მსხვილფეხა შინაური პირუტყვის რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად მცირდება. ტარდება თუ არა ცხოველთა გეგმიური ვაქცინაცია და როდის უნდა ჩატარდეს აცრები.
ცხოველთა ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი
გაზაფხულის დადგომისთანავე მატულობს. ამიტომ, პროფილაქტიკის მიზნით, მსხვილფეხა შინაური ცხოველების ვაქცინაცია აუცილებელია.
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი თემურ გვარამაძე აღნიშნავს, რომ ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით ციმბირული წყლულია გავრცელებული. გარდა ამისა, მსხვილფეხა პირუტყვი ღორის ან ქათმის გრიპითაც შეიძლება დაავადდეს, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს ვრცელდება.
“პროფილაქტიკის თვალსაზრისით, ვაქცინაცია აუცილებელია. დაავადება თუ უკვე შეიჭრა, მკურნალობა გართულდება”, - ამბობს იგი.
თუმცა, არის დაავადებები, რომლებიც სეზონურია და ტემპერატურის მატებასთან ერთად იჩენს თავს. ზამთრის პერიოდში კი მათი გავრცელება ნაკლებადაა შესაძლებელი.
თემურ გვარამაძის თქმით, გლეხები ხშირად პირუტყვის აცრებს თავს არიდებენ, რადგან ეს გარკვეულ თანხასთანაა დაკავშირებული: “ერთი სულის აცრას ერთი ლარი სჭირდება. შესაძლებელია, იმ ერთი ლარის ეკონომიამ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს და მსხვილფეხა პირუტყვი მასობრივად დაეცეს”.
განსაკუთრებით საშიში დაავადებების წინააღმდეგ ცხოველთა პროფილაქტიკურ ღონისძიებებს სახელმწიფო აფინანსებს. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალციხის რაიონულ სამმართველოში აცხადებენ, რომ მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.
“ეს ღონისძიება კერძო ვეტერინარების დახმარებით ტარდება. ანუ, დასაქმებული იქნება ვეტერინარი, რომელიც მიიღებს თავისი შრომის საფასურს, რადგან მარტო ჩვენი სამსახური ამას ვერ შეძლებს”, - ამბობს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური.
განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა ნუსხა, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, ჯერ დადგენილი არ არის. თუმცა, ლია
ბექაურის თქმით, აღნიშნული ვაქცინაცია გაზაფხულის ბოლომდე აუცილებლად ჩატარდება. აცრები კი,
რომელსაც პირუტყვის მეპატრონეები თავად ატარებენ, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი: “ესაა ჩვეულებრივი დაავადებები, რომლებიც საშიში არაა, მაგალითად, ღორის კლასიკური ჭირი, ღორის წითელი ქარი, ფრინველის ჭირი და სხვა”.
აღნიშნული დაავადებების გავრცელების შემთხვევაში პირუტყვის დაკვლა და ხორცის გამოყენება არ შეიძლება. თემურ გვარამაძის თქმით, დაავადება სხვა ორგანიზმებზეც რომ არ გავრცელდეს, დაღუპული ცხოველი უნდა დაიმარხოს: “შესაძლებელია, დაავადება ადამიანზეც გადავიდეს”.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალციხის რაიონული სამმართველო ხორცის მარეალიზებელ ობიექტებს წელიწადში ერთხელ ამოწმებს.
“სანიტარულ მდგომარეობას, დოკუმენტების წარმოებას და რაც აუცილებელია, ლაბორატორიას ვამოწმებთ. გვაქვს კანონი, რომელშიც წერია, რა პირობები უნდა იყოს ლაბორატორიაში”, - ამბობს ლია ბექაური.
მისივე თქმით, როცა პირუტყვი იკვლება, აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელი ადგილზე გასცემს ცნობას, ფორმა ორს, რომლის გარეშეც პირუტყვის ხორცის ჩაბარება კანონით არ შეიძლება: “შემდეგ ვეტერინარი ატარებს ექსპერტიზას, გასცემს ანალიზის ფურცელს და ამის შემდეგ გადის ხორცი რეალიზაციაში”.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2009 წლის ბოლოს საქართველოში 1101,1 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაფიქსირდა, 2008 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 1120,4 ათასი შეადგინა.
2000 წელთან შედარებით 2008 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა 131,9 ათასი სულით. სულადობის შემცირების თვალსაზრისით, ყველაზე ცუდი მდგომარეობაა აჭარაში, შიდა ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში. ხოლო ღორის სულადობა საქართველოს ყველა რეგიონშია შემცირებული. შემცირდა ფრინველების რაოდენობაც და 2000 წელთან შედარებით 1143,3 ათას ფრთას შეადგენს.
მეცხოველეობის შემცირება მეცხოველეობის პროდუქტის შემცირებაც გამოიწვია. 2000 წელთან შედარებით წელს ხორცის რაოდენობა 54,2 ათასი ტონით შემცირდა.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი