ამომრჩეველთა ერთიან სიებში შესწორების ვადა 16 მაისს ამოიწურა. ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიამ სიებში შესწორებები შეიტანა.
ახალციხის ოლქში 35-ვე საარჩევნო უბანზე სიები 25 აპრილს გაიკრა. ამომრჩევლებს ერთიან სიაში თავის გადამოწმება 20 მაისამდე შეეძლოთ.
თუმცა, როგორც საუბნო კომისიი წევრები აცხადებენ მოქალაქეების აქტივობა ძალიან დაბალი იყო.
“ჩემი მორიგეობის დროს, მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, ხანში შესული ქალი მოვიდა, ქმარი გადაამოწმა სიაში”, - ამბობს მეოთხე უბნის კომისიის წევრი თამარ ჩაფიძე.
აქტივობა არც
პირველ უბანზე იგრძნობოდა, თუმცა თუ ვინმე სიაში თავის გადმოწმებით დაინტერესდა, 40 წლის ასაკს ზემოთ იყვნენ.
“მაქსიმუმ 10 კაცი თუ იქნება მოსული. სიაში ყველა მათგანი აღმოჩნდა”, - აცხადებს პირველი უბნის კომისიის წევრი ნანი გელაშვილი.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ამომრჩეველთა წინასწარი მონაცემებით ახალციხის ოლქში 36 439 ამომრჩეველია. ახალციხის საოლქო კომისიამ სიაში შეტანილი შესწორებები ცენტრალურ საარჩვევნო კომისიას 16 მაისს გადასცა. “ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესწორებების შეტანის ფორმაში” 217 ამომრჩეველი შევიდა.
მათ
შორის, ვისაც გრაფაში “უცხოეთშია” ეწერა, 85 უკვე საქართველოშია. ასეთი ცვლილებები ძირითადად ეროვნებით სომეხი მოქალაქეებით დასახლებულ უბნებზე არსებულ სიებში დაფიქსირდა. მაგალითად ვალის საარჩვენო უბანზე საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნებული 7, პამაჯში - 12, საძელში – 12, წყალთბილაში – 6, აბათხევში - 7, ნაოხრებში – 13, წყრუთში კი 15 აღმოჩნდა.
ერთიან სიაში არ იყო 17 ამომრჩეველი; მისამართი არასწორად იყო მითითებული 2 შემთხვევაში; უბანი შეიცვლა 106-მა ამომარჩეველმა;
“მაგალითად აგარის ¹12 უბნიდან 33 ამომრჩეველი აგარის ¹25-ში გადავიდა. სხვილისის #21 უბნიდან 52 ამომრჩეველი ხმას #34 უბანზე მისცემს”, - ამბობს ახალციხის #37 საოლქო საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე ლეილა ნარიმანიშვილი
სიიდან ამოიღეს ერთი გარდაცვლილი. ვერ შესწორდა 6 მოქალაქის მონაცემი. ამ უკანასკნელთაგან ხუთი ვალის #10 საარჩევნო უბანზეა წარმოდგენილი.
“მათი პირადობის მოწმობებშია შეცდომა, ვალე აქვთ გამორჩენილი”, - გვიხსნის ლეილა ნარიმანიშვილი.
მიუხედავად შესწორებებისა, სიებში კვლავ რჩებიან “მკვდარი სულები” და ემიგრანტები.
“უზუსტობები ისევაა სიებში, მაგრამ მათი უმრავლესობა არჩევნების დღეს იჩენს ხოლმე თავს. კვლავ სიებში რჩება გარდაცვლილები”, - აცხადებს #17 მინაძის უბნის კომისიის წევრი იზოლდა მურვანიძე.
სიაში რჩებიან ემიგრანტებიც. თამარაშვილის ¹4-ში რეგისტრირებული 9 ემიგრანტიდან მხოლოდ ერთს, ნუნუ ინასარიძეს აქვს მითითებული, რომ უცხოეთშია. თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ხმას ¹6 საარჩვენო უბანზე აძლევენ. მისი კომისიის წევრის მამუკა თამარაძის განცხადებით,
“სიებში ცვლილებები ჯერ კიდევ შევა”: “ამ მონაცემებს მივაწვდით საოლქოს და ახალი სიები ამის შემდეგ გამოიკვრება”.
ლეილა ნარიმანიშვილის თქმით, კი სიებში საბოლოოდ შესწორების ვადა 16 მაისი იყო:
“ამის შემდეგ რაიმე ცვლილების შეტანა ერთიან სიაში მხოლოდ სასამართლოს წესითაა შესაძლებელი”.
“ეროვნული საბჭოს” წარმომადგენელი ახალციხეში ოლეგ სანდროშვილი მიიჩნევს, რომ “ერთიან სიაში გაპარულ შეცდომებს მმართველი პარტია სათავისოდ გამოიყენებს”.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი