გაზეთი “სამხრეთის კარიბჭე” ქალაქ ნინოწმინდის ქუჩებში შემთხვევით გამვლელებთან საუბრით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის განწყობის, მათი პოლიტიკური სიმპატიებისა და მომავალი არჩევნების მნიშვნელობის მათეული შეფასების გარკვევას შეეცადა.
ქუჩებში, თუნდაც განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში გავლისას, მოსალოდნელი არჩევნების შესახებ საუბარს ვერ გაიგებ. თუ ვინმე გვერდზე მდგომს ამ თემაზე რაიმეს მაინც ეტყვის, ისიც შესამჩნევად უინტერესოდ, აშკარა ხელის ჩაქნევით.
“პირველად მესმის ამის შესახებ. საერთოდ არ ვიცი, არჩევნები როდისაა. რაში მჭირდება არჩევნებზე რაიმეს ცოდნა, როდის იყო, გვეკითხებოდნენ ხელმძღვანელობაში და პარლამენტში ვისი ხილვა გვინდოდა?! ნუ მაცინებთ! ჩემი პრობლემებიც ბევრი მაქვს. ყველა თავის სავარძელზე ფიქრობს, რათა მოხერხებულად მოეწყოს და ეს მდგომარეობა რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნოს”, - გვიპასუხა მეცხვარე მელიქსეტ ფლიკიანმა.
“ვის სჭირდება არჩევნები?! ეს მხოლოდ ერთგვარი პიარია მათ შორის, ვისაც თავის გამოჩენა უნდა, რათა შემდგომში სახელმწიფოს უფრო მეტი წაგლიჯოს. უფრო კარგი იქნება, ერთმანეთს შორის თუ აირჩევენ, თორემ თუ ჩვენ მივალთ არჩევნებზე, საბოლოოდ მაინც გამოვა, რომ ის ავირჩიეთ, ვინც მათ უნდოდათ, ხალხის აზრი კი არავის უკითხავს. ხმაც რომ მივცე, ეს ამინდს არ შეცვლის. კომისიაში ყოველთვის ისეთი ხალხია, ვინც კარგად იცის, ფავორიტს მეტი ხმა როგორ დაუგროვოს, ხალხი მუდამ უმცირესობაშია. სამართლიანი არჩევნები არასდროს ყოფილა და არც იქნება”, - გვითხრა მელიქსეტ ელოიანმა.
არიან ისეთი მოქალაქეებიც, რომლებიც არჩევნებისადმი დადებითად არიან განწყობილი, რადგან, მათი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიას მათთვის მატერიალური სარგებელი მოაქვს.
“ახლა ჩემი საფიქრალია, მიწები იაფად როგორ დავთესო, სასუქი როგორ ვიყიდო, არჩევნებისთვის არ მცალია. ამბობთ, რომ არჩევნები 30 მაისსაა? ცოტა დრო დარჩა, მაგრამ რატომღაც კანდიდატების პარტიები ხალხის მოსყიდვას არ ცდილობენ. ჩვეულებრივ, ხალხის ყურადღების და ხმების მოსყიდვა ყველას უნდა და ამისთვის მათ აზოტს, ფქვილს, საწვავს ჩუქნიან. ახლა კი მსგავსი ჯერჯერობით არაფერი გამიგია. ადრე ხალხის დასაჩუქრებას რომ იწყებდნენ, ვხვდებოდით, რომ არჩევნები მოდიოდა. არჩევნებზე ალბათ მაინც არ წავალ, მაგრამ აზოტს თუ მაჩუქებენ, ფული მაინც დამეზოგება”, - აღნიშნა 72
წლის სილვა ვართაპეტიანმა.
ნინოწმინდის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მთავარი სამუშაო ადგილების შექმნაა. არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს, არ აინტერესებთ.
“ახლა მხოლოდ ის მაღელვებს, რუსეთში როგორ წავიდე, რადგან აქ უმუშევარი ვარ. ქვეყანაში სიტუაცია რომ შეიცვალოს, საერთაშორისო ურთიერთობები რომ მოგვარდეს, ცხოვრება გაიოლდება და შემდეგ იქნებ არჩევნების საჭიროებაც ვირწმუნოთ. დღეს სავარძლებისთვის ის ხალხი დავობს, ვინც იქ უკვე დიდი ხანია ზის. არჩეულებს თან ნათესავები მიჰყავთ. შეხედავ ხელმძღვანელთა გამოსვლას, თუნდაც პარტიიდან, თუნდაც დეპუტატებს, ორი სიტყვის გამართულად ერთმანეთზე გადაბმა არ შეუძლიათ. სიმართლე გითხრათ, არ ვისურვებდი მათ ადგილზე ყოფნას, ვინც დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტშია, ისინი მმართველი პარტიისა და მაღლამდგომი ჩინოსნების მარიონეტები არიან”, - აღნიშნა სოფელ დიდი ხანჭალის მცხოვრებმა 25
წლის გრიგორ ფილოიანმა.
შევეცადეთ, გაგვერკვია, რომელ პარტიებს იცნობს მოსახლეობა და აღმოჩნდა, რომ უმრავლესობამ მხოლოდ მმართველი პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იცის.
“არჩევნების შესახებ მხოლოდ გუშინ გავიგე. ხმის მისაცემად წავალ, თუნდაც არ წავიდე, სახლში მაინც მოვლენ, მეტყვიან, ხმა ვის მივცე და მეც აღვნიშნავ. ყოველთვის ასე იყო. ჩვენ უბრალოდ იმ თამაშს ვთამაშობთ, რომლის წესებიც არ ვიცით და ასახსნელადაც თავს არავინ იწუხებს. თავიდან, როგორც ყოველთვის, უამრავ დაპირებას იძლევიან, ჩვენც მხოლოდ არჩევნების წინ ვახსენდებით. შემდეგ კი, აბა, სცადე და გამგეობაში რაიმე პრობლემით მიდი, შენთვის ვერასდროს მოიცლიან და არც დაგეხმარებიან. ხვალ, ზეგ დაგიბარებენ, დახმარებას დაგპირდებიან და ბოლოს მაინც არაფერს გაგიკეთებენ”, - ამბობს სოფელ უჩმანის მკვიდრი რაზმიკ მარკოსიანი.
65 წლის მანიკ დარბინიანი არჩევნებზე ერთხელ იყო და იმედები გაუცრუვდა, ამის შემდეგ იგი არჩევნებზე აღარ მიდის.
“არჩევნებზე ხმა აწ გარდაცვლილ ექიმ კოლია გრიგორიანს მივეცი. უფალმა აცხონოს მისი სული. მაშინ იგი არ აირჩიეს, რადგან სხვა კანდიდატის სასარგებლოდ ბევრი ყალბი ხმა შეგროვდა. ამის შემდეგ არჩევნებისადმი ყოველგვარი ინტერესი დავკარგე. ამით არც უკეთ ვარ და არც უარესად. მხოლოდ ხელს ნურავინ შემიშლის. მე ბირჟის შენობასთან ვვაჭრობ, ჩემთვის მთავარია, საქმიანობის უფლება მქონდეს და შვილიშვილებისთვის სარჩოს შოვნა შევძლო. ვის აირჩევენ, სიმართლე რომ გითხრათ, აბსოლუტურად არ მაინტერესებს”, - არჩევნებისადმი ასეთი დამოკიდებულება აქვს პენსიონერ მანიკ დარბინიანს.
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი