ცხოვრება გამუდმებულ შიშში


ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლები ბრეძა, ცერონისი, ატოცი, ავლევი, კნოვლევი და ასე შემდეგ, კონფლიქტის ზონაა. ადგილობრივები გამუდმებულ შიშში ცხოვრობენ, სახელმწიფოს კი მათთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია.    

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ მათ სოფლებში თითქმის ყოველდღე სროლის ხმა ისმის; ქართული სოფლების შესასვლელებს სამხედროები იცავენ, მაგრამ ეს მათთვის სიმშვიდის გარანტი არ არის; საშუალება რომ ჰქონდეთ, საცხოვრებელ სახლებს დატოვებდნენ და სხვაგან გადავიდოდნენ საცხოვრებლად.

სოფელ ბრეძას მკვიდრი ნანო ყიფშიძე იხსენებს, რომ 2008 წლის აგვისტოში მათი სოფელი დაბომბვას შემთხვევით გადაურჩა.

ჩვენი სოფელი გზის პირას არ მდებარეობს, ალბათ ამიტომ არ შემოვიდა რუსული ჯარი და სახლები დაწვას გადაურჩა. ომის დროს სოფლიდან ვერ მოვახერხე გასვლა და შიშით ნერვული სისტემა დამიზიანდა”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ არც ამჟამად ცხოვრობენ მშვიდ გარემოში, - ,,ყოველდღე მგონია, რომ ომი განახლდება, რადგან დღე არ გავა სროლის ხმა არ ისმოდეს. კი დგას საზღვარზე ქართული ჯარი, მაგრამ რად გინდა, სახელმწიფოს არ შესწევს უნარი, რომ ქართული მოსახლეობა დაგვიცვას. სხვაგან წასასვლელი რომ მქონდეს, აუცილებლად წავიდოდი”.

სოფელ კნოვლევიდან საზღვრამდე ერთი კილომეტრია, სწორედ კნოვლევში დგას ქართული ჯარი. ადგილობრივებს განსაკუთრებით მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, ამიტომ სოფელი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა. დღეისათვის იქ თხუთმეტიოდე ოჯახი ცხოვრობს, ძირითადად ისინი, ვისაც წასასვლელი არსად აქვს.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ოსები საზღვარს უკანონოდ კვეთენ და პირუტყვს იტაცებენ. მოსახლეობა შეშინებულია, სოფელი დაიცალა, სკოლაში მხოლოდ ათამდე მოსწავლე დადის”, - ამბობს სოფელ კნოვლევის მკვიდრი ვახო არსენიძე.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, ცერონისი ერთ-ერთ სოფელი იყო, სადაც ოსებმა ქართველებს სახლები დაუწვეს. იქაურები ამბობენ, რომ ომის დროს ორმოცდაათამდე სახლი დაიწვა. დაზარალებულებს სახელმწიფომ დამწვარი სახლების ეზოში კოტეჯები აუშენა, მაგრამ მოსახლეობა მაინც უკმაყოფილოა.

,,ორსართულიანი სახლი მქონდა, რომლის აშენებას მთელი ცხოვრება მოვანდომე და ესეც ჩემთვის გაუგებარი ომის დროს დამიწვეს. მართალია სამოთახიანი, ეგრეთ წოდებული საქათმე ამიშენეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის”, - ამბობს ცერონისელი გოგიტა თედელური.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეცდომა დაუშვა, რადგან რუსეთის პროვოკაციებს აჰყვა და 2008 წელის აგვისტოში ომიMდაიწყო.

სახელმწიფოს მოსახლეობის დაცვა თუ არ შეეძლო, ომიც არ უნდა დაეწყო.  დარწმუნებული ვარ, ახლაც რომ შემოვიდეს რუსის ჯარი, ვერავინ შეაკავებს. ხომ შეიძლება მოლაპარაკებებით მოგვარდეს პრობლემა?!”- ამბობს სერგო ყიფშიძეDდა ამატებს, რომ ომის განახლების საფრთხე ყოველდღიურად არსებობს, რადგან რუსების მხრიდან პროვოკაციები არ წყდება.

 ნატალია კოპაძე, ბორჯომი


No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი