სოფელ აწყურში მცხოვრები 29 წლის ეკატერინე უსტიაშვილი-კალანდაძე ხუთი შვილის დედაა; იგი უკიდურეს გაჭირვებაშია და დახმარებას ითხოვს.
ხის ორსართულიან, ძველ სახლში ვენახის გავლით შევდივართ. ეზოში ცხრასულიანი ოჯახის დიასახლისი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გვხვდება. ეკატერინე კალანდაძე 10 წლის თამარის, 9 წლის მარიამის, 7 წლის ლალის, 5 წლის ანას და 3 წლის ნუგზარის დედაა.
,,1981 წელს თბილისში დავიბადე, შემდგომ საცხოვრებლად სოფელ თისელში გადავედით. 18 წლის გავთხოვდი”, - გვიამბობს დისახლისი.
ეკას დილა რვა საათზე იწყება. ხუთი შვილიდან სამი სკოლის მოსწავლეა და დედამ დილით საუზმე უნდა მოუსწროს.
ეკას თქმით, ოჯახის ერთადერთი შემოსავალი დედამთილისა და მამამთილის პენსიაა. არც თვითონ და არც მეუღლე დასაქმებულები არ არიან. მრავალშვილიან ოჯახს დახმარებაც არ აქვს: ,,გამგეობაში სამჯერ ავიტანე საბუთები და დახმარების მიღება ვითხოვე, მაგრამ არავინ გამოგვხმაურებია. სამი წლის წინ, ბიჭი რომ შემეძინა, 100 ლარი გადმოგვცეს. მას შემდეგ არანაირი დახმარება არ მიგვიღია”.
დიასახლისის თქმით, ბავშვებს ძალიან უნდათ სხვადასხვა წრეზე სიარული, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ: ,,თამარი, მარიამი და ლალი მუსიკის მასწავლებელს შეეცოდა და უფასოდ მიიღო მუსიკის წრეზე”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ათუნაშვილმა კალანდაძეების
ოჯახის შესახებ არაფერი იცის. იგი ამბობს, რომ კალანდაძეებმა პირველ რიგში განცხადება უნდა შეიტანონ სოციალური დახმარების სამსახურში:
“შეივსება დეკლარაცია და შემდეგ გადაწყდება, რა სახის დახმარებას მიიღებენ”.
მისივე თქმით, რეგიონში საკმაოდ ბევრი მრავალშვილიანი ოჯახია. რა თანხაა გათვალისწინებული ბიუჯეტში მათ დასახმარებლად, გამგებელი ვერ აკონკრეტებს: “ზუსტ ოდენობას ვერ გეტყვით, ეს კონკრეტულად გამოცალკევებული არ არის”.
გამგებელი ვერც იმას აკონკრეტებს, რა თანხით შეიძლება კალანდაძეების დახმარება: ,,ბიუჯეტში გვაქვს სხვადასხვა მუხლი სხვადასხვა პროგრამისთვის, ჯერ უნდა დადგინდეს, რომელი პროგრამის ფარგლებში ეკუთვნით დახმარება. ცალკე მრავალშვილიანებისთვის რაიმე პროგრამა არ არსებობს, მაგრამ გვაქვს მუხლი, რომელშიც შედიან სოციალურად დაუცველებიც, მრავალშვილიანებიც, ომის მონაწილეთა შვილებიც”.
ეკა კალანდაძეს იმედი აქვს, რომ მრავალშვილიან ოჯახს ყურადღებას მიაქცევენ: ,,ხუთი შვილი ცოტა არაა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მდგომარეობით დაინტერესდებიან. მინდა ჩემს შვილებს უკეთესი პირობები ჰქონდეთ”.
ნათია მარტინენკო, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი