არდანახვა თუ ვერდანახვა


ხელისუფლების უმწიკვლო მუშაობა თუ ოპოზიციის უნიათობა. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე სამცხე-ჯავახეთში მოქმედი ოპოზიციური პარტიებიდან არავინ საუბრობს.

იყენებს თუ არა ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში ადმინისტრაციულ რესურსს? ეს კითხვა სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში მოქმედ ოპოზიციურ პარტიებს დავუსვით. პასუხები ერთმანეთის მსგავსი აღმოჩნდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტი:

1. პოლიტიკური გაერთიანება ,,ჩვენ თვითონ”;

2. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;

3. “საქართველოს კონსერვატიული პარტია”;

4. ,,ალიანსი საქართველოსთვის”;

5. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”;

6. “თორთლაძე - დემოკრატიული პარტია”.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი:

1. პოლიტიკური მოძრაობა ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”;

2. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;

3. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”;

4. ,,ალიანსი საქართველოსთვის”;

5.თორთლაძე -  დემოკრატიული პარტია”;

6. მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის”.

ადიგენის მუნიციპალიტეტი:

1. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;

2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”;

3. ,,ალიანსი საქართველოსთვის”.

სამ მუნიციპალიტეტში 15 ოპოზიციური პარტიის რაიონული ორგანიზაცია ფუნქციონირებს. აქედან, მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვისწარმომადგენლებმა ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე არ გვიპასუხეს. ადიგენის მუნიციპალიტეტში კი ,,ალიანსი საქართველოსთვისოფისს ვერ მივაკვლიეთ. ქუჩაში შემხვედრმა ქალბატონმა, რომელიც ,,ალიანსი საქართველოსთვის წევრი აღმოჩნდა, განგვიმარტა, რომ ორგანიზაციას ოფისი რუსთაველის ქუჩაზე ჰქონდა. ადგილზე მისულებს არანაირი ოფისი არ დაგვხვდა. ახლომდებარე მაღაზიის გამყიდველმა აგვიხსნა, რომ პარტიის წევრები ერთხელ მივიდნენ, სავარაუდოდ, იქვე მდებარე ფართის ქირაობა უნდოდათ, თუმცა შემდეგ არავინ გამოჩენილა.

დარჩენილი 13 რაიონული ორგანიზაციიდან ყველა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს არ იყენებს.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქრისტია-დემოკრატიული მოძრაობისახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში გვთხოვეს, აგვეხსნა რას ნიშნავდა და რა იგულისხმებოდა ადმინისტრაციულ რესურსში. განმარტების შემდეგ კი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ია ხარაიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი შეუმჩნევია.

,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესიკ ფოფხაძეც მიიჩნევს, რომ ,,ამ ეტაპზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ აქვს”.

რესპუბლიკური პარტიის ახალციხის რაიონული ორგანიზაცის თავმჯდომარემ, თამარ გოგოლაძემ განაცხადა, რომ დამამტკიცებელი ფაქტების გარეშე ამ თემაზე საუბარი არ სურს.

,,არა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ ყოფილა”, ძირითადად ასეთია ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.

განსხვავებული მოსაზრებები აქვს ადგილობრივ მოსახლეობას. ისინი მიიჩნევენ, რომ რაიონებში ან მოსყიდულია ოპოზიცია, ან შეშინებული, ან საკმარისი ცოდნა არ აქვთ.

,,სად არის ოპოზიცია?! აბა, როგორ ვერ უნდა დაინახო, იყენებს თუ არანაციონალური მოძრაობაადმინისტრაციულ რესურსს. დავიწყოთ იქიდან, რომ, როცა ოფიციალურად გამოაცხადეს ნაცმოძრაობის კანდიდატები, მაშინ ახალციხის რაიონში სწავლა შეწყდა და  მასწავლებლები და ბავშვები ახალციხეში ავტობუსებით ჩამოიყვანეს. სახელდახელოდ გააკეთეს სცენაც ჩემი, შენი და სხვისი გადახდილი გადასახადებით. ამას დამნახავი ბევრი ჰყავს, მთქმელი უნდა, თორემ რა?!” ამბობს ახალციხის მკვიდრი.

სახელისა და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა მეორე მამაკაცმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ადვილად შესამჩნევია, როგორ იყენებს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”: ,,კანონდარღვევა არა მგონია იყოს ის ფაქტი, რაზეც მინდა გითხრათ, მაგრამ მაოცებს ის, რომ ოპოზიციას შეუძლია ხმა ამოიღოს ამ ფაქტზე და მაინც დუმს. “ნაციონალური მოძრაობისოფისის წინ არაერთხელ შემინიშნავს გუბერნატორის და გამგებლის მანქანები, ეს ვიზიტები რისთვისაა?! აბა, ამაზე ვინ ამოიღო ხმა?! ირიბად არ ნიშნავს ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას?!”

მისივე თქმით, ძალიან ძნელია, განსაზღვრო რატომ არ საუბრობენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ოპოზიციური პარტიები. იგი ამ ფაქტს რამდენიმე კუთხით ხსნის: ,,რაიონებში ოპოზიცური პარტიები ან მოსყიდულები არიან, ან დაშინებულები, ან კიდევ იმდენი განათლება არ აქვთ, რომ ეს შეამჩნიონ”.

გულო კოხოძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი