მობილური ტელეფონები დუმილისთვის


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის მოსახლეობა, ბილაინის გადამცემი სადგურის გადატანას მოითხოვს.
მობილურმა ოპერატორმა კომპანია ,,ბილაინმა’’ სოფელ წახანში გადამცემი სადგური ერთი თვის წინ დაამონტაჟა.
,,სადგური ისე დაამონტაჟეს, მხოლოდ რამდენიმე კაცს ჰკითხეს, მათაც დადგმის ნებართვა უპრობლემოდ მისცეს. ყოველთვის ასე ხდება, მხოლოდ რამდენიმე კაცი წყვეტს, რა გაკეთდეს სოფელში. სადგური სხვა ადგილას უნდა გადაიტანონ”, _ კატეგორიულია სოფელ წახნის მკვიდრი ნანა პაპიძე.


გადამცემი სადგური სოფლიდან რამდენიმე მეტრშია დამონტაჟებული. მოსახლეობის განმარტებით, ის ადგილი სოფლის ტერიტორიაა. ანძაც დასახლებულ ადგილთან ახლოს დგას, რაც, ადგილობრივების თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის: `რაც ,,ბილაინის” გადამცემი სადგური დაამონტაჟეს, მას შემდეგ ყველა ცუდად ვართ, თავი გვტკივა. ეს პრობლემა ერთ და ორ ოჯახს არ გვაწუხებს. სოფელში ბავშვები ცხოვრობენ. ყველამ კარგად იცის, ანძას რამხელა გამოსხივება აქვს,”_ამბობს ზალიკო ღვინიაშვილი.

გარდა ამისა, იქ, სადაც გადამცემი ანძაა დამონტაჟებული, მოსახლეობას მიწის ნაკვეთები აქვს და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, დღის უმეტეს ნაწილს ნაკვეთში ატარებენ.
,,ჯერ იყო და “ჯეოსელმა” ჩაგვიდგა სოფელთან ახლოს გადამცემი სადგური, ახლა ,,ბილაინის” დაემატა. როგორ შეიძლება, ამ პატარა სოფელში ამხელა ანძები რომ დაგვიდგეს.!’’ - აღშფოთებულია ადგილობრივი შაქრო თავაძე.

ადგილობრივების ინფორმაციით, ,,ბილაინს” გადამცემი სადგური თავდაპირველად სხვა სოფელში უნდა დამონტაჟებულიყო, თუმცა იმ სოფლის მოსახლეობამ ,,ბილაინის” ხელმძღვანელობას ნებართვა არ მისცა.
,,ჩვენთან კი დაუკითხავად ჩადგეს, როგორ შეიძლება ასე?”_კითხულობს ნანა პაპავა.

გადამცემი სადგურის დამონტაჟებიდან რამდენიმე დღეში ,,ბილაინის” წარმომადგენლებმა წახნის მოსახლეობას მობილური ტელეფონები დაურიგეს.
,,მოსახლეობამ სადგურის დამონტაჟებაზე უკმაყოფილება რომ გამოთქვა, რამდენიმე დღეში ერთჯერადი მობილური ტელეფონები დაარიგეს, ხელში ვერ დაიჭერ, ხშირად იბლოკება. ვფიქრობთ, რომ ეს მოსახლეობის გაჩუმების მიზნით გააკეთდა, ”_მიაჩნია ზალიკო ღვინიაშვილს.

,,ბილაინის” სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსის, შალვა დალალიშვილის განცხადებით ,,ბილაინსათვის” ყველაზე მოსახერხებელი ადგილი სოფელი წახანია. მისი თქმით, სადგური სოფლისგან საკმაოდ მოშორებულ ადგილზე დამონტჟდა.
,,ვერ ვხვდები, რითი არიან უკმაყოფილოები. ჯერ ერთი, რომ სადგური სოფლიდან მოშორებით დგას, მეორეც - ჩვენ ეს უკანონოდ არ გაგვიკეთებია. გამგეობასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება და ნებართვა გვაქვს,”_ამბობს შალვა დალალიშვილი.

რაც შეეხება გამოსხივებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შალვა დალალიშვილი ამბობს, რომ ეს აბსურდია, რადგან სადგურს არ აქვს ისეთი გამოსხივება, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას პრობლემები შეექმნას: ,,გამოსხივებაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია. ახალციხეში, ისე, როგორც ყველა დიდ ქალაქში, საქართველოში და საერთოდ მსოფლიოში, ანალოგიური სადგურები, საბავში ბაღის, სკოლის და სხვა ადმინისტრაციულ შენობების სახურავებზე დგას და ჯერ ჯანმრთელობის პრობლემები არავის შექმნია”.

მისივე თქმით, მოსახლეობისთვის მობილური ტელეფონების დარიგება ,,ბილაინის’ საჩუქარი იყო: ,,ეს იყო კეთილი ნება და ვინმეს თუ არ უნდოდა, შეეძლო არ აეღო. თუ ვინმემ ეს საჩუქარი იმ კუთხით მიიღო, რომ გაჩუმებულიყო, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა”.

მანანა სარაშვილი, ადიგენი


No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი