რად გვიღირს ელექტროენერგიის გაყიდვა?

ჰესები სამცხე-ჯავახეთში


ეს ადგილები წყლით დაიფარება. 

  სამცხე-ჯავახეთში 10-ზე მეტი ჰიდრო-ელექტრო სადგურის აშენება იგეგმება. ემუქრება თუ არა განადგურების საფრთხე 40-მდე ისტორიულ ძეგლს; რა ეკოლოგიური კატასტროფების საშიშროება ჩნდება და რამდენად უღირს სახელმწიფოს ამ პროექტების განხორციელება.  


ენერგეტიკის სამინისტრომ ქვეყანაში ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლის მიზნით, ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია ,,პოარი” დაიქირავა. სწორედ ამ უკანასკნელმა შეისწავლა სამცხე-ჯავახეთში ის ადგილები, სადაც, სამომავლოდ, კასკადები და რეზერვუარები გაკეთდება.

რა იგეგმება

ჯავახეთში სოფელ არკალთან და ოროჯალართან 108 მეგავატიანი ჰესი -`არაკალი~ აშენდება; 20 მეგავატიანი `აბული~ სოფელ ბავრასთან აიგება. ჯავახეთშივე იქნება 12,8 მეგავატი სიმძლავრის `ტაბაწყურიც~. ახალქალაქში კორხის ხიდთან 14,6 მეგავატიანი ჰესის - ,,ახალქალაქი” -გაკეთება იგეგმება. ასპინძა-ახალქალაქის მიმართულებით იგეგმება ჰესების - ,,საყუნეთი” - 10,4 მეგავატი, ,,აწყური” - 10,4 მეგავატი, ,,დვირი”- 10,4 მეგავატი, ,,ფარავანი” - 85,4 მეგავატი – აშენებაც. ახალციხიდან ერთ კილომეტრში კი ,,მტკვარი ჰესის” მშენებლობა, რომლის სიმძლავრემაც 46,2 მეგავატი უნდა შეადგენოს, უკვე დაწყებულია.

ერთ-ერთი დიდი კასკადის აშენება მტკვრის ზედა ნაწილში იგეგმება. ეს უკანასკნელი ორ რეზერვუართან ერთად სამი დიდი კაშხლის აგებას გულისხმობს: ,,ნიალა” 90/82 მეგავატი ნიალას ველზე; ,,ხერთვისი” 81,6 მეგავატი სოფელ ტოლოშსა და ხერთვისთან ახლოს; ,,ასპინძა” 55, 2 მეგავატი სოფელ რუსთავის მიმდებარე ტერიტორიებზე. პროექტის ღირებულება 604,4 მილიონი დოლარია.

მიმდინარე წლის 29 აპრილს ენერგეტიკის სამინისტრომ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული თურქული კომპანია ,,ენერჯისა” გამოავლინა.
ეს უკანასკნელი სანამ მშენებლობაზე განაცხადების შეტანა გამოცხადდება, პოტენციალს საკუთარი ექსპერტებით უკვე სწავლობს.

,,ნიალას ველზე მტკვარს ამოქაჩავენ, დააგუბებენ და ხერთვისთან ექნება დაცემა”,- გვიხსნის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას” პროგრამების კოორდინატორი დავით ჭიპაშვილი.

ნიალას ველი

დავით ჭიპაშვილის განცხადებით კომპანია `პოარიმ~ ენერგეტიკის სამინისტროს ნიალას ველის დაგუბების შესახებ რეკომენდაცია იმიტომ მისცა, რომ ეს ადგილები დაუსახლებელია და ამდენად, პროექტის განხორციელება შედარებით ნაკლები დაჯდება.

,,ნიალას ველის დატბორვის შესახებ გუშინწინ გამგეობაში თქვეს, ზღაპარი მეგონა!” - გაოცებას ვერ ფარავს 46 წლის რობერტ ზაქაიძე, რომლის მშობლებიც ნიალას ველზე საცხოვრებლად სოფელ ორგორიდან ოჯახის რჩენის მიზნით წავიდნენ. აქ ზაქაიძეები მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევენ. თავად კი ველზე მხოლოდ ზაფხულობით ამოდის, ზამთარში პირუტყვის გამოსაკვებად ბარში თივა უნდა ჩაიტანოს – ,,საძოვრების დიდი ნაწილი წაგვართვეს და ახლა მთავრობას აქ წყლის დაგუბება თუ უნდა, გააკეთებს, ჩვენ ვინ გვეკითხება?!”

ყარაბულაღი, ფანაქეთი, ნიალა, აგარა, გავეთი ეს მცირე ჩამონათვალია იმ სოფლებისა, რომლებიც ზღვის დონიდან 1 826 მეტრზე ალპურ ზონაში მდებარეობენ. აქ ყველაზე პატარა სოფელში ორი-სამი, ყველაზე დიდში კი 12-15 კომლი ცხოვრობს. ზოგიერთი დასახლება მხოლოდ ზაფხულობით ივსება ბარიდან ამოსული გლეხებით. ურავლესობას კი მუდმივად აქ დაუდია ბინა – ზაქაიძეების მსგავსად მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევენ.

,,ჩემი მშობლები აქ ცხოვრობდნენ და აქვე დავასაფლავეთ. მეც 60 ჰექტარი ნაკვეთი მაქვს და ვამუშავებ”, - გვიამბობს ნიალაში მცხოვრები 44 წლის შმაგი წამალაიძე.

წამალაიძეებს სამი შვილი ჰყავთ, უროსი 10-ის უმცროსი კი 3 წლისაა.

,,სწავლის პერიოდში ბავშვები ასპინძაში, მამიდასთან არიან, იქ დადიან სკოლაში, ჩვენ აქედან ვეხმარებით”, - ამბობს შმაგი წამალაიძის მეუღლე მაყვალა პაპაშვილი.

ხუთსულიან ოჯახს 20 ძროხა და ათი ცხვარი ჰყავს.

,,აქ ზოგს 70-80 სული საქონელი ჰაყვს. არაა იოლი მთაში ცხოვრება, რვა თვე ზამთარია, მაგრამ აქ უარესს გამოვექეცით. აქაურობის დატოვება არაფრის ფასად არ მიღირს! სამი შვილი მეზრდება, მომცენ ლტოლვილის სტატუსი და გამასახლონ მაშინ”, - აცხადებს შმაგი წამალაიძე.

ნიალას ველზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ იმ თანხით, რაც კომპენსაციით შეიძლება მიიღონ, ღირებულს ვერაფერს იყიდიან.

,,სანამ ველის დაგუბებას გადაწყვეტდნენ, იკითხა ვინმემ აქ ხალხი ცხოვრობდა თუ არა?! ან ჩვენ გვითხრა ვინმემ რამე?” - კითხულობს ბიძინა ობგაიძე.

მისი თქმით, ველზე მიწების დიდი ნაწილი გარემოსდაცვის მინისტრს გოგა ხაჩიძეს და სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულს ლაშა ჭკადუას ეკუთვნის, აქვეა საპატრიარქოს საძოვრებიც: ,,საპატრიარქოს რვა ათასი ცხვარი ჰყავს და ოთხი ბინა უდგას”.

ობგაიძის განცხადებით, იქ სადაც წყალი უნდა დაგუბდეს ხაჩიძეს 400 ჰექტარი აქვს შეძენილი: ,,ჩვენ ვის რაში ვადარდებთ?! თვითონ აიღებენ დიდ თანხას და ჩვენ კიდევ მილიონებს არავინ მოგვცემს. ბარში ცხოვრება რომ შეგვძლებოდა, საწვალებლად აქ არ წამოვიდოდით. რვა თვე ზამთარს ვუძლებთ, ცალკე უწყლობა გვტანჯავს, ერთი ჭიქა წყლის გავსებას ხუთი წუთი მაინც უნდა”.

მოსახლეობა ბარში

ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ისე როგორც მთაში, არც ბარში არაფერი იციან, თუმცა აქ ნიალას ველზე მცხვორებლებთან შეადრებით
განსხვავებული განწყობა აქვთ.

,,შეიძლება ეკოლოგიურად არასასურველი და საშიშია, მაგრამ ხალხი იმდენად დაუსაქმებელია რომ აღარაფერს დაეძებს”, - ამბობს ხერთვისელი - მარინა ციხელაშვილი.

პროექტის განხორციელების მომხრეა ტოლოშელი 64 წლის გიორგი ბირჩაძე: ,,აღარ ვიყიდით სხვისგან დენს და აქვე გვექნება ჰესი. ჩვენი ტერიტორიაა და დენსაც ჩევნ მოგვახმარენ. რომც გაყიდონ იმდენი მარაგი მაინც დაგვრჩება, რომ ჩვენ გვეყოს. არანაირი ზიანი არ მიადგება არაფერს. ვენაცვალე სააკაშვილს, რომ ამდენ რამეს აშენებს!”.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში ტარიფის გაიაფებაზე საუბრობს ბირჩაძის მეზობელი 56 წლის ემზარ გვარამაძე: ,,თუ შეგვპირდებიან რომ დენის გადასახადს გააიაფებენ მაშინ გააკეთონ”.

ეკონომიკური ღირებულება

ჰესებს სამცხე-ჯავახეთში არა სახელმწიფო, არამედ ინვესტორი აშენებს, ამდენად თავიდანვე პრივატიზებული იქნება.

,,მიუღებელი პროექტია, პირველ რიგში იმიტომ, რომ დახარჯული თანხის შესაბამის სიმძლავრეს ვერ მიიღებენ. 213 მეგავატი არ არის ის სიმძლავრე, რომელშიც დაგეგმილი 600 მილიონი უნდა გადაიხადო. ამ სიმძლავრის მიღება მცირე ჰესებითაც შეიძლება, ნიალაზე წყლის დაგუბების გარეშე”, - აცხადებს დავით ჭიპაშვილი.

მისივე თქმით, პროექტში ფულს მარტო ინვესტორი არ ჩადებს, მან სესხი უნდა აიღოს იბიარდისა (EBღD) და მსოფლიო ბანკისგან, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან. ამდენად, ეს ტარიფზეც აისახება: ,,დენს თურქეთში გაიტანენ. პროექტში საინტერესო ფრაზა წერია, რომ თუ იგი საქართველოს შიდა მოხმარებისთვის იქნებოდა გათვალისწინებული, (თუმცა, არის რაღაც ნაწილი, რომელიც საქართველოში დარჩება,) მაშინ მის განხორციელებას აზრი არ ექნებოდა - თანხას უკან ვერ ამოიღებდნენ. თურქეთში კი გაცილებით მაღალია დენის ტარიფი, ვიდრე საქართველოში”

ისტორიული ძეგლები

ნიალას ველის გარშემო ათობით ისტორიული ძეგლია, აქვეა თმოგვის ციხე და ვარძიაც.

,,პატარა რეგიონია და ამდენი ჰესების მშენებლობას აკუმულაციური ზემოქმედება ყველაფერზე ექნება. ერთი გუბურაც რომ გაკეთდეს ვარძიის თავზე, ვარძია დაინგრევა. წყალი ვარძიის ზემოთ ნიადაგში ჩაიჟონება”, - აცხადებს ჭიპაშვილი.

ადგილობრივი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია `მწვანე ჯვარის~ თავმჯდომარის რამაზ კორშიას თქმით, კი ვარძიაში ქვების ცვენა დიდი ხანია დაწყებულია: ,,ნიალა თვითონ ძეგლია, მის ქვეშ ნამოსახლარი სოფლებია დამარხული და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, ამდენად მისი ტბად გადაქცევა დაუშვებელია”..

ბერიძის განმარტებით ველზეა ნიალის ყორღანები, ასევე აჩხიისა და  ოლოდის ქვაბები. ნიალაშია გავეთისა და აგარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრები, ასევე სამარხები ყაჩაღები და დუმეილა: ,,სულ პატარა რეზერვუარიც რომ გაკეთდეს, ეს ყველაფერი წყლით დაიფარება და განადგურდება. ნიალას წყლით დაფარვა კი ვარძიის ნგრევასაც გულისხმობს”.

ვარძიის მუზეუმის ნაკრძალის დირექტორმა ვალოდია ზაზაძემ კულტურის სამინსიტროში ნიკოლოზ ვაჩეიშვილთან გადაგვამისამართა. მისი აზრით თუ სახლემწიფო გადაწყვეტს, რომ ნიალას ველზე წყალი დაგუბდეს და ჰესი აშენდეს, წინ ვერავინ აღუდგება: ,,აქ მორჩილი ხალხი ცხოვრობს, ამის წინააღმდეეგ არავინ გამოვა”.


ეკოლოგიური საფრთხე

დავით ჭიპაშვილის განმარტებით, ადგილი, სადაც რეზერვუარის გაკეთება იგეგმება, სეისმურად საშიში ზონაა: ,,ცხრა ბალიანი მიწისძვრები იცის, აქ 86 მეტრიანი კაშხლის აშენება უნდათ, მიწისძვრის შემთხვევაში წყალი ხერთვისამდე ჩავა”.

სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატში ვარძიის ველთან დაკავშირებით შესათანხმებლად ჯერ არანაინი დოკუმენტი არ მიუღიათ. ამგვარი დოკუმენტი, არც ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაუგზავნიათ.

სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ლაშა ჭკადუას თქმით, თუ რეზერვუარი ისტორიულ ძეგლებს დააზიანებს, ენერგეტიკის სამინისტროში ამ საკითხის შეცვლა ალბათ დღის წესრიგში დადგება: ,,თავად სამცხე-ჯავახეთში არაფრის მფლობელი ვარ. რეზერვუარი თუ მართლა გაკეთდა ნიალაზე, ყველა მოსახლე კუთვნილ კომპენსაციას მიიღებს”.

ჰესები ადიგენის მუნიციპალიტეტშიც აშენდება.

,,ჰესები სესხებით შენდება. ამ ფულს კი არ გვჩუქნიან, უკან უნდა დავაბრუნოთ. პროცენტები კი დენის ტარიფში პირდაპირ აისახება, რაც მეტ ჰესს ააშენებენ, დენის ტარიფი მით უფრო მეტად გაიზრდება”, - ამბობს დავით ჭიპაშვილი.

რამდენად გაიზრდება დენის ტარიფი, ან რამდენად გაითვალისწინებენ ისტორიული ძეგლების ნგრევის თუ ეკოლოგიური კატასტროფების საშიშროებას, მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, მანამდე დამაფიქრებელი კიდევ ერთი საკითხია – ჰესებიდან გამომუშავებული ელექტროენერგია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გავლით ქვეყნის ფარგლებს გარეთ 500 კილოვატიანმა ელექტრო გადამცემმა ხაზმა უნდა გაიტანოს, თუმცა, ყველა ჰესის ამუშავების შემთხვევაში, რეალურად მასზე ენერგიის გადასატანად კვოტა აღარ დარჩება.
თამუნა უჩიძე, ასპინძა

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი