ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა თავიანთი შემოსავლის ნაწილს, 10-დან – 20 პროცენტამდე, გადასახადების სახით იხდის, ამ ფულის ბედით კი ერთეულები ინტერესდებიან.
უბრალო მოქალაქეებს შორის, ცოტა თუ ინტერესდება, სად მიდის 20-პროცენტიანი საშემოსავლო,
15-პროცენტიანი მოგებისა და 18-პროცენტიანი დამატებული ღირებულების გადასახადი. ჩვენ მიერ გამოკითხული ათი მოქალაქიდან ათივემ გვიპასუხა, რომ არ იცის, რა თანხისგან შედგება ჩვენი ბიუჯეტი და არც საბიუჯეტო თანხების განაწილების გადაწყვეტილების მიღებაში მიუღია მონაწილეობა.
“არ ვიცი, როდის და როგორ მიიღეს ბიუჯეტი. ვინ შეგვეკითხება, ეს ფული რაში უნდა დაიხარჯოს. მთავარია, ფული არ მიითვისონ და თავიანთი საქმე კეთილსინდისიერად აკეთონ”, - ამბობს ახალქალაქელი ლენა პეტროსიანი.
და მაინც, სად მიდის გადასახადის გადამხდელთა გაღებული ფული?
2004 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება კრედიტებით, გრანტებით, საგადასახადო და სხვა შემოსავლებით დაიწყო.
ბუნებრივია, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების უმეტესი ნაწილი საგადასახადო შემოსავლებიდან შედგება. სახელმწიფო ბიუჯეტი 2008 წლამდე თანდათანობით იზრდებოდა. ამ წლის მონაცემებით სახელმწიფო ბიუჯეტი 5 მილიარდ 517 მილიონ 689
ათას 600 ლარი იყო და მისი უმეტესი ნაწილი საგადასახადო და აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული კრედიტებისა და გრანტებიდან მიღებული შემოსავლებისგან შედგებოდა. თუმცა 2009 წლიდან შემოსავლების შემცირება კვლავ დაიწყო და ბიუჯეტი 5 მილიარდ 137 მილიონ
516 ათას 800 ლარი გახდა. გადასახადები მთელი ბიუჯეტის 75
პროცენტი, გრანტები მხოლოდ 7 პროცენტი და სხვა შემოსავლები 18 პროცენტი იყო.
2010 წლისათვის ქვეყნის შემოსავლებმა 5 მილიარდ 181 მილიონ 760 ათას 700
ლარი შეადგინა.
სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიც იზრდება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითმა ნაწილმა 2010 წელს
4 642 600 ლარი შეადგინა. ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი ნაწილი – 3 971 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ტრანსფერების სახით გაღებული ფინანსური დახმარებისგან შედგება, აქედან გამოთანაბრებული ტრანსფერი 3 779 100 ლარია, მიზნობრივი კი - 192 000 ლარი. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში შედის ასევე სხვა შემოსავლები, კერძოდ, საგადასახადო შემოსავლები
300 000 ლარი, არაფინანსური აქტივები 30 000 ათასი ლარი და სხვა შემოსავლები 341 500 ლარი. სულ ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები 671 500 ლარს შეადგენს.
“2008-2009 წლებში, პრინციპში, 2010 წელსაც, ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა. ამის მიზეზი საშემოსავლო ნაწილში შემავალი ტრანსფერებია, რომელთა ოდენობაც წლიდან წლამდე მატულობს. ასევე, არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი პროგრამული თანხები, რომლებიც ყოველწლიურად იზრდება. ისინი ძირითადად სპეციალურ ხარჯებზე, მშენებლობასა და რეაბილიტაციაზეა მიმართული. გაიზარდა საგადასახადო და არასაგადასახადო შენატანებიც, დაახლოებით, 10-20 პროცენტით. ჩვენს რაიონში შენატანების ძირითადი ნაწილი მიწის გადასახადზე მოდის. მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილების ფართობი ერთ ჰექტარსა და 25
არზე ნაკლებია, მიწის გადასახადისგან გათავისუფლებული არიან. ამიტომ მიწის გადასახადი უმნიშვნელოა”, - განმარტავს ახალქალაქის მუნციპალიტეტის ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელი ოვანეს კარაპეტიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელმა აგვიხსნა, როგორ განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობა, რაში დაიხარჯოს გადასახადის გადამხდელთა ფული: “ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტზე მუშაობა ივნისში იწყება. ამ თვეში ვიწყებთ განაცხადების მიღებას ორგანიზაციებიდან, რომელთაც ბიუჯეტი აფინანსებს. აღნიშნული განაცხადების საფუძველზე ვიგებთ, რა სამუშაოებია ჩასატარებელი და რა თანხებია აუცილებელი. გარდა ამისა, განაცხადები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა განყოფილებებსაც შემოაქვთ. შემდეგ ხდება განაცხადების განხილვა, პროექტების შემუშავება და ბიუჯეტის პროექტში შეტანა. განაცხადებს საკრებულოს დეპუტატებისგან და რწმუნებულებისგანაც ვიღებთ იმის შესახებ, თუ რომელ ტერიტორიებზე და რა სამუშაოების ჩატარებაა საჭირო”.
მართალია, მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებითა და ხარჯებით არ ინტერესდება, მაგრამ ხალხი, ვინც ამ საკითხით დაინტერესებულა, ხშირად ამბობს, რომ არ ესმით, რას გულისხმობს ისეთი პუნქტი, როგორიცაა “გამგეობის ტერიტორიის კეთილმოწყობა და რემონტი”, რისთვისაც 22
000 ლარია გამოყოფილი და გაუგებარია, რატომ არ შედის ეს პუნქტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხარჯებში (სხვათა შორის, ეს უკანასკნელი საკმაოდ დიდ თანხას შეადგენს – 1 519 400 ლარი). გაუგებარია, ასევე, ბიუჯეტის ზოგიერთი სხვა პუნქტი, როგორიცაა წარმომადგენლობითი ხარჯები – 5 000 ლარი, აეროფოტოგადაღებები – 10 000 ლარი და ბუნდოვანია, რომელი მუნიციპალიტური საკუთრების რემონტისთვისაა გამოყოფილი
150 000 ლარი. მხოლოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 160 თანამშრომლის ხელფასებისთვის 576 000 ლარია ნაანგარიშევი. წელს ბევრ კითხვას იწვევს ერთ-ერთი პუნქტი, დასახელებით “ქალაქის ტუალეტი”, რომლისთვის 36
000 ლარია განკუთვნილი.
ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, თავად მოსახლეობა რას ფიქრობს, სად უნდა დაიხარჯოს საბიუჯეტო სახსრები. გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ქალაქის კეთილმოწყობას, რაც ძალიან უცნაურია, რადგან ამ მიზნისთვის ბიუჯეტიდან 1 305 100 ლარია გამოყოფილი.
ქალაქ ახალქალაქის მცხოვრები ალიკ ტოპალიანი მიიჩნევს, რომ ქალაქის კეთილმოწყობისა და ქუჩებისა და პარკების სანიტარული დასუფთავებისთვის მეტი თანხის გამოყოფაა საჭირო. მისი აზრით, ასევე მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდობის დასაქმებას.
“უკეთესი იქნებოდა, ახალგაზრდობის დასაქმებისათვის მეტი ფული იხარჯებოდეს. კაზინოები და ტოტალიზატორები სულ ახალგაზრდებითაა სავსე”, - ამბობს იგი.
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ვლადიმედ პაპავამ განგვიმარტა, რომ გადასახადის გადამხდელთა ფულის მიზნობრივად და მიზანმიმართულად ხარჯვას საქართველოს კონტროლის პალატა ადევნებს თვალს: “ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების 10
პროცენტის მითვისება შესაძლებელია.
10 პროცენტი არასდროს და არავის მიერ მოწმდებოდა. კონტროლის პალატამ აქტიურად უნდა იმუშაოს და აუდიტები ჩაატაროს. სამწუხაროდ, მათ განყოფილებები არა აქვთ ყველა ქალაქში და შესაძლოა, არც ყველა რეგიონულ ცენტრში. ეს საკონსტიტუციო ორგანოა და კონსტიტუციის თანახმად, შემოწმებებს უნდა ატარებდნენ, თუმცა, რამდენად ხშირად აკეთებენ ამას, არ ვიცი. ეს ორგანო უშუალოდ პარლამენტს ემორჩილება. კონტროლის პალატის მუშაობა საქართველოში იდეალური არასდროს ყოფილა”.
ოვანეს კარაპეტიანის თქმით, საბიუჯეტო სახსრების დატაცება ამ ეტაპზე არ შეიმჩნევა. ბოლო აუდიტიც სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა.
“აუდიტი
2009 წელს ჩატარდა. აუდიტის დასკვნა უკვე ჩვენც გვაქვს და კონტროლის პალატაშიც წარდგენილია. ბუნებრივია, დარღვევები არ გვქონდა და შესაძლებლობაც არ არსებობდა, რომ გვქონოდა”, - ამბობს ახალქალაქის მუნციპალიტეტის ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელი.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი