2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადგილობრივ
დამკვირვებლებთან ერთად უცხოელი მეთვალყურეებიც დააკვირდებიან. გარდა ამისა, წელს პირველი
პრეცენდენტია, როცა არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს
შეუძლია.
30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ევროკავშირის
უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებლის ჩამოყვანა იგეგმება.
ორგანიზაცია საქართველოში 1 190 დამკვირვებელს გამოაგზავნის,
რომელიც საარჩევნო პროცესს გაუწევს მონიტორინგს. ევროკავშირის სპეციალურ განცხადებაში,
რომელსაც ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის აპარატი აქვეყნებს, ნათქვამია, რომ ევროკავშირი
მზად არის, აქტიურად ჩაერთოს არჩევნების მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებში.
ექსპერტების თქმით, თვითმმართველობის არჩევნები რეალურად
არის ტესტი ხელისუფლებისთვის და სწორედ ამან განაპირობა დამკვირვებელთა თვალშისაცემი
რაოდენობა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ადგილობრივ
თვითმმართველობის არჩევნებს 4 საერთაშორისო და 13 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება.
საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნების პროცესს დააკვირდებიან:
1. “უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი (უსეც)”;
2. “ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ეროვნული სექცია”;
3. “ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი”;
4. “ბრიტანეთის საელჩო საქართველოში”.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები:
1. “ახალი თაობა –ახალი ინიციატივა”
2. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”;
3. ფონდი “ინვალიდთა დახმარების ცენტრი“;
4. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”;
5. საერთო- სამოქალაქო მოძრაობა “მრავალფეროვანი საქრთველო”;
6. “სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთასორისო ორგანიზაცია”;
7. “თავისუფალი განვითარების და უფლებების დაცვის ასოციაცია”.
8. “სამართლებრივი განვითარების საზოგადოება”;
9. კავშირი “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”;
10. კავშირი “ჯანმრთელი სამყარო”;
11. კავშირი “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი”;
12 კავშირი “თავისუფალი არჩევანი”;
13. კავშირი “ევროპასთან თანამშრომლობის საზოგადოება”.
ცესკოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე განაცხადი მხოლოდ არასამთავრობო
ორგანიზაციას “ახალი თაობა-ახალი ინიციატივა” აქვს შეტანილი. საბოლოოდ, არჩევნებს რამდენი
დამკვირვებელი დააკვირდება, 28 მაისს გახდება ცნობილი.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არც ახალციხის
¹37 საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებულან.
“25 მაისამდე ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, შესაბამისი საარჩევნო
კომისიის მდივანს უნდა წარუდგინონ დამკვირვებელთა სია. ამ ეტაპზე არც ერთი სადამკვირვებლო
ორგანიზაცია არ არის დარეგისტრირებული”, - ამბობს ახალციხის
¹37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ლეილა ნარიმანიშვილი.
რაც შეეხება ნებისმიერი მოქალაქის საარჩევნო პროცესში,
დამკვირვებლის სტატუსით ჩართვას, ამის შესახებ ინფორმაცია არც საოლქო საარჩევნო კომისიას
და არც ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს.
“თვითონ დამკვირვებელმა ორგანიზაციამ უნდა აიყვანოს მოქალაქე, რომელსაც საარჩევნო
პროცესში, დამკვირვებლის სტატუსით ჩართავს. ამის შემდეგ ორგანიზაცია გადმოგვიგზავნის
მათ სიას და ჩვენ უფლება არა გვაქვს, რომ არ დავთანხმდეთ. თუმცა ჯერჯერობით მსგავსი
შემთხვევა არ ყოფილა”, - ამბობს საოლქო კომისიის თავმჯდომარე.
ახალი ინიციატივის შესახებ ჩვენგან გაიგო მოსახლეობამაც.
მათი თქმით, ნებისმიერ
მოქალაქეს არჩევნებზე დაკვირვების საშუალებას მაინც არ მისცემენ და ამდენად, ეს ინიციატივა
არჩევნების ობიექტურად ჩატარებას მაინც ვერ შეუწყობს ხელს.
“ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა არჩევნებში. ჩვენ ამის უფლება კანონით
გვაქვს. მაგრამ დამკვირვებლად, ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეს არ დაგვარეგისტრირებენ,
იქ სხვა ხალხი სჭირდებათ”, - ამბობს სოფელ ანის მკვიდრი
ზაქრო კაპანაძე.
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიოტეტის პირველი
კურსის სტუდენტებმა გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. თუმცა, მათი კომენტარებიდან
ცხადი გახდა, რომ ახალი ინიციატივის შესახებ არაფერი იცოდნენ.
“კი, ვიცით რომ შეგვიძლია დამკვირვებლები ვიყოთ, თუმცა დარეგისტრირება ვერ მოვახერხეთ”,
- გვითხრა პირველი
კურსის სტუდენტმა თამუნა სამსონიძემ.
მისი თანაკურსელი ნესტან ლეკიშვილი კი დარწმუნებულია,
რომ 30 მაისს საპარლამენტო არჩევნები იმართება: “30 მაისს საპარლამენტო არჩევნებია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელევიზორიდან
და გაზეთებიდან ვიგებთ”.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი