ვალდებულება და რეალობა

რა ვადებში უნდა გასცეს საჯარო მოხელემ საჯარო ინფორმაცია და რას ავალდებულებს მათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლი. 
21 სექტემბერს ,,სამხრეთის კარიბჭემ’’ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შემდეგი განცხადებით მიმართა:
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების თანახმად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1. როგორ რეგულირდება გარე ვაჭრობა ახალციხეში?
2. ინფორმირებულია თუ არა მუნიციპალიტეტის გამგეობა რა მდგომარეობაა კვირა დღეს იაძის ქუჩაზე? (ბაზრისა და ბანეკბის მიმდებარე ტერიტორია).
3. ვინაა უფლებამოსილი მოაწესრიგოს იაძის ქუჩაზე მიმდინარე ვაჭრობა კვირა დღეს?
4. სად შეუძლიათ გლეხებს პროდუქტის გაყიდვა? ხომ არ იგეგმება მათთვის ქალაქში სპეციალური ადგილის გამოყოფა?
5. როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?”
განცხადებაზე პასუხი არ მიგვიღია.
წერილობითი განცხადებით გამგეობას ,,სამხრეთის კარიბჭემ’’ მიმდინარე წლის 6 მაისსაც მიმართა. გაზეთი ითხოვდა ინფორმაციას წინასაარჩევნოდ შვებულებაში გასული ადამიანების ვინაობისა და მათი საშვებულებო ხელფასების შესახებ. პასუხი შვიდ მაისს, საღამოს საათებში, გამგეობაში არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ მივიღეთ. თუმცა არასრული, მასში არაფერი ეწერა ხელფასების თაობაზე, გარდა ერთი წინადადებისა: ,,საშვებულებო ანაზღაურება ეძლევათ ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 26-ე მუხლის საფუძველზე’’.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი სახით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. წერილობით ინფორმაციის მოთხოვნა იმ შემთხვევაში ხდება, როცა საქმე დოკუმენტებს ეხება, ან საჯარო მოხელე შეხვედრაზე უარს ამბობს.
საერთოდ ვერ ვღებულობთ ან არასრულ პასუხს ვღებულობთ მაშინაც, როცა ინფორმაციას ზეპირად ვითხოვთ. ბოლო პერიოდია შეხვედრაზე უარს ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი, მიზეზად ყოველთვის დროის არქონა სახელდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტი გამონაკლისი არ არის. მსგავსი ვითარებაა რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშიც.
მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში კომენტარზე უარი გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სიმონ პარუნაშვილმაც. ,,სამხრეთის კარიბჭეს’’ აინტერესებდა ინფორმაცია ხანძრების შესახებ, კონკრეტულად, რა ფართობი დაიწვა და რა ოდენობის ზარალზე იყო საუბარი. გამგებლის ინფორმირება ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ,,გადაწყვიტა’’ და მანვე გვაცნობა, რომ აღნიშნულ საკითხზე გამგებელი კომენტარს არ გააკეთებდა.
,,სამხრეთის კარიბჭესთან”  კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგოებაშიც: `ჩვენ ,,სამხრეთის კარიბჭეს” კომენტარს არ ვაძლევთ’’, - აცხადებენ კატეგორიულად.
რაც შეეხება წერილობითი ფორმით მიღებულ პასუხებს, ხშირად ირღვევა პასუხის მიღების ვადები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო ინფორმაცია გასცეს დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფრომაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

• სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
• მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
• სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
,,მოყვანილი წესი საჯარო დაწესებულებას ავალდებულებს, ზუსტად განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, საჯარო ინფორმაცია გასცეს დაუყოვნებლივ. ინფორმაციის მოცულობის, მოძიების, სიმარტივისა და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაცია შეიძლება გაიცეს განცხადების რეგისტრაციის დღესვე’’, - ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შედგენილ ტრენინგის მოდულში - ,,ინფორმაციის თავისუფლება – საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი ჟურნალისტებისათვის’’.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ყოველი წლის 10 დეკემბერს ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნათა დაცვის შესახებ.
კანონი დეტალური ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას ითვალისწინებს. კერძოდ, იგი უნდა მოიცავდეს:

• საჯარო დაწესებულებაში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორებების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას; მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობას;
• მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობას;
• ინფორმაციას საჯარო მოხელის მიერ საჯარო ინფორმაციის ღიაობის საკითხთან დაკავშირებით კანონის მოთხოვნათა დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირის მიმართ დისციპლინური სახდელის დადების შესახებ;
• ინფორმაციას იმ საკანონმდებო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას;
• ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თობაზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესახებ და ასე შემდეგ.

9 დეკემბრამდე თვენახევარი რჩება. პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე ანგარიში ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა წარადგინოს, საინტერესოა, რა ეწერება ახალციხის მუნიციპალიტეტის ანგარიშში აღნიშნული ფაქტების შესახებ.
ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი