არჩევნები, გართობა, პრობლემები და ბოლოს ფაუნაც. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გოგა ხაჩიძეს, მხარის რწმუნებულ ლაშა ჭკადუასა და სტუდენტებს შორის
შეხვედრა 13 მაისს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერისიტეტის მეორე კორპუსში შედგა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ მედია რელიზში ვკითხულობთ: ,,გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთს ეწვევა, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის სტუდენტებს შეხვდება”.
,,ხუთი წელი გავატარე სამცხე-ჯავახეთში და ძალიან ხშირად მქონდა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა. ეს ტრადიცია, რომ არ დაირღვეს, ამიტომაც ვარ აქ”, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
ტრადიცია უკვე დარღვეულია, ,,უნივერსიტეტის ერთგული მეგობარი” არ ფლობს ინფორმაციას, რომ სამი წელია, თსუ ახალციხის ფილიალს სახელი შეეცვალა, თავდაპირველად სსიპ ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტი დაერქვა, ამჟამად კი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტად იწოდება.
ვერც სტუდენტები და ვერც კურსდამთავრებულები გოგა ხაჩიძესთან შეხვედრებს ვერ იხსენებენ. გარდა ერთი შეხვედრისა, რომელიც უნივერსიტეტში ორი წლის წინ, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ გაიმართა.
მედია რელიზში ვკითხულობთ: ,,მინისტრი, სხვადასხვა სპეციალობის 100-მდე სტუდენტისთვის, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ლექციას წაიკითხავს”.
ამონარიდი შეხვედრიდან:
,,რატომ ჩამოვედი, რისთვის ჩამოვედი მოგახსენებთ, ახლა რომ გითხრათ, იხტიო ფაუნის განადგურების პრობლემებზე სასაუბროდ ჩამოვედი-მეთქი, მოგატყუებთ, იმიტომ, რომ ასე არ არის. მინდოდა შეგხვედროდით. არ მინდოდა ჩამოსულიყავი და ნაპირსამაგრები მენახა. უბრალოდ, მინდა ჩვენი ურთიერთობა არ გაწყდეს”, - განაცხადა მინისტრმა შეხვედრაზე (სტილი დაცულია).
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა წარმართულიყო, თუმცა თავიდანვე მონოლოგის რეჟიმში განვითარდა. გოგა ხაჩიძემ სტუდენტებს ის დაპირება გაახსენა, რომელიც ვერ შეუსრულა და დახმარებას ახლა დაჰპირდა: “ვერ გავაკეთე, ძაან მარტივი რაღაც ვერ გავაკეთე. ახლა გამახსენდა - ვერ გავერთეთ, ვუთხარი, რომ თანხებს ვიშოვი და გაერთეთ, დრო გაატარეთ-მეთქი, აპარატურას დაგეხმარებით-მეთქი, ეგეც კი ვერ მივაღწიე და დღემდე გულში მაქვს და ვერ გაერთნენ” (სტილი დაცულია).
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მხრიდან იყო მოწოდებაც: ,,მინდა უბრალოდ მოგიწოდოთ, მნიშვნელოვანი რამეა არჩევნები. ყოველი არჩევნების შემდეგ რაღაც უკეთესდება, რაღაც ფორმაში ჯდება. მინდა მოგიწოდოთ, მეტი ახალგაზრდა მივიდეს არჩევნებზე”.
,,თქვენგან მინდა გავიგო, რაში გამოგადგეთ”, - ეს იყო გოგა ხაჩიძის შეხვედრის მთავარი გზავნილი - ,,რაში დაგიდგეთ გვერდით, რა ამბავი ჩავუტანო სხვა მინისტრებს?! რა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს და შედგეს. რას დაგვავალებთ და რა გინდათ შეცვალოთ”.
მინისტრის მხრიდან იყო
დაპირებებიც: ,,იდეა გაჩნდა სახელდახელო - რაღაცნაირი სტუდენტი, რომ დავუშვათ ჩვენს ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე, დავპატიჟოთ და მთელი ტური ჩვენს თავზე ავიღოთ, საინტერესო იქნება”(სტილი დაცულია).
რამდენიმე სიტყვა უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზეც ითქვა.
სტუდენტი თამარ სამსონიძე: ,,ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩამოსული ბავშვებისთვის საერთო საცხოვრებელი გაკეთდეს”.
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თინა გელაშვილის თქმით, ზემოთხსენებულ პრობლემაზე წერილი გაგზავნილი აქვს უნივერსიტეტს პრეზიდენტის სახელზე: ,,პრეზიდენტმა დააწერა ეკონომიკის სამინისტროს და რატომღაც გაჩერდა”.
როგორც აღმოჩნდა, წერილი სამხარეო ადმინისტრაციაში დევს.
,,ჩემთან დევს ეს წერილი. ამ საკითხზე ვმუშაობთ, ველოდებით ქალაქის განვითარების გეგმას და ამის მიხედვით ახლო მომავალში გვეცოდინება, სად და როგორ განხორცილდება ეს პროექტი”, - განაცხადა მხარის რწმუნებულმა ლაშა ჭკადუამ.
გოგა ხაჩიძე სტუდენტებს დაჰპირდა, რომ პრაქტიკების პრობლემასაც მოაგვარებს: ,,სანამ შემიძლია, ეკოლოგიის სპეციალობის ყველა სტუდენტი, ვისაც სურვილი ექნება, ჩვენთან სტაჟირებაზე ნებისმიერ დროს შეგვიძლია მივიღოთ”.
და ბოლოს: “ჯავახეთში იქნება დაცული ტერიტორიები, სადაც შეიძლება ნებისმიერი თქვენგანი დაკავდეს”, – განაცხადა მინისტრმა.
არჩევნებამდე 13 დღე რჩება. ახლციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კი 944 ამომრჩეველი სწავლობს.
გულო კოხოძე, ახალციხე
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი