ბორჯომის ცენტრში ბენზინგასამართ სადგურს შპს ,,ეკო-გრუპი” აშენებს. კომპანიას მშენებლობის ნებართვა ყველა საჭირო უწყებამ მისცა, თუმცა ეს ფაქტი ბორჯომელების უკმაყოფილებას იწვევს.
ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურში აცხადებენ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტერიტორია ფალიაშვილის სახელობის ძეგლიდან ფოსტის შენობამდე რვა ნაკვეთადაა დაყოფილი.
,,2009-2010
წელს
სამი ნაკვეთი აუქციონზე გაიტანა ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გასაყიდად. 1000 მეასედი აღნიშნული ფართიდან ბორჯომელმა მამუკა რევაზიშვილმა შეიძინა. იგია მფლობელი მეორე ნაკვეთისაც, რომლის ფართობიც ასევე 1000 მეასედია”, - გვიხსნის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი თამაზ მეტრეველი.
მისი თქმით, აღნიშნული ფართობი მამუკა რევაზიშვილმა კომპანია ,,ანკაპზე” გაასხვისა: “მესამე გაყიდული ნაკვეთის ფართობი 8000
მეასედია და მისი მფლობელი შპს ,,ეკო-გრუპია”. ამ უკანასკნელის დირექტორი გიორგი ჩხეიძე გახლავთ”.
,,ეკო-გრუპმა” შეძენილ ფართობზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა უკვე დაიწყო.
,,როგორ შეიძლება ქალაქის ცენტრში ბენზინ-კალონკა იყოს?! ამ ადგილას ადვილი შესაძლებელია ავარიები მოხდეს”, - ამბობს ბორჯომის მკვიდრი დათო კევლიშვილი.
მშენებლობას აპროტესტებს ბორჯომელი ელიკო თაბაგარიც: ,,რაც დარჩა გასაყიდი, იმასაც ყიდიან. გასავლელად ტროტუარებსაც არ გვიტოვებენ, ამით მოვიზიდავთ ტურისტებს?! ეს ხომ ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მავნებელია”.
პენსიონერი ქალბატონის თქმით, რომელიც პრესასთან ინკოგნიტოდ რჩება, ამ ადგილზე “კალონკის” აშენება გასულ წლებშიც იგეგმებოდა: “მაშინ მშენებლობის ნებართვა ვერავინ მოიპოვა. როგორც ჩანს საქმეში ხელისუფლების მაღალი ეშელონები არიან ჩარეულები”.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ურბანული დაგეგმარების მთავარი სპეციალისტის ალეკო ნოზაძის განმარტებით,
ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა შეთანხმებული და ნებადართულია საგზაო და საპატრულო პოლიციასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ყველა იმ ინსტანციასთან, რომლის ნებართვაც იყო საჭირო.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მიქელაძის განცხადებით,
აღნიშნული ნაკვეთების გაყიდვაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე უკვე იმსჯელა: “მიწის ნაკვეთები საკრებულოს გადაწყვეტილებით აუქციონის წესით და კანონის სრული დაცვით გაიყიდა”.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი