თანხა დახარჯულია, შედეგი არ ჩანს


დაბა ადიგენში, ზაზაშვილის ქუჩაზე გამავალი გზა არაერთხელ მოიხრეშა, მაგრამ ყოველი წვიმის შემდეგ ისევ გაუვალი ხდება. მოსახლეობა კაპიტალურ შეკეთებას ითხოვს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანლობის შეთავაზება კი კვლავ მოხრეშვაა, თანაც უცნობია, როდის.

ყოფილი სტალინის, ამჟამად ზაზაშვილის ქუჩა, ორი წლის წინ შეკეთდა, თუმცა დღესაც იგივე მდგომარეობაა, რაც წლების წინ იყო. მწყობრიდანაა გამოსული სანიაღვრე არხი და დაზიანებულია საკანალიზაციო ქსელი. ყოველი წვიმის შემდეგ ატალახებულ ქუჩას კანალიზაციის მილიდან ამოსული წყალიც ემატება და დაბინძურებული ნიაღვარი მოსახლეობის სახლებში შედის. ქუჩაზე ანტისანიტარიაა, სახლებამდე მისასვლელად კი ადგილობრივებს შემოვლითი გზებით უწევთ სიარული.  

ზაზაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენჯერმე მიმართეს მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ბადრი მათოშვილს, რომლის გამგებლობის პერიოდშიც შეკეთდა აღნიშნული გზა, მაგრამ  მოთხოვნები მოთხოვნებად დარჩა. პასუხად მიიღეს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში გზის შესაკეთებლად საჭირო სახსრები არ ჰქონდათ. მათივე თქმით, მუნიციპალიტეტის ახალი გამგებლის - სიმონ პარუნაშვილისთვის, რომელიც  2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა, ჯერ არ მიუმართავთ.

ვიხრჩობით ტალახში! მეზობლებთან ვერ გაგვივლია. მხოლოდ მოხრეშვა გზას ვერ შველის”, - ამბობს აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები გაიანე გრიგორიანი და დასძენს, რომ ეს მხოლოდ მისი პოზიცია არ არის და გზის ხელახლა მოხრეშვას ყველა იქ მცხოვრები ეწინააღმდეგება.

შარშან ხრეში უნდა დაეყარათ, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან წყალი სახლში შემოდის. გზას სერიოზული შეკეთება სჭირდება”, - ამბობს ვართან ცურმუტიანი.

მას, ვინც გზის ხელახალი მოხრეშვის წინააღმდეგია, ავიწყდება, რა მდგომარეობაში იყო ის, ვიდრე ხრეში დაიყრებოდა. ვერც მანქანა შევიდოდა და ვერც ფეხით გაივლიდი, ახლა გადაადგილება შეიძლება”, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტი გელა აღლემაშვილი და აქვე იმასაც დასძენს, რომ გზა ხარისხიანადაა გაკეთებული: მის შესაკეთებლად გამოყოფილი 21 ათასი ლარიდან თანხის ნაწილი წარბასთუმნის გზის რემონტს მოხმარდა. ასე, რომ გზის შესაკეთებლად, მართალია, მხოლოდ 7-8 ათასი დაიხარჯა, მაგრამ მაინც გაკეთდა”.

გელა აღლემაშვილის აზრით, მხოლოდ მოთხოვნა - გზა კაპიტალურად შეკეთდესო,  სწორი მიდგომა არ არის. ადგილობრივები საკუთარ ქუჩას თავადვე უნდა გაუფრთხილდნენ: მოსახლეობამაც უნდა გაიღოს რაღაც, ეზო მათია და უნდა დაასუფთავონ, ამოწმინდონ სანიაღვრე არხები”.
  
გელა აღლემაშვილს ეთანხმება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძეც: მოქალაქეები საერთოდ არ უვლიან ქუჩას. ვიღაცამ ტომარა ჩააგდო, ვიღაცამ ნაგავი ჩაყარა და კანალიზაციის მილები დაზიანდა. იქიდან ამოსულმა წყალმა კი გზაც დააზიანა. რაც შეეხება გზის სიმაღლეს, ვიდრე ვისაურებდეთ მის მოჭრაზე და ახალი არხების გაკეთებაზე, ვფიქრობ, რომ ჯერ საჭიროა ადგილის გიოდეზიური შესწავლა. თავიდან უნდა დაისვას ნიშნულები, თუმცა ამას დრო სჭირდება”.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი ამბობს, რომ გზის შეკეთებამდე საკანალიზაციო ქსელი და სანიაღვრე არხები უნდა მოწესრიგდეს, ამ სამუშაოების შესასრულებლად კი ადგილობრივ ბიუჯეტს სახსრები არ აქვს. გამგებელი გზის მოხრეშვას გარდაუვლად მიიჩნევს, თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ ეს წელს ვერ მოხერხდება. მოსახლეობას ისღა რჩება, რომ ყოველი წვიმის შემდეგ ხელები დაიკაპიწოს და როგორმე გადაარჩინოს სახლი მოვარდნილი წყლისგან, ან მეზობლამდე მისასვლელი გზაგაიყვანოს”.

ლალი ლობჯანიძე, ადიგენი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი