ბავშვთა განყოფილებაში ავადმყოფთა რაოდენობამ იმატა


ბოლო თვეების განმავლობაში ნინოწმინდის რაიონული საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში სტაციონარული ავადმყოფების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. რითია ეს ფაქტი განპირობებული? რა დაავადებებია დამახასიათებელი გაზაფხულისათვის და რა წესები უნდა დაიცვან მშობლებმა? “სამხრეთის კარიბჭენინოწმინდის რაიონული საავადმყოფოს ექიმ-პედიატრს ლარისა სააკიანს ესაუბრა.

- ბოლო ხანებში ბავშვთა განყოფილებაში სტაციონარულ ავადმყოფებტა რაოდენობამ მოიმატა. რითია ეს ფაქტი გამოწვეული და რამდენ ავადმყოფს მკურნალობს საავადმყოფო?

- მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში, სამ წლამდე ბავშვების მკურნალობა გასული წლის ივლისიდან უფასოა. ადრე მკურნალობის ხარჯის 20 პროცენტის დაფარვა მშობელს უხდებოდა.

მეორეც, ჩვენს საავადმყოფოში პირობები გაუმჯობესდა. ადრე პალატაში ბავშვის დაწვენა სიცივისა და შესაბამისი პირობების არქონის გამო თავადვე გვეშინოდა. ახლა კი პალატებში თბილა, სანიტარული კვანძი გამართულია და ავადმყოფები მკურნალობის კურსს განყოფილებაში, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, სიამოვნებით გადიან.

მესამეც, ადრე ეს დაავადებები სრულ გამოჯანსაღებამდე ვირუსისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ეტაპების გავლით მიმდინარეობდა, ახლა დაავადებათა უმრავლესობა გართულებებით მიდის, კერძოდ, პნევმონიის ან ოტიტების თანხლებით. ამიტომაც სტაციონარული მკურნალობის აუცილებლობა იქმნება. თუ ადრე ავადმყოფებს მხოლოდ მწვავედ მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში ვეხმარებოდით, დღეს პაციენტების მშობლები ამჯობინებენ მათმა შვილებმა მკურნალობის სრული კურსი სტაციონარში გაიარონ.

წელს ავადმყოფთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. იანვარში ბავშვთა განყოფილებაში 27 პაციენტი იწვა, თებერვალში 29, მარტში კი  უკვე 37-მა იმკურნალა. ავადმყოფთა დიდი ნაკადი იყო აპრილშიც, პალატებში 42 ბავშვი იწვა.

- რატომ მიმდინარეობს დაავადებები ხშირად გართულებების თანხლებით?

- აქ არის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ვირუსული ინფექციით დაავადებულთა რიცხვის მატებაზე მოახდინა გავლენა. მშობლები ექიმს დახმარებისთვის ძალიან გვიან მიმართავენ, ხშირად ცდილობენ ავადმყოფს ოჯახურ პირობებში, ნათესავების ან მეზობლების რჩევით უმკურნალონ. როდესაც საავადმყოფოში მოდიან, დაავადება კონტროლს უკვე რთულად ემორჩილება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდან, პირველი აცრების დროიდან ვცდილობთ მშობლებს ავუხსნათ ბავშვის ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელობა, დავარწმუნოთ ისინი პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და სპეციალისტთან, პედიატრთან რეგულარული კონსულტაციების გავლის აუცილებლობაში, მშობლები ჩვენ რჩევებს არად აგდებენ და ექიმს მხოლოდ მას შემდეგ მიმართავენ, რაც ოჯახურ პირობებში ბავშვის გამოჯანსაღების იმედი დაეკარგებათ.

ძალიან დიდი თხოვნა მაქვს მშობლებთან, იკითხეთ შესაბამისი ლიტერატურა ბავშვთა დაავადებების შესახებ, შეეკითხეთ სპეციალისტებს, გაიარეთ კონსულტაციები, ინფექციის მცირეოდენ გამოვლინებებს ყურადღება მიაქციეთ, უყურეთ თემატურ გადაცემებს, რათა ბავშვთა ჯანმრთელობას უფრო მეტი ცოდნით მოეკიდოთ და ამა თუ იმ დაავადების გამოვლენის შემთხვევაში სწორად მოიქცეთ.

- ყველაზე ხშირად რა დაავადებებით გაკითხავენ?

გაზაფხულისთვის დამახასიათებელია ისეთი დაავადებები, როგორიცაა ზედა სასუნთქი გზების კატარი, რინიტი, ბრონქიტი, ცრუ კრუპი. წელს ძალიან ხშირად გვხვდება ასთმური მოვლენები და ისიც ხშირად ჩვილ, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.

ასთმური ბრონქიტი სარეცხი ფხვნილის გამოყენებისა და ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შედეგია. ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებისა და ჯანმრთელობის გაკაჟებისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია დიდხანს, სწორად კვება დედის რძით, რადგან ალერგიულ მოვლენებს ბავშვებში ნივთიერებათა არასწორი ცვლაც იწვევს.

საჭიროა შევამციროთ ან საერთოდ ამოვიღოთ ბავშვის რაციონიდან ძროხის რძე, რომელიც, თავისთავად უხეში ცილაა და მას პატარას ორგანიზმი რთულად ითვისებს.

ბოლო ხანებში ძალიან ხშირად ფიქსირდება 6 წლამდე და მეტი ასაკის ბავშვებში ბრონქიტით, კონიუნქტივიტით, ჩირქიანი ოტიტით, ოტიტით და ანგინით დაავადების შემთხვევები.

- ადრე ავადმყოფებს ხშირად დიდ ქალაქებში გზავნიდნენ და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ იღებდნენ. დღეს რა სიტუაციაა ამ მიმართულებით? იყო თუ არა უკანასკნელ ხანებში ლეტალური შედეგით დასრულებული შემთხვევა?

იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც ავადმყოფის უფრო თანამედროვე, სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში გაგზავნის აუცილებლობა იქმნებოდა. ჩვენთან იყო ბავშვი გულის ნაკლოვანებით, დიაგნოზი რაიონულ საავადმყოფოში დაისვა და იგი სამკურნალოდ სომხეთში გავგზავნეთ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დღეს პატარა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია.

შემიძლია სიამაყით განვაცხადო, რომ ყველა მძიმე ავადმყოფი ჩვენთან, სტაციონარში მოვარჩინეთ. საშუალო მონაცემს თუ ავიღებთ, ჩვენთან თვეში სამი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვი შემოდის. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჩვენთან იმკურნალა და გაეწერა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შემოსული 12 პატარა ავადმყოფი. დღეში პედიატრთან მიღებაზე, საშუალოდ, 8-10 ბავშვი შემოჰყავთ, სტაციონარში სამკურნალოდ კი დღეში 2-5 ან მეტ ბავშვსაც კი ვაწვენთ.

ბავშვთა სიკვდილიანობაც ერთეული შემთხვევებია. ასეთი რამ ახლახანს მოხდა, დედის გაუფრთხილებლობის გამო, რომელმაც ღამით შეხვევის დროს ბავშვი მოგუდა.

წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი