“შემდგარი პროექტის” ორი რეალობა


პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის “წარმატებული კურსდამთავრებულების კლუბი - ALUMNI  პირველი ეტაპი დასრულდა. ახალციხის საჯარო სკოლებს კურსდამთავრებულებმა გარკვეული ოდენობის თანხა უკვე გადარიცხეს, თუმცა პროექტის ფარგლებში სკოლებში ჯერ არაფერი გაკეთებულა.   

საჯარო სკოლების რეაბილიტაციის, ეგრეთ წოდებული, “ ALUMNI-ს პროექტის” შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე თვის წინ ისაუბრა.

პროექტის თანახმად, საჯარო სამსახურების თანამშრომლებმა მშობლიურ სკოლას ხელფასიდან გარკვეული ოდენობის თანხა უნდა გადაურიცხონ. მათ, ვისი ანაზღაურებაც 1000 ლარზე ნაკლებია, 50 ლარის გადარიცხვა ევალებათ, ხოლო ვისაც 1000 ლარზე მეტი აქვს, სულ მცირე 100 ლარი უნდა გადაურიცხოს სკოლას.

განათლების სამინისტრში აცხადებენ, რომ სკოლებში გადარიცხული თანხა, ღვაწლმოსილი პედაგოგების დასახმარებლად და სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაძლიერებლად გადანაწილდება.

პროექტის პირველი ეტაპის შედეგები უკვე ცნობილია. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, თბილისის პირველ საჯარო სკოლაში პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და “ ALUMNI”-ს კლუბის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა: “პროექტს ქვეყნის მასშტაბით ბევრი კურსდამთავრებული გამოეხმაურა. მათ მიერ მშობლიური სკოლებისადმი გაწეული მხარდაჭერის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი შედგა”.

აღნიშნული პროექტის შესახებ საზოგადოების აზრი ორად იყოფა.  ნაწილს ინიციატივა მოსწონს და ამბობენ, რომ ეს სკოლების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გააუმჯობესებს. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ საქართველოს ყველა სკოლა ამ დახმარებით თანაბრად ვერ ისარგებლებს. განსაკუთრებით დაიჩაგრებიან მცირეკონტინგენტიანი სკოლები და ისეთები, რომელთა კურსდამთავრებულთა რიცხვშიც წარმატებული ადამიანები არ არიან.

მცირეკონტიგენტიანი სკოლები ძირითადად სოფლებშია. ამ კატეგორიას განეკუთვნება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საჯარო სკოლაც, სადაც ამჟამად 111 მოსწავლე სწავლობს. სკოლას სარემონტო სამუშაოები ესაჭიროება, მაგრამ დირექტორის თქმით, მიღებული თანხა ამისთვის საკმარისი არ არის.

“ამ ეტაპზე 800 ლარია ჩარიცხული, თუმცა ჯერ არ გამოგვიყენებია, სამეურვეო საბჭო უკვე გავაფრთხილე და ყველა ერთად გადავწყვეტთ ამ თანხით რა გავაკეთოთ სკოლაში. ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, ჯერ-ჯერობით, თანხის სიმწირის გამო, მხოლოდ ტელევიზორის ყიდვას ვაპირებთ”, - განმარტავს სოფელ ვარხნის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ხაჩიძე.

მისივე თქმით, წარმატებული კურსდამთავრებულების მოძებნა მათ თავად მოუხდათ, რადგან სკოლის დახმარების სურვილი საკუთარი ინიციატივით არავის გამოუთქვამს.

მოვიძიე ასეთი ხალხი, გავუგზავნე თხოვნის წერილები და ამის შემდეგ გადმორიცხეს თანხა. საკუთარი ინიციატივით ეს არავის გაუკეთებია”,  - ამბობს დირექტორი და აქვე დასძენს, რომ ქალაქის საჯარო სკოლებში მეტი თანხა ჩაირიცხა, სოფლის სკოლები კი დაიჩაგრა: “რეალურად, ჩვენ მეტი პრობლემები გვაქვს, თუმცა უპირატესობა მაინც ქალაქის სკოლებს აქვთ”.  

თანხის სიმწირეზე და სკოლის პრობლემებზე საუბრობს დაბა ადიგენის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსი ბერიძეც. ამავე დროს, მას იმედი აქვს, რომ პროექტის გაგრძელების შემთხვევაში, თანხა გაიზრდება და ერთდროულად რამდენიმე პრობლემის მოგვარებას შეძლებს: “ჩვენი სკოლის ანგარიშზე 1150 ლარია გადმორიცხული, რაც არასაკმარისია სკოლის პრობლემების მოსაგვარებლად. თანხის რაოდენობა თუ გაიზრდება, მაშინ შეიძლება სკოლის ეზოში მინი სტადიონი გავაკეთოთ, თუ არა და, ვიდეოკამერის ყიდვას ვაპირებთ”.

ახალციხის პირველ საჯარო სკოლას თანხა 77-მა კურსდამთავრებულმა გადაურიცხა.

“12 აპრილის მონაცემებით სკოლის ანგარიშზე 5 000 ლარამდეა გადმორიცხული”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი და განმარტავს, რომ განათლების სამინისტროს თანხმობის შემდეგ გადმორიცხულ თანხას შესაბამისად დახარჯავენ.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროს უკვე გადაეგზავნა მათი პრიორიტეტები: “გათბობის სისტემის რეაბილიტაციას ვგეგმავთ. მთლიანი სკოლას ეს თანხა არ ეყოფა, ამიტომ, პირველ ეტაპზე, გათბობას მეორე კორპუსში დავამონტაჟებთ, სადაც დაწყებითი კლასები სწავლობენ”.

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაც მცირეკონტიგენტიან სკოლათა რიცხვს მიეკუთვნება. აქ 261 ბავშვი სწავლობს. დირექტორი ზაზა თამარაშვილი ამბობს, რომ ამჟამად სკოლას კრიზისული პერიოდი აქვს: “მეექვსე სკოლა 15 წელია რაც არსებობს. კურსდამთავრებულების ნაწილი ჯერ სტუდენტია, ზოგი კი ძალიან ახალგაზრდაა, ამიტომ არავინ შეგვიწუხებია. საკუთარი ინიციატივით გადმორიცხული თანხა 500 ლარს შედაგენს, ამით მხოლოდ სკოლის შემოღობვას შევძლებთ”.

მისივე განმარტებით, დეფიციტურ სკოლებს სახელმწიფო მეტ ყურადღებას უნდა აქცევდეს: “როგორც ცნობილი გახდა, თბილისის პირველ საჯარო სკოლაში 10 000 ლარამდე თანხა ჩაირიცხა. ეს კარგია, თუმცა მეტი ყურადღება მაინც მცირეკონტიგენტიან სკოლებს სჭირდებათ”.    

სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ წარმატებული პედაგოგები ბევრი ჰყავთ, თუმცა, იმ მცირე თანხით, რომელიც ამ სკოლებს ჩაერიცხათ, მათ დახმარებას ვერ შეძლებენ. როგორც განათლების მინისტრი ამბობს, პროექტი შედგა, თუმცა რეალურად შედგა თუ არა პროექტი რეგიონებში, ეს უკვე სხვა საკითხია.

მანანა სარაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი