის გაყიდვა; ხომ არ იგეგმება მათთვის ქალაქში სპეციალური ადგილის გამოყოფა და საერთოდ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, 17 სექტემბერს, პარასკევს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ათუნაშვილს მივმართეთ. მან ,,სამხრეთის კარიბჭესთან’’ შეხვედრაზე უარი ისე თქვა, არც დაინტერესებულა რა საკითხზე ვიყავით. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გამგებელი ჩვენთან შეხვედრაზე უარს ამბობს. ,,მობრძანდით მომავალ კვირაში’’, - გადმოგვცა მდივანმა. ვიმედო+09;ნებთ, რომ მომავალ კვირაში გამგებელი მიგვიღებს და ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხებს მომავალ ნომერში შემოგთვაზებთ.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი