9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავთან დაკავშირებით, დიდი სამამულო ომის ვეტერანებისათვის ღონისძიება გაიმართა.
თამარაშვილის ქუჩაზე, სამამულო ომის მემორიალთან ვეტერანებმა შეკრება დილიდანვე დაიწყეს და ფაშიზმზე გამარჯვების დღე კიდევ ერთხელ აღნიშნეს. სამამულო ომის ვეტერანებისათვის მიძღვნილ ღინისძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა გაუკეთა.
იმის გამო, რომ
თამარაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ღონისძიება ახალციხის კულტურის სახლში გაიმართა. კონცერტში კულტურის სახლის ბიჭუნათა გუნდი ,,შავლეგო”, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გოგონათა ვოკალური ანსამბლი ,,თამარიონი” და ქორეოგრაფიული ანსამბლი “ლომსია” მონაწილეობდნენ.
,,მოვაწყვეთ კონცერტი და გავუმართავთ სადილს რესტორანში. ეს ხალხი გმირები არიან და მათი მაგალითით უნდა ვიცხოვროთ”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძე.
ამ დღის აღსანიშნავად, თითოეულ ვეტერანს პირად ანგარიშზე საჩუქრის სახით 200 ლარი სახელმწიფო, ხოლო 50 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაერიცხა. ვეტერანებმა საჩუქრად მედლები და სუვენირებიც მიიღეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სამამულო ომის 98 ვეტერანია. აქედან 28 მათგანი ქალაქ ახალციხეში ცხოვრობს, დანარჩენი კი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
“სოფელში მცხოვრებ ვეტერანებთან, რომლებმაც ჩამოსვლა ვერ შეძლეს, საჩუქრებს რწმუნებულებს გავატანთ და ადგილზე გადასცემენ”, - ამბობს იური ზარიძე.
მისივე თქმით, მსგავსი ფულადი საჩუქრები სამამულო ომის ვეტერანებს წელს პირველად გადაეცათ.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი