ერთი ოჯახის ისტორია
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში მცხოვრები გუბელაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში არ არის, თუმცა ოჯახის სიღატაკის ზღვარზეა.
ძაღლების ყეფამ სახლამდე არ მიმიშვა, ამიტომაც შორიდან დავიძახე და ხის პატარა ჭიშკრიდან, ქვაბით ხელში, ჭაღარა, მაგრამ ახალგაზრდა ქალმა გამომხედა.
ეზოში უამრავი ყვავილია, თუმცა ჯერ
მარტო ტიტებია აყვავებული და სახლის წინა ნაწილი წითლად ლივლივებს.
დიასახლისი ძაღლებს ქვაბით შრატს უსხამს და სამსაფეხურიანი ხის კიბით სახლში შევდივართ.
ბადრი გუბელაძის ოჯახს ვსტუმრობ, შინ
მხოლოდ დიასახლისი ზოია გუბელაძეა. სოფელში რიტუალების სახლს აკეთებენ და ოჯახის უფროსი იქ მუშაობს.
ბადრი და ზოია გუბელაძეებს სამი ვაჟიშვილი ჰყავთ: 28 წლის გია, 26 წლის გოჩა და 18 წლის ხვიჩა.
გია
ცხინვალის ომის მონაწილეა, პოლიციაში მუშაობს და ახლა ქალაქ რუსთავში მეუღლესთან და ხუთი წლის მარიამთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
,,თავი როგორღაც გააქვს, თავის ოჯახი აქვს, ჩვენ ვერ გვეხმარება”, - ამბობს დედა.
ოჯახში მხოლოდ გოჩა მუშაობს.
,,არც მე ვმუშაობ და არც მეუღლე. ერთი შვილი მყავს დასაქმებული, ბენარის სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად, ნახევარ განაკვეთზე მუშაობს და 80 ლარი აქვს ხელფასი”, - გვიხსნის დიასახლისი.
ოჯახი 1985 წლიდან ცხოვრობს ადიგენის მუნიციალიტეტის სოფელ ბენარაში.
“ყვიბისში, ბორჯომის ჩამომსხმელ ქარხანაში ვმუშაობდით და ხაშურში ვცხოვრობდით. ბადრი ცვლის უფროსი იყო. იქ შევხვდით ერთმანეთს და შევუღლდით”, - ღიმილით გვიყვება წარსულზე.
,,ჩამომხსმელში მუშაობა კარგი პერიოდი იყო ჩვენთვის. რაც კი გვაქვს შეძენილი, ყველაფერი იმდროინდელია. ახლა კი, რომ იტყვიან, უკან-უკან მივდივართ”, - ხელეფს იფშვნეტს დისახლისი.
სოფელში მოსახლეობას თავი მესაქონლეობითაა და მიწათმოქმედებით გააქვს.
,,კრედიტი ავიღეთ და ძროხები და ღორები ვიყიდეთ. ჩემი ორი ბიჭი და რძალი ავარიაში მოყვნენ და ძროხები გავყიდე, ღორები კი დამიწყდნენ. ახლა მხოლოდ ერთი ძროხა მყავს და ყველს სამ დღეში ერთხელ
ვაკეთებ”, - მეუბნება ზოია გუბელაძე.
მაგიდაზე ლამბაქის ზომის ყველი დევს.
,,კარტოფილი მოგვყავს და ამით გაგვაქვს თავი”, - ამბობს ოჯახის დისახლისი.
სახნავი მიწები ოჯახს აქვს, თუმცა...
,,მიწა ბევრი არ გვაქვს, გაკორდებულია, სარწყავი არ გვაქვს და რა მოსავალი მოვა?! ცოტ-ცოტას ყველაფერს ვთესვათ, სიმინდი ლობიო, კარტოფილი”, - მიხსნის მასპინძელი.
გუბელაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში ვერ მოხვდა.
“რა ნახეს აქ?! მოდით, დაათვალიერეთ! ან ამ ავეჯით რა დასკვნა გამოიტანეს? ხოდა, არ ვარ სიაში. ეს ყველაფერი ადრე მაქვს ნაყიდი. იქ მისვლა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო, მაგრამ მართლა გამიჭირდა და სხვა გამოსავალი არ მქონდა”, - წუხს იგი.
ზოია გუბელაძე 49 წლისაა, მისთვის დიდი ნუგეშია, რომ
შვილები კარგად და ჯანმრთელად ჰყავს. თუმცა, ასეთ ცხოვრებას არ ელოდა: ,,სახარბიელოს ვერაფერს ვერ ვხედავ, სულ არ ვფიქრობდი, რომ ასეთი მომავალი მელოდა. ვფიქრობდი, რომ ვმუშაობდი და ბედნიერი სიბერე მექნებოდა”.
წლების წინ,
ქარხანაში, დაზგამ მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი მოწყვიტა. მდინარის პირზე დარჩენილ ფიჩხს რომ კრეფს, წარსულზე ფიქრობს და დარდობს, პენსია რატომ არ გააკეთა. ახლა შვილიშვილის ნახატებით საზრდოობს, იმედს არ კარგავს. მიაჩნია, რომ მთავარი ღვთის წყალობაა და ყველაფერს ეშველება.
გულო კოხოძე, ადიგენი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი